ანგუს კლაუდის დედის თქმით, მსახიობს სიცოცხლე სუიციდით არ დაუსრულებია

ანგუს კლაუდის დედის თქმით, მსახიობს სიცოცხლე სუიციდით არ დაუსრულებია

ეიფორიის ვარსკვლავი ანგუს კლაუდი 31 ივლისს 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა აქტიურად ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მსახიობმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, რადგან სიკვდილამდე 1 კვირით ადრე მამა დაეღუპა.

კლაუდის დედამ სოციალური ქსელით ეს ინფორმაცია უარყო. მან მსახიობის სიცოცხლის ბოლო დღეც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ანგუსი მომავლის გეგმებს სახავდა და აპირებდა, დებისთვის კოლეჯში სწავლაში ფინანსურად ხელი შეეწყო.

"მეგობრებო, მინდა იცოდეთ, რომ თქვენს სიყვარულს ჩემი ოჯახის მიმართ ამ რთულ დროს ძალიან ვაფასებ. ასევე, მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანგუსი მამამისის გარდაცვალებას გლოვობდა, მისი სიცოცხლის ბოლო დღე მართლაც კარგი იყო.

დღის ბოლოს ვთქვით, როგორ გვიყვარს ერთმანეთი და ტკბილი ძილი ვუსურვეთ. ანგუსმა მითხრა, რომ დილას მნახავდა. არ ვიცი, ამის შემდეგ რამე შეიყვანა თუ არა თავის ორგანიზმში, მხოლოდ ის ვიცი, რომ იმ მაგიდაზე, რომელზეც პროექტზე მუშაობდა, თავი ჩამოდო, ჩაეძინა და აღარ გაუღვიძია. შეიძლება მომავალში გავიგოთ, რომ ტრაგიკულად ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა, მაგრამ ის ცალსახაა, რომ მას სიკვდილი არ სდომებია", — წერს ლიზა კლაუდი.

კლაუდი ბოლო ინტერვიუებში მომავალ პროექტებზე აღფრთოვანებით საუბრობდა, თუმცა იმასაც ამბობდა, რომ ჰოლივუდურ წარმატებაზე მეტად გარკვეული დროის შემდეგ მშობლიურ მხარეში დაბრუნება უნდოდა.

მსახიობის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში კომპანია HBO და ეიფორიის ქასთი გამოეხმაურა. მათ ოჯახს მიუსამძიმრეს და თქვეს, რომ ანგუსი ძალიან მოენატრებათ.