ცოტა ხნის წინ ლას-ვეგასის პოლიციაში ერთ-ერთმა მსმენელმა საჩივარი შეიტანა, რომელშიც აცხადებს, რომ 2023 წლის 29 ივლისს კონცერტზე ყოფნისას სცენიდან ნასროლი ნივთი მოხვდა. პოლიციის დეპარტამენტს მომღერალი Cardi B არ უხსენებია, თუმცა საერთაშორისო მედიები ვარაუდობენ, რომ საჩივარი სწორედ მის წინააღმდეგაა შეტანილი.
ამ ვარაუდის საფუძველს ის ვიდეო იძლევა, რომელიც ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ 29 ივლისს გამართულ კონცერტზე Cardi B-ს მსმენელმა სასმელი შეასხა, რის შემდეგაც მომღერალმა სცენიდან მიკროფონი ესროლა.
აღსანიშნავია, რომ ამ კადრების შემდეგ ინტერნეტში კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელიც აშკარად ქარდის იმავე კონცერტიდანაა. ვიდეოში მომღერალი და დიჯეი მსმენელებს სთხოვენ, ქარდის წყალი შეასხან, რადგან ძალიან ცხელა. უცნობია, ეს ვიდეო ინციდენტამდეა გადაღებული და ინციდენტის შემდეგ.
ბოლო პერიოდია შემთხვევები, როდესაც კონცერტზე არტისტებს ფანები ნივთებს ესვრიან, ძალიან გახშირდა, რაც რიგ შემთხვევებში მომღერლების მცირედ დაზიანებასაც იწვევს. მაგალითად, დრეიკს ფანმა ელექტრონული სიგარეტი ესროლა, Bebe Rexha-ს დამსწრემ სახეში ტელეფონი გაარტყა, P!nk-ს გულშემატკივარმა გარდაცვლილი დედის ფერფლი შეაყარა, კელსი ბალერინს სიმღერის შეწყვეტა მოუწია, რადგან ფანის მიერ ნასროლი საგანი მოხვდა, ჰარი სტაილსს კი დამსწრის მიერ ნასროლი გაურკვეველი ობიექტი თვალთან ახლოს მოხვდა.