სააკაშვილი ალასანიასაც გადასწვდა

სააკაშვილი ალასანიასაც გადასწვდა

საქართველოს პრეზიდენტის მტკიცებით, ვიცე-პოლკოვნიკი ალეკო ტუღუში, რომელიც ფარეხში ცხოვრობს, თავდაცვის სამინისტროდან „მოიშორეს“. ქვეყნის პირველი პირი ტუღუშის პრობლემებს დღესაც გამოეხმაურა და ირაკლი ალასანიას უწყების განცხადებაში, რომ სამინისტრომ ტუღუშის ბინით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთი კვირის წინ მიიღო, ეჭვი შეიტანა.

„ჩემი განკარგულება იყო, რომ საქართველოში ყველა ოფიცერს, განურჩევლად იმისა, დაჭრილია ის თუ არა, დამსახურების მიხედვით მიეღო ბინა, ამისთვის აეროპორტის გზაზე კორპუსები ავაშენეთ და ეს, რა თქმა უნდა, არ არის პიარი. ეს ბინები არსებობს და ეს ბინები უნდა დაამთავრონ. როცა ტუღუში ამერიკიდან ჩამოვიდა, სექტემბრის დასაწყისში, ის მივიდა თავდაცვის სამინისტროში და ის მოიშორეს, უთხრეს, დაწერე პატაკი ბინაზე და წადიო. დაწერა პატაკი, დატოვა, როგორც ყველას ატოვებინებენ.

მხოლოდ გუშინ, ეს ამბავი რომ ატყდა, თავდაცვის სამინისტრომ (უკანა რიცხვით) თქვა, რომ პატაკი ერთი კვირის წინ დავუკმაყოფილეთო. ეს არის ის თავდაცვის მინისტრი, რომელმაც გააჩერა ბინების მშენებლობა. მე ვფიქრობ, რომ მომავალში მათ მართებთ თავის შეკავება შეურაცხყოფისგან, მით უმეტეს გმირი ოფიცრების მისამართით. ტუღუშმა სისხლი დაღვარა და თავისი ჯანმრთელობა შესწირა საქართველოს. მე ვფიქრობ, ესაა უწესიერესი ადამიანი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, რომელმაც ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქების შედეგად კიდურები დაკარგა, სამშობლოში მუხათგვერდის სასაფლაოს გვერდით ავტოფარეხში ცხოვრობს. მიხეილ სააკაშვილმა მერიას გუშინ მისი ბინით უზრუნველყოფისკენ, თავდაცვის სამინისტროს კი დასაქმებისკენ მოუწოდა.

ირაკლი ალასანიას უწყება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტუღუშს ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობა უკავია და ამ პოსტზე მისი ხელფასი საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს.

ამასთან, თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ ვიცე-პოლკოვნიკს დაწერილი აქვს პატაკი ბინით უზრუნველყოფის შესახებ და მისი ბინით დაკმაყოფილების გადაწყვეტილება სამინისტროს შესაბამისმა კომისიამ ერთი კვირის წინ უკვე მიიღო. გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს არა მარტო ბინების გადაცემა დაჭრილი სამხედროებისთვის, არამედ ამ ბინების ადაპტირებაც.

„ალექსანდრე ტუღუში სადაც მიიღებს ბინას, მან ეს ძალიან კარგად იცის, იცის ფართიც და ისიც, როდის უნდა მიიღოს, როდის იქნება ბინა გადასაცემ მდგომარეობაში. არამარტო ბინების გადაცემაა გათვალისწინებული, არამედ ამ ბინების ადაპტირებაც მათი ფიზიკური მოთხოვნების შესაბამისად. ეს ყველაფერი მიმდინარე პროცესია და ძალიან მოკლე ხანში ყველა ეს პიროვნება მიიღებს ბინას“, - აღნიშნა ვატანგ კაპანაძემ. 

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სამინისტროში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ტუღუშს ბინა უნდა მიეღო. მისივე თქმით, ამ საკითხზე მუშაობა უწყებაში ახალი ხელმძღვანელობის მისვლის შემდეგ დაიწყო.

რა პრობლემების წინაშე დგას ტუღუში, რეალურად როგორია მისი ფაქტობრივი მდგომარეობა?

თამარ ქაროსანიძე: რამდენიმე საკითხზე ისაუბრა პრეზიდენტმა და შემდეგ მისმა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. ერთია ის, რომ თითქოს, ტუღუში არის უმუშევარი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ის დაახლოებით 5 თვის წინ დაინიშნა აშშ-ში ჩვენი ატეშეს თანაშემწედ. ხელფასს რაც შეეხება, ეს არის კონფიდენციალური, მაგრამ ამ ხელფასით ბატონი ტუღუში არაა უკამყოფილო. ის ამერიკაში მუშაობს და მუშობს იმიტომ, რომ პარალელურად, ის მკურნალობს. აუცილებელია, რომ ის იყოს ამერიკაში და მკურნალობის კურსი დაასრულოს.

რაც შეება საცხოვრებელი ბინის საკითხს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, აცხადებს, რომ სამინისტროში არსებობდა მისი ბინით დაკმაყოფილების საკითხი, რაც მისივე თქმით შეაჩერა ირაკლი ალასანიამ...

- ირაკლი ალასანიას არ შეუჩერებია არანაირი ბრძანება ტუღუშის ბინით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. ვინაიდან, ასეთი ბრძანება არ ყოფილა. ასეთი ბრძანება რომ ყოფილიყო, მითუმეტეს, არ შეაჩერებდა. არანაირი ოფიციალური დოკუმენტი, წინა ხელმძღვანელობის დროს გამოცემული თავდაცვის სამინისტროში არ არსებობს, სადაც ეწერებოდა, რომ ბინით უნდა დაკმაყოფილებულიყო ტუღუში. გარდა ამისა, ჩვენ დაგვხდა სია იმ სამხედრო მოსამსახურებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების, რომელთაც უნდა გადაცემოდა ვარკეთილში არსებული ბინები, იმ სიაშიც არ იყო ტუღუში.

ვარკეთილში მდებარე ბინების მშენებლობა შეჩერებულია?

- არა. მშენებლობა შეჩერებული არაა და ეს არ შეესაბამება სიმართლეს.

ანუ, წინა ხელისუფლების დროს ტუღუშის ბინით უზრუნველყოფის შესახებ არავითარი დოკუმენტი არ არსებობდა თავდაცვის სამინისტოში?

- არა. არ არსებობს არც ერთი საბუთი თავდაცვის სამინისტროში, ყოფილი მინისტრის დროს გამოცემული, რომლითაც დასტურდება, რომ ტუღუშს უნდა მიეღო ბინა ან ამ საკითხზე დაწყებული იყო მუშაობა. გარდა ამისა, ის არ არის არც ერთ მომლოდინეთა სიაში. ტუღუშის ბინაზე მუშაობა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც ის ჩამოვიდა შვებულებით ამერიკიდან.

ჩვენ ვთხოვეთ მას დაეწერა პატაკი ბინასთან დაკავშირებით, რათა ოფიციალურად მოწესრიგებულიყო საბუთები. 9 სექტემბერს დაწერა მან პატაკი და 10 სექტემბერს გაიმართა სხდომა, რომელზეც მისი ბინით უზრუნველყოფის საკითხი გადაწყდა.

ბინების განაწილებასთან დაკავშირებით იყო სერიოზული პრობლემები, რადგან არ იყო დადგენილი ობიექტური კრიტერიუმები, რის საფუძველზეც გადანაწილდებოდა ბინები.
ასეთი კრიტერიუმები დღეს უკვე არის, პირველ რიგში, პრიორიტეტი ენიჭებათ დაღუპული სამხედროების ოჯახებს, შემდეგ მძიმედ დაჭრილ სამხედროებს, შემდეგ კი ბინები გადანაწილდება ნამსახურობის მიხედვით.

რაც შეეხება თავად ტუღუშის განცხადებას, ის ამბობს, რომ ჩამოვიდა იმისათვის, რომ მოაგვაროს 9 დაჭრილი სამხედრო მოსამსხურის პრობლემები, ისინი აშშ-ში სასტუმროში ცხოვრობენ და მისივე განმარტებით სამინისტრო არ უხდის ქირის თანხას 80 აშშ- დოლარს. ქალბატონო თამარ, სწორია ეს ინფორმაცია?

- არა. ამ თანხების გადახდის ვალედებულება აქვს თავდაცვის სამინისტროს და სამინისტრო ამ თანხებს იხდის. რამდენიმე შემთხვევა იყო თანხის გადახდის დაგვიანების და ამ საკითხზე იყო მინისტრთან საუბარი. ამ შეხვედრას ესწრებოდა ტუღუში და მათ შორის პასუხისმგებელი პირები, იქვე მოხდა ამ პრობლემის გადაჭრა. ამის შემდეგ ტუღუშს დაევალა, რომ მუდმივ კონატქტში იყოს იმ სამხედროებთან, რომლებიც აშშ-ში იმყოფებიან და ავტომატურ რეჟიმში მიაწოდოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია იმის შესახებ, რა პრობლემები აწუხებს სამხედროებს.

ზოგადად, რამდენად მართებულია ქვეყნის პირველი პირისგან ამ თემებით აპელირება?

- განსაკუთრებით სამწუხაროა, როდესაც დაჭრილი სამხედროების ბედით სპეკულირება ხდება მთავარსარდლის მხრიდან. როგორც გითხარით, ბატონი ტუღუში დასაქმებულია 5 თვეა და ის თავდაცვის უწყების თანამშრომელია. პრეზიდენტს ან ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, ან მას უნდოდა ასეთი განცხადების გაკეთება და გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადების გაკეთების საფუძველი არ არსებობს.