თუფაქის ბეჭედი სოტბის აუქციონზე მილიონ დოლარად გაიყიდა

თუფაქის ბეჭედი სოტბის აუქციონზე მილიონ დოლარად გაიყიდა

თუფაქის გარდაცვალებიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, რეპერი თუფაქ შაკური დღემდე ამყარებს რეკორდებს. სოტბის ნიუ იორკის აუქციონზე რეპერის ერთ-ერთი სამკაული 1 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ გამოცემა People წერს.

ოქროსა და ბრილიანტის გვირგვინის ბეჭედი ჰიპ-ჰოპ კულტურის ყველაზე ძვირადღირებულ არტეფაქტად იქცა, რომელიც აუქციონზე გაიყიდა. ამის შესახებ აუქციონის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

ბეჭედი 1 016 000 დოლარად, საწყის ღირებულებაზე სამჯერ მეტად, გაიყიდა.

„ეს ბეჭედი ერთადერთია, რომლის დიზაინიც თვითონ ფაქმა შექმნა და მისი კრეატიული ენერგიის ერთ-ერთი ბოლო შემოქმედებაა. განსაკუთრებული არტეფაქტი იმ პერიოდისაა, როდესაც მისი გავლენა ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიაში ზენიტში იყო“, - განაცხადა სოტბის აუქციონის მეცნიერებისა და პოპულარული კულტურის დეპარტამენტის დირექტორმა კასანდრა ჰატონმა.

თუფაქმა ბეჭედი 1996 წელს შექმნა და 1996 წლის MTV Video Music Awards-ზე ეკეთა. ამ დღეს თუფაქი საზოგადოებაში ბოლოჯერ გამოჩნდა.