პოპვარსკვლავი ტეილორ სვიფტი აშშ-ში ერას ტურის ბოლო შოუს 9 აგვისტოს გამართავს. ამის შემდეგ მომღერალი ტურნეს სამხრეთ ამერიკასა და სხვა კონტინენტებზე გააგრძელებს.
ამერიკის ნაწილის დასრულების აღსანიშნად სვიფტმა ტურის ყველა თანამშრომელს ბონუსი გადასცა, მათ შორის არიან, სატვირთოების მძღოლები, რომელთაც თვეების განმავლობაში სცენის კონსტრუქცია და კონცერტისთვის საჭირო აპარატურა შტატიდან შტატში გადაჰქონდათ.
ტეილორმა დაახლოებით 50-მდე მძღოლიდან თითოეულს $100,000-ის ოდენობის ბონუსი გამოუწერა. ამაზე CNN-თან სატვირთო კომპანიის ხელმძღვანელმაც ისაუბრა.
"სტანდარტული ბონუსი დაახლოებით $5000-ს შეადგენს, ამიტომ ამ რაოდენობის თანხა ჩვენთვის დაუჯერებელი იყო. ეს მძღოლები მუდმივად გზაში არიან. მათ დღის განმავლობაში სძინავთ და ღამე მუშაობენ.
ტეილორის ტურისთვის მძღოლებს სახლისა და ოჯახის დატოვება 24 კვირით მოუწიათ. ეს თანხა მათ ბინის ყიდვის ან შვილისთვის უნივერსიტეტის გადასახადის დაფარვის საშუალებასაც კი აძლევს", — აღნიშნავს ის.
ხელმძღვანელის თქმით, ტეილორის ოჯახი მძღოლების მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო, რამდენიმე დღის წინ კი, ერთ-ერთ შეხვედრაზე მოულოდნელად ტეილორის მამამ, სკოტ სვიფტმა მძღოლებს ტეილორის ხელით დაწერილი სამადლობელი წერილები და ბონუსები გადასცა. თანამშრომლებმა თავიდან ამხელა თანხა ხუმრობად ჩათვალეს.
"მადლობა ერას ტურზე არაჩვეულებრივად შესრულებული სამუშაოსთვის. შენი დამსახურებული ბონუსია $100,000. სიყვარულით, ტეილორი", — წერს მომღერალი მძღოლებს.
მომღერალმა სულ $55 მილიონი დოლარის რაოდენობის ბონუსები გასცა და ყველა თანამშრომელი დაასაჩუქრა — მისი მომღერლებითა და მოცეკვავეებით დაწყებული, ხმის ინჟინრებითა და ფოტოგრაფებით დამთავრებული.