აფთიაქარები კიდევ ერთ სკანდალში გაეხვნენ და ახლა თავის მართლება უწევთ

აფთიაქარები კიდევ ერთ სკანდალში გაეხვნენ და ახლა თავის მართლება უწევთ

რეგულირების სააგენტოს მიერ 20 ივლისს გავრცელებული განცხადების თანახმად, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, რამდენიმე, დიდი ფარმაცევტული ქსელის მხრიდან მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდა - კერძოდ, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე უწყებამ სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა. საუბარია მედიკამენტზე „დეპაკინი ხრონო“, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება.

რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ „დეპაკინი ხრონო“ (300მგ, 500მგ) კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს იკვლევს კონკურენციის სააგენტოც, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის „არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას“, რაც მედიკამენტზე ხელოვნური დეფიციტის შექმნას გულისხმობს.

ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა „დეფიციტი რეფერენტული ფასის გასაზრდელად იყო შექმნილი“. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ფარმაცევტულ კომპანიებს თუნდაც რამდენიმე კვირის წინ მიღებული მედიკამენტები რომ გაენაწილებინათ ქსელებში, პრეპარატთან დაკავშირებით დეფიციტი და პრობლემა არ შეიქმნებოდა.

„შეეძლოთ, რომ ნაშთები, რომლებიც საწყობში იყო, დღეებით, კვირით ადრე გაენაწილებინათ ქსელში. ამ მხრივ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. დეფიციტი თუ არის და მომწოდებელი კომპანია შედარებით ნაკლებ ნაშთს აწვდის, ამასაც შევამოწმებთ, პრობლემა არაა. თუნდაც ერთი და ორი კვირის წინ მიღებული ნაშთები რომ განაწილებულიყო ქსელებში, ეს დეფიციტი და პრობლემა არ იქნებოდა. ერთადერთ, შეუცვლელ მედიკამენტზეა საუბარი, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სხვა სახის პასუხისმგებლობაც – სოციალური, მორალური პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

მორიგი სკანდალის აგორების შემდეგ კი გაირკვა, რომ ეპილეფსიის წამალი „დეპაკინი ხრონო“ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობითაა და მისი დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორის ირაკლი მარგველაშვილის თქმით ეს წარმოუდგენელია. 25 წელია ამ სფეროში ვარ და მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. „უშუალოდ მე არ მეხება დისტრიბუციის სფერო, თუმცა გამორიცხულია, ასეთი შეთანხმება იყოს კომპანიებს შორის. როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რეგულირების სააგენტოს მიერ გაგზავნილმა თანამშრომლებმა ნახეს, რომ საწყობში მარაგები იყო, მაგრამ ამის ახსნა შეიძლება ტექნიკური ხარვეზით და არა იმით, რომ კომპანიები პაციენტებს შეგნებულად აზარალებდნენ.

სახელმწიფომ შემოიღო რეფერენტული ფასები, მაგრამ კანონის თანახმად, კომპანიების გადასაწყვეტია, ამა თუ იმ წამალს შემოიტანს თუ არა - ეს კერძო ბიზნესია, მაგრამ მსგავსი ფაქტი არასდროს მომხდარა, რადგან ფარმაცევტულმა კომპანიებმა იციან, რომ მათ საქმე აქვთ ადამიანის ჯანმრთელობასთან.

მესმის ჯანდაცვის სამინისტროსი, რომელიც აკონტროლებს ბაზარს და კითხვები აქვს, თუმცა აფთიაქებისგანაც ვიცი, რომ ასეთ ნაბიჯს არავინ გადადგამს. ეს საკითხი სამუშაო ფორმატში განხილვის თემა უნდა იყოს. კონკურენციის სააგენტო სწავლობს ამ საკითხს და ყველაფერი გაირკვევა“, - განაცხადა Jandacva.ge-სთან საუბრისას მარგველაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, „დეპაკინი ხრონოს“ მწარმოებელი კომპანია „სანოფია“, რომელმაც, გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო, ამ მედიკამენტის წარმოება შეამცირა, რაც სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის მოწოდებული პროდუქციის რაოდენობაზე აისახა. თუმცა მარგველაშვილი ამბობს, რომ მანამდე მედიკამენტი ზედმეტობით შემოდიოდა და, შესაბამისად, პარტიების შემცირებას დეფიციტი არ გამოუწვევია. გაუგებრობა პრეპარატების დასაწყობებიდან აფთიაქში განაწილებამდე პერიოდში წარმოქმნილმა ტექნიკურმა პრობლემებმა შექმნა.

ცუგო- ბატონი ირაკლი მარგველაშვილი უტიფრად ცრუობს, ვინც გარკვეულ წამლებს სისტემატიურად მოიხმარს ადვილად მიხვდება ამას...
9 თვის უკან
Maverick ცუგო, გეთანხმები!

მელა, თავის კუდს მოწმედ იყენებს!
9 თვის უკან