კოტე კუბლაშვილი ცრუობს!

კოტე კუბლაშვილი ცრუობს!

ძმები კუბლაშვილების ერთი შეხედვით მკვიდრად ნაშენი სამყარო ირყევა. პავლე ოპოზიციაში ყოფნისთვის ემზადება, კოტე კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სავარძელს ებღაუჭება და პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს.

დღემდე ქვეწოლას მიჩვეული კოტე კუბლაშვილი, რომლის ხელმძღვანელობისას სასამართლო ხელისუფლება ნოტარიუს ბუნტურზე უფრო დაბალი ავტორიტეტით სარგებლობს, ახლა აცხადებს: „ბოლო პერიოდში პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების მხრიდან მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის მიმართ კეთდება განცხადებები, რომლებშიც იგრძნობა მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობა“.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჟურნალისტებთან მართლმსაჯულების წინაშე არსებულ საფრთხეებზე საუბრით ისე გაერთო, რომ, როგორც ჩანს, კვლავაც „ნაციონალების“ დაცვის ქვეშ ეგონა თავი და როყიოდ განაცხადა: „ყველა ასეთი განცხადება იქნება აღქმული, როგორც მოსამართლეებზე ზეწოლა და მუქარა, ასევე დაშინების მცდელობა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რადგან მოსამართლეები არიან ხელშეუხებლები, გარანტირებულები იმით, რომ სტაბილურად იმუშავებენ კონსტიტუციიდან და კანონმდებლობიდან გამომდინარე. მე ყველას მინდა ვუთხრა, რომ ნებისმიერი ასეთი განცხადება მხოლოდ განცხადებად დარჩება და არავითარ წარმატებას არ მოუტანს. სასამართლო არის ძალიან ძლიერი, ობიექტური და ამას პირველ რიგში არა მე, არამედ მოსახლეობის გამოკითხვა ადასტურებს, რომელიც ნეიტრალურმა დამკვირვებელმა, ევროპის საბჭომ ჩაატარა და მივიღეთ შედეგი, რომ 85% საქართველოს მოსახლეობისა უცხადებს ნდობას სასამართლოს“.

სულ ცოტა ხნის წინ კოტე კუბლაშვილი კომფორტულად გრძნობდა თავს, როცა სააკაშვილი პირდაპირ საპარლამენტო ტრიბუნიდა ან ტელეეთერიდან აძლევდა განკარგულებას, ვინ გამოეცხადებინა ქართულ სასამართლოს დამნაშავედ და ვინ გაემწესებინა ვირის აბანოში. „ამას დახვრეტა, იმას – ჩამოხრჩობა“! გაიძახოდა სააკაშვილი და ტავს უკანტურებდა ქართული თემიდა. ახლა კუბლაშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ არასწორ ინფორმაციაზე უჩივის: „გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 9%-ია და არა 4%. 4% არის ნორვეგიაში და გადავამოწმოთ ნორვეგიული სისტემა მაშინ. ამიტომ ყურადღებას ნუ მიაქცევთ იმას, რაც დაუსაბუთებლად ვრცელდება. ჩვენ გვაქვს ყველა ინფორმაცია და ყველა მონაცემი სასამართლო სისტემის შესახებ. თავდასხმებს სასამართლო უპასუხებს იმით, რომ მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებებს“.

აქამდეც მიგეღოთ ობიექტური გადაწყვეტილებები! ისე, რაკი სიტყვა ციფრებზე მიდგა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ აქვს ზუსტი მონაცემები: გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა არა 4 პროცენტია, არამედ 0,01პროცენტი! კუბლაშვილი ცრუობს და ევროსაბჭოს ეხვეწება, რამე მიშველეთ, თორემ ზეწოლის ქვეშ ვარო! საინტერესოა, რომ მას ერთხელაც არ დაუჩივლია, როცა პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნიდან დაგვჩხაოდა: „ნულოვანი ტოლერანტობა! ყველანი ციხეში“!

კუბლაშვილი ცრუობს, როცა ამბობს, რომ მოსახლეობის აზრის გამოკითხვა ნეიტრალურმა დამკვირვებელმა, ევროპის საბჭომ ჩაატარა; სინამდვილეში ამ გამოკითხვას სასამართლოს შენობებში ამავე სასამართლოს თანამშრომლები ამავე სასამართლოებში საქმის განხილვაზე მისულ მოქალაქეებს უტარებდნენ და ასე გამოიყვანეს ნდობის 85%–იანი მაჩვენებელი!

კუბლაშვილი ერთ რამეში არ ცრუობს მხოლოდ: მას ზურგი უგრძნობს, რომ ფარსად ქცეულ მართლმსაჯულებას ხალხი არ აპატიებს და მისი პატრონისეული „ნულოვანი ტოლერანტობით“ გადაუხდის სამაგიეროს!