ცოტა ხნის წინ, პოპვარსკვლავ ლიზოს ყოფილმა მოცეკვავეებმა სექსუალური შევიწროების, ბოდიშეიმინგისა და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის ბრალდებით უჩივლეს.
ამის შემდეგ, მომღერალთან უარყოფით სამუშაო გამოცდილებაზე მისმა სხვა ყოფილმა დასაქმებულებმაც დაიწყეს საუბარი. მაგალითად, კიდევ ერთმა მოცეკვავემ, კორტნი ჰოლინკესტმა, მოცეკვავეებს მხარი ინსტაგრამის სთორით დაუჭირა.
"დავაზუსტებ, რომ ერთ-ერთი მოსარჩელე არ ვარ, მაგრამ ლიზოსთან მუშაობისას მეც მსგავსი გამოცდილება მქონდა. ჩემი მხარდაჭერა მოცეკვავეებს, რომლებმაც გაბედეს, რომ ამაზე ლაპარაკი დაეწყოთ", — წერს ის.
კორტნის სთორი ლიზოს კიდევ ერთმა დასაქმებულმა, ქუინ უილსონმა, გადააზიარა და თქვა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მუსიკალურ სამყაროს ჩამოშორდა, სწორედ ლიზოსთან მიღებული უარყოფითი გამოცდილებაა.
"კორტნის სიტყვებს გავიმეორებ. ამ სამყაროს ნაწილი უკვე სამი წელია აღარ ვარ და ამას თავისი მიზეზი აქვს. ტაშს ვუკრავ მოცეკვავეების გამბედაობას, რომელთაც მათი ისტორიები დღის სინათლეზე გამოიტანეს. დღემდე ვწუხვარ და ვგლოვობ საკუთარი მსგავსი გამოცდილების გამო. მადლიერი ვიქნები, თუ ჩემს ემოციებთან მარტო ყოფნის საშუალებას მომცემთ", — აღნიშნავს ის.
თავის ისტორიაზე რეჟისორმა, სოფია ნალი ელისონმაც ისაუბრა. მისი თქმით, 2019 წელს ლიზოს დოკუმენტური ფილმის გადაღება შესთავაზეს, რაზე სამუშაოდაც ტურზე ლიზოსთან ერთად წავიდა, თუმცა ორი კვირის შემდეგ სამსახურზე უარი თქვა. ამის მიზეზად რეჟისორი არტისტის მხრიდან უპატივცემულო დამოკიდებულებას ასახელებს. სოფია მომღერალს "ამპარტავანს, ეგოცენტრულსა და ბოროტს" უწოდებს.
"შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ უკანმოუხედავად გავქცეულიყავი და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ასეც მოვიქეცი. ამ ბრალდებების წაკითხვამ გამააზრებინა, რეალურად რამდენად საშიშ სიტუაციაში მოვხვდი. ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მსგავსი შემთხვევები, სამწუხაროდ, ზედმეტად ხშირია. მოცეკვავეებს ჩემს სიყვარულსა და მხარდაჭერას ვუგზავნი", — წერს სოფია.
სამივე მოცეკვავე, რომელიც ლიზოს უჩივის, მომღერალთან 2021 წლიდან მუშაობდა. მოგვიანებით, ორი მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მესამე კი, თავადვე წამოვიდა. ლიზოს სარჩელთან დაკავშირებით ჯერჯერობით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.