ასტრონომები აკვირდებიან, როგორ უახლოვდება დედამიწას დიდი ასტეროიდი, რომლის დაჯახების სიმძლავრე ათასჯერ მეტი იქნება, ვიდრე 1945 წელს ხიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის აფეთქება იყო.
2013 DA14 ჩვენს პლანეტას ძალიან ახლოს – 27,7 ათასი კილომეტრ მანძილზე ჩაუვლის. ტრაექტორია გამოთვლილია და ის დედამიწასა და მის ერთ-ერთ ხელოვნურ თანამგზავრს შორის მშვიდობიანად გაივლის საათში 35,8 ათასი კილომეტრი სიჩქარით. 33 საათის განმავლობაში ასტეროიდი ჩვენი პლანეტისგან ისე ახლოს იმოძრავებს, რომ მასზე დაკვირვება სამოყვარულო ტელესკოპით იქნება შესაძლებელი.
2013 DA14-ის დიამეტრი 45 მეტრია, წონა კი – 130 ათასი ტონა. მახასიათებლებით ის ტუნგუსკის მეტეორიტს მოგვაგონებს, რომლის დიამეტრი მხოლოდ 40 მეტრი იყო. ის 1908 წელს ციმბირში, კრასნოიარსკის მხარეში ჩამოვარდა და 1 200 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე გაანადგურა სიცოცხლე.
ანალოგიური ციური სხეულები გახდა დინოზავრების გადაშენების მიზეზი. როგორც „ნასას“ ექსპერტები ამბობენ, მსგავს ასტეროიდებს დედამიწა 40 წელიწადში ერთხელ „ხვდება“ და მხოლოდ 1 200 წელიწადში ერთხელ ეჯახება. თუმცა, შეჯახების სიმძლავრე ისეთი დიდიც არ არის, რომ დედამიწაზე რაიმე სერიოზული გავლენა მოახდინოს ან მისი მოძრაობის ტრაექტორია ოდნავ მაინც შეცვალოს.