კლუბში პიკეს ჯერ შაკირას სახელის ძახილით შეხვდნენ, მერე კი

კლუბში პიკეს ჯერ შაკირას სახელის ძახილით შეხვდნენ, მერე კი "ვაკა ვაკა" უმღერეს

სულ ახლახან ესპანელი ყოფილი ფეხბურთელი ჟერარდ პიკე თავისი დაფუძნებული საფეხბურთო ლიგის გასართობ ღონისძიებას მადრიდის ერთ-ერთ კლუბში ესწრებოდა. თუმცა, როცა პიკემ კლუბში მყოფი ფანებისთვის მიმართვა მოიწადინა და ხელში მიკროფონი აიღო, დამსწრეებმა სპორტსმენის ყოფილი ცოლისა და კოლუმბიელი მომღერლის, შაკირას, სახელის ძახილი დაიწყეს.

კლუბი მგრგვინავმა შეძახილებმა ისე მოიცვა, რომ, როგორც გამოცემა Hola! წერს, გაოცებულ პიკეს საკუთარი ხმაც კი აღარ ესმოდა. ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეომასალა კი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

მართალია, ადგილზე სიტუაცია მალევე ჩაწყნარდა და ყოფილმა ფეხბურთელმაც მოახერხა, სიტყვით მიემართა დამსწრეებისთვის, მაგრამ მთავარი ჯერ წინ იყო — კლუბში შაკირას მსოფლიო ჰიტი Waka Waka ჩაირთო და სიმღერას ყველა ერთხმად აჰყვა. საინტერესო ამბავი ისაა, რომ, გავრცელებული ცნობით, შაკირასა და პიკეს რომანტიკული ურთიერთობა 2010 წელს სწორედ ამ სიმღერით დაიწყო.

სხვათა შორის, არცთუ დიდი ხნის წინ, ესპანური გამოცემა El Nacional of Catalonia იმასაც იუწყებოდა, რომ ანდორის ერთ-ერთ კლუბში მყოფმა პიკემ დიჯეის სთხოვა, შაკირას სიმღერა არ დაეკრათ.

შაკირა და პიკე ერთმანეთს 13 წლის წინ შეხვდნენ, როცა ფეხბურთელი მსოფლიო თასისთვის კოლუმბიელი ვარსკვლავის სიმღერაზე გადაღებულ კლიპში მონაწილეობდა. მათ ორი საერთო შვილი — მილანი და საშა — ჰყავთ. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ვარსკვლავური წყვილი შარშან ზაფხულს დაშორდა.

შაკირას და პიკეს ურთიერთობის დასრულებას მსოფლიო მედიის გამძაფრებული ყურადღება ერთოდა თან. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მომღერალმა გამოუშვა სიმღერა, რომელშიც ყოფილ პარტნიორს დასცინის.

შაკირასთან დაშორების შესახებ რამდენიმე თვის წინ პიკემაც ისაუბრა. ფეხბურთელის თქმით, ახლა მისი, "როგორც მამის, მოვალეობა შვილების დაცვაა".

"პრობლემა ისაა, თუ როგორ აღიქვამს ხალხი რაღაცებს და როგორ ფუთავს მედია ამას", — აღნიშნავს პიკე, — "ისევ იმას ვაკეთებ, რაც მინდა; საკუთარი თავის ერთგული ვრჩები და არ ვაპირებ, ფული სახელის გაწმენდას დავახარჯო".