პოპვარსკვლავ ლიზოს და მის გუნდს სამი ყოფილი მოცეკვავე, არიანა დევისი, კრისტალ უილიამსი და ნოელ როდრიგესი, სასამართლოში სექსუალური შევიწროების, ბოდიშეიმინგისა და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის ბრალდებით უჩივიან. სარჩელი ასევე რელიგიურ და რასობრივ დისკრიმინაციასაც მოიცავს.
ყოფილი მოცეკვავეები ამტკიცებენ, რომ 2021-2023 წლებში ლიზო მათ სექსუალური ტიპის ქმედებების განხორციელებასა და სექსუალური ხასიათის პერფორმანსებში მონაწილეობას აიძულებდა, რაც მათთვის შეურაცხმყოფელი იყო.
დევისი იხსენებს შემთხვევას, როდესაც მისი თქმით, მომღერალთან ერთად ღამის კლუბში ყოფნისას, ლიზო აიძულებდა, რომ ღამის კლუბის ერთ-ერთი მოცეკვავის მკერდს შეხებოდა, დევისს კი შეეშინდა, რომ უარის შემთხვევაში, სამსახურს დაკარგავდა.
ლიზოს, რომელიც სხვებს თავიანთი სხეულების შეყვარებისკენ ხშირად მოუწოდებს, ქორეოგრაფი ტანიშა სკოტი მოცეკვავის სხეულზე დამამცირებელი კომენტარების გაკეთებაში ადანაშაულებს.
დევისი ჰყვება, რომ ლიზო და მისი გუნდის ერთ-ერთი წევრი მას წონის მატების გამო თავს დამნაშავედ აგრძნობინებდნენ და აიძულებდნენ, რომ სხეულის ცვლილების მიზეზი აეხსნა. ამის გამო, მოცეკვავეს თავისი ცხოვრების პირადი დეტალების გაზიარება მოუწია, რათა სამსახური შეენარჩუნებინა.
სარჩელში ნათქვამია ისიც, რომ მოცეკვავეების გუნდის ლიდერი, შირლინ კუიგლი მოცეკვავეებზე რელიგიურ ზეწოლას ახდენდა და მათთვის ქრისტიანული შეხედულებების თავს მოხვევას ცდილობდა, მაგალითად, ამცირებდა მათ, ვისაც ქორწინებამდე სექსი ჰქონდა და ერთ-ერთი მოცეკვავის ქალიშვილობის საკითხს საჯაროდ განიხილავდა.
ბრალდებები რასობრივ დისკრიმინაციას ითვალისწინებს — მოცეკვავეები ამტკიცებენ, რომ გუნდის შავკანიან წევრებს ლიზოს ტურის მენეჯმენტი განსხვავებულად ექცეოდა და მათ ზარმაცებსა და არაპროფესიონალებს ეძახდა.
ისინი ლიზოს არასამართლიან ანაზღაურებაშიც ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ევროპის ტურის დროს ლიზოს მოცეკვავეებს, სხვა არტისტების მოცეკვავეებთან შედარებით, ბევრად დაბალი ანაზღაურება ჰქონდათ და პარალელურად, სხვა სამსახურში მუშაობაც ეკრძალებოდათ.
სამივე მოცეკვავე, რომელიც ლიზოს ბრალს სდებს, მომღერალთან 2021 წლიდან მუშაობდა. მოგვიანებით, ორი მათგანი, დევისი და უილიამსი, სამსახურიდან გაათავისუფლეს, მესამე კი, თავადვე წამოვიდა.