მათ მოედანზე ის, რაც ალბათ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იქნებოდა უბრალოდ 100-მეტრიანი გარბენი, ჩვენთვის იყო 1 კილომეტრიანი გარბენი ბარიერებით - დაახლოებით ასეთი გზის გავლა გვიწევდა, რომ შევადაროთ აღქმის დონეზე დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, - განაცხადა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ, ვიზალიბერალიზაციის პროცესში ევროპელების დამოკიდებულებაზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
ბაქრაძის განმარტებით, ფაქტები, რომლებსაც ამ წლების განმავლობაში ვხედავთ, პირდაპირ მიუთითებს, რომ ევროპული მხარისთვის პოლიტიკური პრიორიტეტები და გემოვნება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ობიექტური კრიტერიუმები და მაჩვენებლები მათთვის მეორეხარისხოვანი ხდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ პირად საუბრებში, ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები გაეროში უდასტურებენ, რომ არასწორი იყო, როდესაც ყველა ინდიკატორით წარმატებულ ქვეყანას - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა.
„გამომდინარე იმ ფაქტებიდან, რომელსაც ჩვენ 2014 წლის მერე ვხედავთ, პირდაპირ იმაზე მიუთითებს და ჩანს, რომ მათი პოლიტიკური პრიორიტეტები, პოლიტიკური გემოვნება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის კრიტერიუმები, ინდიკატორები, მაჩვენებლები, რაც წესით, უნდა იყოს საფუძველი ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, არის მეორე ხარისხოვანი. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ არ შემხვედრია არც ერთი ევროპელი დიპლომატი, ვგულისხმობ გაეროში ევროპელ კოლეგებს, რომელიც პირად საუბარში არ იტყოდა, რომ ეს იყო შეცდომა, რა პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, რომ საქართველოს, როგორც ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოს ყველა ინდიკატორით და მაჩვენებლით, არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. პირად საუბრებში ყველა ამბობს, რომ ეს იყო არასწორი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.