საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს აშკარად უიღბლო პერიოდი აქვს. ჯერ იყო და, სახალხო დამცველმა ყველაზე მკაცრად სწორედ მისი უწყება გააკრიტიკა, მერე კი პირდაპირ შარში გაეხვია.
შარია, აბა, რა, ოპოზიციის ყბაში რომ ჩავარდები და მისი დასაცინი გახდები? ჯერ ლევან გაჩეჩილაძემ, შემდეგ კი საჩხერელმა რესპუბლიკელებმა ასეთი ამბავი გაავრცელეს: იმერეთში ჩასული მინისტრი მასპინძლებს აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში წაუყვანიათ. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მინისტრს სურვილი გამოუთქვამს, ბარემ აკაკის საფლავზეც გამიყვანეთ, ყვავილებს დავაწყობო.
ისე, რა არის სასაცილო? მინისტრმა ლოგიკურად ივარაუდა, რომ ადამიანის საფლავი იქ უნდა იყოს, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ეგრე სადაა, ყველა დიდ ადამიანს მთაწმინდაზე რომ მიარბენინებთ. რა ქნას კალმახელიძემ? საფლავების მინისტრი კი არაა! მას პატიმრების კარგად მოვლა ევალება და არა საფლავების ადგილმდებარეობის ცოდნა, თან საზღვარგარეთ აქვს განათლება მიღებული, ქუთაისის გიმნაზიაში კი არა!