ცოტა ხნის წინ ჯორჯ მარტინმა ფანებს სასიხარულო ამბავი შეატყობინა! არა, ახალი წიგნის იმედი ნუ გექნებათ — ის და მისი ცოლი ბარბის სანახავად წავიდნენ! ამ დღისთვის მწერალი სპეციალურად გამოეწყო კიდეც!
"ჩემს საყვარელ ცოლთან ერთად ბარბის სანახავად ვიყავი. მისი თქმით, ვარდისფერი ჩემი ფერია", — წერს მარტინი.
ცხადია, ფანებმა შანსი გამოიყენეს და მწერალს შეახსენეს, რომ საკულტო საგის, ყინულისა და ცეცხლის სიმღერის, მეექვსე წიგნს, ზამთრის ქარებს, უკვე ათ წელზე მეტია ელიან. მარტინმა საგის ბოლო ნაწილი 2011 წელს გამოუშვა.
მწერალმა სულ ბოლოს, გასული წლის მიწურულს გვამცნო, რომ საგის ამ ნაწილის დასრულებას კიდევ "400 თუ 500 გვერდი" უკლია. ისე კი, მარტინი ჯერ კიდევ სამი წლის წინ ირწმუნებოდა, კარანტინში ყოველდღიურად ვწერ და იმედია, 2021-ში პანდემიასთან ერთად ზამთრის ქარებიც დასრულდებაო. სპოილერი: 2021-ში არც ერთი დასრულებულა და არც მეორე.
თავის დროზე მკითხველები მწერალს დაპატიმრებითაც კი ემუქრებოდნენ, მაგრამ ამანაც არ გაჭრა; ზამთრის ქარები ჯერ ისევ დაუსრულებელია, წინ კი საგის დასკვნითი, მეშვიდე წიგნიცაა დასაწერი — გაზაფხულის სიზმარი.
სერიის პოპულარობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2011 წელს HBO-მ ნაწარმოების მიხედვით სერიალის გადაღება დაიწყო. სამეფო კარის თამაშები გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტელეპროექტი აღმოჩნდა. ის რვა სეზონის შემდეგ, 2019 წელს დასრულდა.