ყველგან სადაც ფაქტობრივი ფიზიკური და ბუნებრივი მდგომარეობა იძლევა შესაძლებლობას, რომ მუშაობა მიმდინარეობდეს, საკმარისზე მეტი რესურსია მობილიზებული და [მუშაობა] მიმდინარეობს,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ეს არის მთელი ერის ტრაგედია. მასშტაბიც არის გამაოგნებელი, შემაძრწუნებელი. ძალიან ძნელია იმის წარმოდგენაც კი, თუ რა მასშტაბის კატასტროფასთან გვაქვს საქმე. იშვიათად შეიძლება ნანახი ან გაგონილი გქონდეს ასეთი მასშტაბის ტრაგედია. ახლა ნომერ პირველი საკითხი საძიებო სამუშაოებია, რომ იქნებ ვინმე ცოცხალი იყოს ან ცხედრები აღმოაჩინონ და ეს პროცესი მიმდინარეობს. რაც დავაკვირდით მოვლენებს, არ არსებობს შესაძლებლობა, რომელიც არ არის გამოყენებული. ყველგან, სადაც ფაქტობრივი ფიზიკური და ბუნებრივი მდგომარეობა იძლევა შესაძლებლობას, რომ მუშაობა მიმდინარეობდეს, საკმარისზე მეტი რესურსია მობილიზებული. გზადაგზა ჩნდება ახალი შესაძლებლობები. ვფიქრობ, ამ კუთხით მუშაობა სრულფასოვნად მიმდინარეობს“,- აღნიშნა სარჯველაძემ.