დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბარნატორი ცეზარ ჩოჩელი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით გიორგაძე დააკავეს. მათ ბრალი უკვე წაუყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9-დან 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეზარ ჩოჩელს ბანკი „ქართუს“ გაკოტრების სქემასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ ბრალი უკვე ჰქონდა წაყენებული.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების ინფორმაციით, „2010 წლის 29 ივნისს, შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოცხადებული იქნა ტენდერი 76 798 074 ლარის ღირებულების 474 000 ერთეული რკინაბეტონის შპალის შესყიდვის თაობაზე. საქართველოში აღნიშნული სახეობის შპალების ერთადერთი მწარმოებელი კომპანია იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხანა“. ხსენებულ ტენდერში ამავე ქარხნის წერილით უსაფუძვლოდ გაზრდილი იყო ერთეული შპალის ღირებულება 27,3 ლარით 163,8 ლარამდე, რაც იძლეოდა ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის დამატებით 12 000 000 ლარის შემოსავლის მიღების საშუალებას.
აღნიშნული ტენდერით და შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნით“ დაინტერესდა ცეზარ ჩოჩელი, რომელმაც მოსალოდნელი მაღალი შემოსავლის მიღების მიზნით, განიზრახა დაუფლებოდა ქარხანას, რაც შეიძლება დაბალ ფასად. ცეზარ ჩოჩელის მიერ სატენდერო ღირებულების გაკონტროლების მიზნით, მასთან დაკავშირებული კომპანიების შპს „ნიუ ენერჯი“-ს და შპს „მიქსორი“-ს ტენდერში ფორმალური მონაწილეობით, 2010 წლის 20 ივლისს გამარჯვებულად გამოცხადა შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხანა“.
პარალელურად, ცეზარ ჩოჩელი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელ მოადგილეს დავით გიორგაძეს, რომელსაც შეუთანხმდა შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ მაქსიმალურად დაბალ ფასად შეძენაზე. 2010 წლის 25 აგვისტოს, დავით გიორგაძის ბრძანებით, გამოცხადდა საჯარო აუქციონი შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ პრივატიზების შესახებ 12 409 040 ლარად, რასაც საფუძვლად დაედო მის მიერვე მოწვეული კერძო აუდიტორის მიერ შედგენილი ყალბი დასკვნა, რომელშიც დ.გიორგაძის მითითებით არ იქნა გათვალისწინებული ქარხნის უძრავი ქონების რეალური ღირებულება და საქართველოს რკინიგზასთან 2010 წლის 20 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება 76 798 074 ლარის მომსახურების გაწევაზე, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში ქარხნის საბაზრო ღირებულება იქნებოდა 19 696 764,33 ლარი.
ამავდროულად, გიორგაძის ინიციატივით, 2010 წლის 25 აგვისტოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხანას“ ეპატია საქართველოს რკინიგზის მიმართ არსებული დავალიანება 6 278 012 ლარის ოდენობით.
2010 წლის 9 სექტემბერს, შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ შესაძენად გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ცეზარ ჩოჩელის გამგებლობაში არსებულმა შპს „მიქსორმა“, რომელმაც ქარხანა შეიძინა 7 416 364 ლარით შემცირებულ ფასად - 12 679 350 ლარად, რითაც დავით გიორგაძის დახმარებით, ცეზარ ჩოჩელი თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 19 696 764,33 ლარის ღირებულების ქონებას, რომელიც დღემდე მის საკუთრებაშია.
შპს „მიქსორი“-ს მიერ შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ შეძენის შემდგომ, 2010-2013 წლებში ცეზარ ჩოჩელის მიერ შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ უკანონოდ ფლობით, ამ უკანასკნელის გამგებლობაში მოექცა 49 000 000 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი, რომლისთვისაც კანონიერი სახის მიცემის მიზნით, შპს „რკინა ბეტონის შპალის ქარხნის“ მიერ 30 347 018 ლარად შეძენილი იქნა ლუდსახარში „ზედაზენი“- ს 70% წილი. შპს „ბარამბოსათვის“ შეძენილი იქნა 6 331 705 ლარის, ხოლო შპს „ბერტასთვის’ – 1 189 061 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტექნიკა-დანადგარები, ასევე, შპს „მიქსორმა“, როგორც შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნი“-ს დამფუძნებელმა ქარხნიდან დივიდენდის სახით გაიტანა 12 000 000 ლარი“.
მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა საგამოძიებო სამსახური დაკითხვის შემდეგ ადვოკატთან ერთად დატოვა. ჩოჩელმა მის წინააღმდეგ წაყენებული ახალი ბრალი მისი ოჯახის დაქვემდებარებაში არსებული ბიზნესის განადგურების მცდელობად შეაფასა. ჩოჩელი ამბობს, რომ ბრალი, რომელიც მას ე.წ. შპალების საქმეზე წაუყენეს, აბსურდის თეატრია და სერიოზულ პრობლემასთან საერთო არაფერი აქვს.
„ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდება, ე.წ. შპალების საქმის შესახებ და სხვა დეტალებზე. ხვალ დავგეგმავ ბრიფინგს და მედიას ამომწურავ ინფორმაციას მივაწოდებ. გამოძიების ინფორმაცია, რომ იმ თანხებით, რომელიც შპალების საქმეზე დამრჩა, „ბარამბო“, „ბერტა“ და სხვა კომპანიები შევიძინე, სისულელეა. დღევანდელი გადასახედიდან, ეს არის შეტევა ყველაზე წარმატებულ კომპანიებზე. კომპანია „ზედაზენი“ არის ერთადერთი კომპანია ვისაც აქვს 40%-იანი ზრდა წელს. მუდმივად გვაბრალებდნენ, რომ წინა ხელისუფლება გვმფარველობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წელს ყველა კომპანია უკან წავიდა და „ზედაზენს“ აქვს ზრდა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ცეზარ ჩოჩელმა.
ყოფილმა გუბერნატორმა კომპანია „მიქსორის“ მიერ შპალების ქარხნის შეძენის პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქარხანა, რომელიც შპს-მ შეიძინა, განადგურებული იყო და არაფერს წარმოადგენდა.
„შპალების ქარხანა შეძენილია ღია აუქციონზე, დანარჩენი ყველაფერი რაც იქ გაკეთდა, ჩვენი შექმნილია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გადაღებულია თუ რას წარმოადგენდა ეს ქარხანა შეძენის პერიოდში. როგორც მახსოვს ქარხანა დაახლოებით 7 მილიონად შევიძინე და მასში განხორციელდა 10 მილიონის ინვესტიცია. შეძენის დროს ქარხანაში ხელფასი საშუალოდ 250 ლარს შეადგენდა, ხოლო სანამ დახურავდნენ საშუალო ხელფასის ოდენობა 1 250 ლარი იყო“, - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.
მისი თქმით, შპალების ქარხანა არჩევნების შემდეგ აღარ მუშაობს. ამასთან, ცეზარ ჩოჩელმა აღნიშნა, რომ ე.წ. შპალების საქმეზე მისი დაკითხვა საგამოძოებო სამსახურში ბრალის წაყენებამდე ორჯერ მოხდა.