როგორ იძინებენ ჟირაფები ამსიგრძე კისრებით? 

როგორ იძინებენ ჟირაფები ამსიგრძე კისრებით? 

მტაცებელი ცხოველებისაგან თავდასაცავად ჟირაფებს ფეხზე მდგარს სძინავთ. ძილის ზოგიერთი ფაზისას დგომა შეუძლებელია, ამიტომ გრძელი კისრის გამო მათ საკმაოდ უცნაურ პოზაში უწევთ ხოლმე მოთავსება.

ჟირაფები უზარმაზარი ცხოველები არიან — მათი სიმაღლე 4.8-5.5 მეტრამდე მერყეობს — თუმცა ლომებისგან თავდასაცავად ეს საკმარისი მაინც არაა. სწორედ ამიტომ, მათ ძილის ყაიდაც შემდეგნაირად ჩამოუყალიბდათ: სძინავთ ცოტა ხანს და ისეთ პოზაში, რომ საფრთხისაგან გასაქცევად მუდამ მზად იყვნენ.

ჟირაფებს ბევრი ნამდვილად არ სძინავთ. ამას ისინი 24-იდან მხოლოდ დაახლოებით ოთხ საათს უთმობენ. ეს დრო 5-წუთიან მონაკვეთებადაა დაყოფილი, რადგან მტაცებლისაგან თავდასაცავად დიდხანს მოდუნება არ იქნება მოგებიანი. ასევე ხდება ცხენების შემთხვევაშიც.

მიუხედავად ამისა, ძილის ერთ-ერთ ფაზაში, თვალის სწრაფი მოძრაობის (REM) ფაზაში, დაწოლა მაინც საჭიროა.

როგორც წესი, ჟირაფები ფეხზე მდგომები იძინებენ — ეს მოსვენების ყველაზე უსაფრთხო გზაა. ზოგჯერ ისინი სხდებიან კიდეც. მიუხედავად ამისა, REM ძილის დროს, რომელიც დაახლოებით ერთ წუთს გრძელდება, ეს ცხოველები ზოგჯერ თავის დაჭერის უნარს კარგავენ. ამის გამო მას ზოგჯერ ზურგზე იდებენ ან გვერდით ხრიან და კისრით S ფორმას ქმნიან — შეიძლება ითქვას, საკუთარ თავს ბალიშად იყენებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ძილის REM ფაზა მახსოვრობისა თუ დასწავლის კუთხით, ასევე ჯანმრთელობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

ლოგიკურია, ამსიგრძე კისრით მიწაზე მოკალათება მარტივი არ იქნება. შესაბამისად, ამ ცხოველებს წოლა მხოლოდ ძილის ერთი ფაზისას სჭირდებათ.

ხშირად გაიგონებდით, რომ ჟირაფებს გრძელი კისრები იმიტომ განუვითარდათ, რომ კონკურენტ სახეობებთან შედარებით უკეთ მისწვდომოდნენ ფოთლებს.

კვლევას თუ დავუჯერებთ, ეს სხვაგვარად აიხსნება: ჟირაფთა გადაშენებული სახეობა Discokeryx xiezhi კისერს ტარანის მსგავსად იყენებდა და ასე იბრძოდა. მიჩნეულია, რომ ამ ტიპის ბრძოლამ კისერი გააძლიერა, შედეგად კი მისი დაგრძელების ევოლუციური საჭიროება წარმოიშვა.

მსგავს ქცევას თანამედროვე ჟირაფებიც მიმართავენ — მამრები მდედრისათვის ერთმანეთს კისრებით ებრძვიან. შესაბამისად, გრძელი კისერი ამ ცხოველებში ხანმოკლე ძილს განაპირობებს, თუმცა დანიშნულება ნამდვილად აქვს.