იტალიის სანაპიროსთან ძველი რომაული გემის ნარჩენები აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ხომალდი, რომლის სიგრძეც დაახლოებით 20 მეტრია, რომისგან 80 კილომეტრის მანძილზე, 160 მეტრის სიღრმეზე იპოვეს. ის ძველი წელთაღრიცხვით პირველი ან მეორე საუკუნით თარიღდება.
ბორტზე ასობით ამფორა აღმოაჩინეს, რომლებშიც რომაელებს სითხეები - ღვინო, ზეთი, სოუსები გადაჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ამფორების უმეტესობა ძალიან კარგად არის შენახული.
„ეს უნიკალური აღმოჩენაა, რომელიც ძველ დროში საზღვაო სავაჭრო გზების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას“, - აღნიშნავენ იტალიის პოლიციის სპეციალური განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც არქეოლოგიურ სამუშაოებს ხელმძღვანელობენ.
მათ ასევე განმარტეს, რომ ხომალდი დისტანციურად მართვადი რობოტის მეშვეობით აღმოაჩინეს. ამ ეტაპზე უცნობია, შეეცდებიან თუ არა სპეციალისტების ხომალდის ნარჩენების ან მისი ტვირთის ზედაპირზე ამოტანას.