რა ხდება თსუ-ში ლადო პაპავას რექტორად არჩევის შემდეგ?

რა ხდება თსუ-ში ლადო პაპავას რექტორად არჩევის შემდეგ?

წინა კვირაში პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და 15 სექტემბრიდან ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი. რას შეცვლის ეს უნივერსიტეტებში, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და რა ხდება თსუ-ში ლადო პაპავას რექტორად არჩევის შემდეგ?

''ალიას'' ესაუბრება თსუ-ს სრული პროფესორი თემურ ხომერიკი:

- ვეტოთი დავიწყოთ. კარიერის ბოლოს სააკაშვილმა იშოვა გასართობი: დაადებს ვეტოს, მერე ახსნიან, ისევ დაადებს და ფაქტობრივად, ამით გვამცნობს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია და შეუძლია, რაღაცები შეაფერხოს. უნივერსიტეტში 21 000 კაცს თავისი 5000 ლექტორით წარმოადგენს საბჭოს 12 წევრი, რომელიც ირჩევს რექტორს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ აქამდე რექტორები ინიშნებოდა ''ნაცდანიშვნებით'', ხოლო ის პროფესურა, ვინც დღეს შემორჩა, ისაა, ვინც ბევრ რამეზე დახუჭა თვალი?

- ანუ, თქვენც დახუჭეთ თვალი, ასე გამოდის.
- მე რომ არ დავხუჭე, მაგიტომ მომიწია თავის დროზე უნივერსიტეტიდან წამოსვლა და დღეს მოწვეული პროფესორი ვარ. უნივერსიტეტში ისეთი სიტუაცია ჩამოყალიბდა, რომ დღეს შენს გვერდითაა ხარისხის არმქონე ადამიანი, რომელსაც კონტაქტი არ უნდა სტუდენტთან, რადგანაც შეიძლება ისეთი კითხვა გაისმას აუდიტორიაში, რომელზეც პასუხი არ აქვს. ამიტომ ლექტორებმა მოიფიქრეს მარტივი სისტემა: ტესტები და გათელილი სახელმძღვანელო; ხოლო თუ სტუდენტი აზროვნებას გამოიჩენს და კითხვას დასვამს, რადგანაც უამრავი კაზუსია იურისპრუდენციაში და იგივე ეკონომიკაში, ამისთვის შემოიღეს ასეთი ფორმა - დისკუსიას ატარებს სტუდენტი, ერთმანეთს აფასებენ თავად სტუდენტები და ფაქტობრივად, დაიკარგა რეალური შემეცნებითი ელემენტი და კავშირი თაობებს შორის.

- და რა მიიღო სტუდენტმა ფინალში?
- იოლი ნიშანი. ახლა შევხედოთ, ადმინისტრაციის წარმომადგენლები რა ხელფასებს იღებდნენ? როცა ვეტოს პირობები ჩამოაყალიბა პრეზიდენტმა, ერთ-ერთ მთავარ პირობად დაასახელა, როგორ შეიძლება ტარიფის დაწესება, რამდენი უნდა იყოს პროფესორსა და ადმინისტრაციას შორის თანაფარდობა ხელფასის მიხედვითო. ჩვენ შეიძლება, განსაკუთრებული ხელფასები გვინდა, ვიღაცებს მივცეთო? გაიხსენეთ, ვინ იყვნენ არჩევნებში შემომწირავები ''ნაცების'' დროს? ზოგიერთი რექტორის ხელფასი 20 000 ლარს აღწევდა თვეში და ცხადია, მას მოსთხოვდნენ 10 000 ლარის უკან დაბრუნებას ''ნაცების'' სალაროში და ისიც აბრუნებდა. ეს ახალი კანონი, რასაც ვიღებთ, აწესრიგებს ამას, ლექტორისთვისაა გამოყოფილი თანხები უნივერსიტეტში და არა ადმინისტრაციისთვის, რაც მწარედ გააპროტესტა პრეზიდენტმა.

კიდევ ერთი მომენტი - სააკაშვილმა ჯერ თვითონ გააუქმა სამეცნიერო ხარისხები და განმარტებით ბარათში, რითაც მიმართა პარლამენტს, ჩაწერა, რომ ამით დააკნინესო სამეცნიერო ხარისხის მქონე დისერტაციადაუცველი მეცნიერების როლიო. შეიძლება, სამეცნიერო ხარისხდაუცველი იყოს დისერტანტი? კი, პრეზიდენტი ყოვლისმცოდნეა, მაგრამ ასეთ აბსურდს არ უნდა ამბობდეს. დღეს უნივერსიტეტში ის ხალხია სხვადასხვა თანამდებობებზე, რომელიც გუშინ ''ნაცაქტივი'' იყო. კარგია, რომ ვეტო დაიძლია, რადგანაც ხელისუფლება, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა, რომ საქმის ასე დატოვებით უნივერსიტეტები იღუპებოდა.

- კიდევ რა მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს ეს კანონი?
- როგორც მითხრეს, მზადდება ახალი კანონმდებლობა, რის მიხედვითაც აკადემიური საბჭოები აღარ იქნება უნივერსიტეტებში, მის ნაცვლად იქნება სენატი, რომლსაც, ძველისგან განსხვავებით, მართლაც რეალური უფლებები ექნება და აღარ მოხდება ის, რომ რექტორი დაჯდეს თავმჯდომარედ, ისე, როგორც ადრინდელ აკადემიურ საბჭოს ეჯდა და რასაც უნდოდა, იმას აკეთებინებდა. სენატის წევრები აირჩევა პროფესორების მიერ. აღარ იარსებებს სრული პროფესორის წოდება, იქნება პროფესორი, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი. მოისპობა ხარისხის არმქონე მასწავლებლების შტატი და მათ ჩაანაცვლებს ხარისხის მქონე ასისტენტ-პროფესორი. რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, უმეტეს სასწავლებლებში ჩამოყალიბდება მრჩეველთა საბჭოები.

- ადრე რომ რეგენტთა საბჭოები იყო, მისი მსგავსი?
- დაახლოებით, ოღონდ მის შემადგენლობაში შევლენ სამინისტროს, ასევე სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები და თვით უნივერსიტეტის პროფესურა. ადრე კომკავშირლებივით ჰყავდათ სტუდკავშირები ქცეული და მათ იყენებდნენ თავის ჭკუაზე. თავად სტუდკავშირები ისპობა, მათ ადგილას კი იქნება სტუდენტური გაერთიანებები, რომლის ხელმძღვანელებს უკვე სტუდენტები აირჩევენ და არა რექტორი. ანუ, პარტიულობა, წესით, გამოირიცხება.

გარდა ამისა, ახალი კანონი ახალ ფინანსურ წესრიგსაც გულისხმობს, რასაც უნივერსიტეტებში მიჩვეულები არ არიან. ამას პროფესურაც ცუდად შეხვდება, რადგანაც ადრე თუ 5 კაცი ატარებდა 25 პროფესორის ნაცვლად ლექციებს და იმ ხელფასების ეკონომიის ხარჯზე ხდებოდა იმხელა თანხების გაცემა, ახლა ყველა ჩაატარებს იმდენს, რაც კანონიერია, დანარჩენ შტატებზე გამოცხადდება კონკურსი და აუდიტორიაში შევა კონკურენტუნარიანი პროფესორი.

- თსუ-ს რექტორი გახდა ლადო პაპავა. რა ხდება დღეს უნივერსიტეტში?
- პაპავას დანიშვნის წინა დღეს მარინა ჩიტაშვილმა მოხსნა თავისი კანდიდატურა. ამ დროს ეს ქალი არ არის ხელწამოსაკრავი ფიგურა, ის არის სააკრედიტაციო საბჭოს თავმჯდომარე. ველოდები, რომ პაპავა ამას აუცილებლად დააფასებს და მას დანიშნავს სასწავლო დარგში პრორექტორად და სამართლიანიც იქნება. მარინას რესურსი უნდა გამოიყენოს რექტორმა, რადგანაც სანამ პაპავა გაერკვევა პროცესებში, შეიძლება სადავეები გაექცეს.

- რაც შეეხება მარინა მუსხელიშვილს?
- ჩემი აზრით, მუსხელიშვილს არსად არ დანიშნავენ. იმდენად მკვეთრი იყო მუსხელიშვილის გამოსვლები, რომ, სამწუხაროდ, შეიძლება სრულ პროფესორადაც ვერ გავიდეს. როგორც გავარკვიე, მნიშვნელოვანი კონტინგენტი, რომელიც ხუბუას დროიდან უნივერსიტეტში იყო, იმის გამო, რომ ამ ახალ არჩევნებს არ შეუშალა ხელი, დაჯილდოვდება იმით, რომ ადგილებს შეინარჩუნებენ. ესაა კანცლერი და ზოგიერთი პრორექტორი. ისე, მკვეთრი ცვლილებების გატარება ლადო პაპავას გაუჭირდება, რაც უკვე გამოიკვეთა მის განცხადებებში. სულ სამი განცხადება გააკეთა და პირველი იყო მართლაც საინტერესო: ''ჯავახიშვილი რომ გააცოცხლო, ისიც კი ვერ შეძლებს უნივერსიტეტში სამართლიანობის აღდგენასო''.

- ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის, ფაქტობრივად, არ აპირებს კონკურსებისა და სხვა თემების გადახედვას?
- ეტყობა. საბჭოს განსაზღვრულმა წევრებმა მას ამიტომაც დაუჭირეს მხარი, თორემ ეგენი პაპავას კი არა, ჯავახიშვილსაც დატოვებდნენ გარეთ.

- რა, აკადემიურმა საბჭომ და ლადო პაპავამ მოილაპარაკეს ერთმანეთში?
- ეგ არ ვიცი. ეს კულუარები ჩემთვის უცნობია, გენაცვალე. მეორე განცხადება იყო ის, რომ ''აკადემიური პერსონალი რა ვადაშიც არის არჩეული, იმ ვადით შეინარჩუნებს თავის ადგილს''. ანუ, რა კადრებიც არიან დასაქმებულები, ისინი დარჩებიან თავიანთ ადგილებზე და მათ ხელს არ ვახლებ, სანამ ახალი კონკურსები არ ჩატარდებაო. და მესამე: ''უნივერსიტეტში რევოლუცია საჭირო არ არის, განათლებას უყვარს ევოლუციაო''.

- კი, მაგრამ სტუდენტობა მოითხოვდა, უნივერსიტეტში რადიკალური ცვლილებები მოხდესო და რექტორის არჩევნების დღეს, მახსოვს, იმუქრებოდნენ, არასასურველი რექტორის არჩევის შემთხვევაში აქციებს წამოვიწყებთო.
- სტუდენტობა არ დაუშვებს ასეთ კომფორმისტულ მიდგომებს, რადგანაც ისინი ელოდებოდნენ არსებით ცვლილებას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მათ აქვთ საკმაოდ ბევრი ბერკეტი, რომ საკითხები დააყენონ. პირველი, სტუდენტები აუცილებლად მოითხოვენ, რომ აკადემიური საბჭო ახალი წესით აირჩეს და მასში ერთი მესამედი ადგილები მათ უნდა მიიღონ. მანამდე მათ აქვთ უფლება, რექტორს უკვე რეალური ცვლილებები მოსთხოვონ.

- რაც შეეხება კულუარულ ინფორმაციას, რას ამბობენ უნივერსიტეტში, რა მოლოდინი აქვთ?
- იმას, რომ ყველა დეკანი განთავისუფლდება დაკავებული ადგილიდან, მათ შორის ილიაუნშიც და ტექნიკურ უნივერსიტეტშიც. დეკანი რას უშლით, მაგრამ რაღაც ხომ უნდა შეიცვალოს? თუმცა, ეგენი მონახავენ თავის ადგილებს და ზოგს უკვე მონახული აქვს. მთავარი აქ სხვა რამაა: რასაც ვუყურებ, რომ არა კოჰაბიტაცია, ისეთი დანაშაულები ამოტივტივდებოდა განათლების სისტემაში, რომ თმები ყალყზე დაგვიდგებოდა. ვინც კოჰაბიტაციის შემდეგ უნდა მოვიდნენ, არ უნდა დაუშვან ის, რაც საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მანამდე ხდებოდა: ქონებების გადანაწილება და ხალხის დისკრიმინაცია. ვინც ამას სჩადიოდა, ის დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და დაუშვებელია, სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის მეთოდების ხელმძღვანელად ''ხუბუები'' დარჩნენ. ამას ელოდება ხალხი და ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები.