ცოტა ხნის წინ, პოპვარსკვლავ ლიზოს ყოფილმა მოცეკვავეებმა სექსუალური შევიწროების, ბოდიშეიმინგისა და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის ბრალდებით უჩივლეს.
მომღერალმა რამდენიმედღიანი დუმილი დაარღვია და ბრალდებები უარყო. მან მოცეკვავეების ისტორიებს "შეთხზული ამბები" უწოდა. ლიზოს თქმით, ყოფილმა მოცეკვავეებმა თავადვე აღიარეს, რომ მუშაობისას შენიშვნებს არაპროფესიონალური და შეუფერებელი ქცევების გამო იღებდნენ. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ თავისი საქმის იდეალურად შესასრულებლად ზოგჯერ რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევს, რაშიც სავარაუდოდ, მათი სამსახურიდან გაშვება იგულისხმა.
"არ მინდა, თავი მსხვერპლად მოგაჩვენოთ, თუმცა ვიცი, რომ ის ბოროტმოქმედი არ ვარ, რომელზეც მედია ეს დღეებია საუბრობს", — წერს მომღერალი.
ლიზომ კონკრეტული ბრალდებებიდან თითქმის არც ერთს უპასუხა და მხოლოდ ის თქვა, რომ მისი მიზანი არასდროს ყოფილა, გუნდის რომელიმე წევრს თავი ნაკლებად მნიშვნელოვნად ან არაკომფორტულად ეგრძნო. მან მხოლოდ ბოდიშეიმინგის თემაზე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ როგორც ქალმა, კარად იცის, რას ნიშნავს სხეულის გამო გარცხვენდნენ და ამას სხვა ქალს არასდროს გაუკეთებდა.
მოსარჩელე მოცეკვავეები ამბობენ, რომ ლიზოს გამოხმაურებით გულნატკენები არიან, რადგან მომღერალმა კარგად იცის, სინამდვილეში რა ხდებოდა.
"სანამ გუნდიდან არ წამოვედი, მანამდე იმის აღიარებაც კი მიჭირდა, რომ რაც გადამხდა, ნორმალური არ იყო. საკუთარ თავს ვეუბნებოდი ხოლმე, მუსიკის ინდუსტრია ასეთია, ეს ლიზოა, უნდა შეეჩვიო, რომ უბრალოდ ასე მოგექცევიან-მეთქი", — აღნიშნავს ერთ-ერთი მოცეკვავე.
მოსარჩელეების ადვოკატი კი ამბობს, რომ ბრალდებებზე მსგავსი პასუხით ლიზო ყოფილი თანამშრომლების ტრავმის მინიმალიზაციას ცდილობს.
სარჩელის გახმაურების შემდეგ, მომღერალთან უარყოფით სამუშაო გამოცდილებაზე მისმა სხვა ყოფილმა დასაქმებულებმაც დაიწყეს საუბარი და მოცეკვავეებს მხარი დაუჭირეს. მაგალითად, თავის ისტორიაზე რეჟისორმა, სოფია ნალი ელისონმაც ისაუბრა. მისი თქმით, 2019 წელს ლიზოს დოკუმენტური ფილმის გადაღება შესთავაზეს, რაზე სამუშაოდაც ტურზე ლიზოსთან ერთად წავიდა, თუმცა ორი კვირის შემდეგ სამსახურზე უარი თქვა. ამის მიზეზად რეჟისორი არტისტის მხრიდან უპატივცემულო დამოკიდებულებას ასახელებს. სოფია მომღერალს "ამპარტავანს, ეგოცენტრულსა და ბოროტს" უწოდებს.