ჯგუფ The Smiths-ის ყოფილი სოლისტი და მომღერალი, მორისი, ცნობილ ადამიანებს შინეიდ ო'კონორის მიმართ ყალბი პატივისცემის გამოხატვის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მაშინ, როდესაც მომღერალს მხარდაჭერა სიცოცხლეში სჭირდებოდა, მათ ეს ვერ გაბედეს, ახლა კი ლეგენდას ეძახიან. ო'კონორი რამდენიმე დღის წინ 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როკვარსკვლავი მორისი სელებრითების მხრიდან მწუხარების გამოთქმას გულწრფელად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ შინეიდს სიცოცხლეში არავინ ჰყავდა, რადგან მისი განსხვავებულობის გამო ყველამ მიატოვა.
"მუსიკის ინდუსტრიაში არსებობს გარკვეული სიძულვილი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სხვებისგან გამოირჩევიან და მათ კრიტერიუმებს არ შეესაბამებიან, რაც ჩემთვის ზედმეტად ნაცნობია. ამ არტისტებს სიკვდილამდე არავინ აქებს, ანუ იქამდე, როცა პასუხის გაცემას თავად ვეღარ შეძლებენ. შინეიდს ახლა მხოლოდ იმიტომ ასხამთ ხოტბას, რომ უკვე ძალიან გვიანია. ის ვერ გაბედეთ, რომ სიცოცხლეში დასდგომოდით გვერდით, არადა მას თქვენი იმედი ჰქონდა", — წერს მომღერალი.
მორისი იმასაც აღნიშნავს, რომ საზოგადოება და მედია სიცოცხლეში შინეიდს ლანძღავდა, სევდიანს, მსუქანს და გიჟს ეძახდნენ და აზრი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეიცვალეს. მომღერლის თქმით, მუსიკალური სტუდიები, რომლებიც ო'კონორს თანამშრომლობაზე უარს ეუბნებოდნენ და ღიმილით ისტუმრებდნენ უკან, ახლა აღმერთებენ, არადა თვითონ დაარწმუნეს, რომ დანებებულიყო.
ცნობილი მომღერალი შინეიდ ო'კონორი მუსიკალური კარიერის პარალელურად, აქტივისტურ საქმიანობაშიც იყო ჩართული და სკანდალურ განცხადებებსაც ხშირად აკეთებდა, რის გამოც ის, თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, ადამიანებმა მალევე შეიძულეს. ეს დამოკიდებულება ო'კონორის გამოსვლას მოჰყვა, როდესაც შინეიდმა Saturday Night Live-ის დროს იმდროინდელი პაპის ფოტო დახია და ის კათოლიკურ ეკლესიაში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტების დაფარვაში დაადანაშაულა. ცხრა წლის შემდეგ დანაშაული პაპმა თავადაც აღიარა.