მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კათოლიკოს-პატრიარქს ამ უდიდესი, გამორჩეული დღესასწაულისთვის და ასევე, მადლობა ქართველ ხალხს, ჩვენს ერს იმ ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის ოჯახური ტრადიციული ღირებულებების მიმართ - ეს იყო დემონსტრირება ქვეყნის ერთსულოვნების, ერისა და ბერის ერთად დგომის. ეს იყო გამორჩეული გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა 17 მაისის, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამ დღეს გამართულ ღონისძიებას მხოლოდ მცირე ჯგუფი არ შეუერთდა.
„ოჯახი არის სახელმწიფოს ქვაკუთხედი. ეს ყველაზე კარგად იცის ქვეყნის კათალიკოს-პატრიარქმა და სწორედ ამიტომ, დღე, რომელიც მავანს სურდა, რომ ყოფილიყო განხეთქილების, გახლეჩის დღე, რომ ყოფილიყო უკუღმართი პროპაგანდის ამსახველი დღე, პირიქით, მათ მიიღეს ერთიანობის, ერთად დგომისა და ტრადიციებისადმი გამორჩეული ერთგულების დღე. ეს არის სწორედ ის, რაც ნამდვილად მისალოცია ჩვენი ხალხისთვის“, - განაცხადა მათიკაშვილმა.