ბენზინი გაძვირდა და კიდევ გაძვირდება, დიზელი კი - გაიაფდება

ბენზინი გაძვირდა და კიდევ გაძვირდება, დიზელი კი - გაიაფდება

მსოფლიოში ნავთობი ძვირდება. ფასები, ამჟამად, 3-თვიან მაქსიმუმზეა, რასაც მიწოდების შეფერხება, აშშ-ში ბენზინზე მოთხოვნის ზრდა და ჩინეთში მთავრობის მიერ ეკონომიკის სტიმულირების გეგმები განაპირობებს. შესაბასმისად, საწვავის ფასი იცვლება საქართველოში, თუმცა სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, ბოლო დროს ბენზინი საგრძნობლად გაძვირდა, მაგრამ დიზელიც ასევე თვალში საცემად გაიაფდა. როგორც იმპორტიორები ადასტურებენ, სექტემბრამდე ასეთი ტენდენცია შენარჩუნდება.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ჩინეთში მთლიანმა შიდა პროდუქტმა ნელი ტემპით მოიმატა, შიდა და გარე მოთხოვნა შემცირდა და ახალი ზომების მიღების საჭიროება გაჩნდა. აშშ-ში მოთხოვნის მკვეთრი ზრდის გამო კი ბენზინის ფიუჩერსები გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

„ბრენტის“ ნედლი ნავთობი 83 აშშ დოლარი ღირს, რაც ერთი კვირის განმავლობაში 4.2%-ით, ერთი თვის განმავლობაში კი 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება ამერიკულ მსუბუქ ნავთობს, ის ერთ კვირაში 4.7%-ით, ხოლო ერთ თვეში 12.7%-ითაა გაძვირებული.

იზრდება რუსული „ურალსის“ ღირებულებაც და 63.6 დოლარმდეა, რაც ერთ თვეში თითქმის 8 დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია და აჭარბებს დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ 60-დოლარიან ფასის ჭერს.

პარალელურად საწვავის ფასი იცვლება საქართველოც, თუმცა ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით. ბოლო პერიოდში ბენზინი 10-15 თეთრით გაძვირდა, ხოლო დიზელის საწვავი 15-20 თეთრით გაიაფდა. „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა ცვლილებას კიდევ ელოდება.

„ბოლო პერიოდში 10-15 თეთრით გაიზარდა ბენზინის საწვავზე ფასები და დაახლოებით 15-20 თეთრით შემცირდა დიზელის საწვავზე. ხვალ როგორ შეიცვლება, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ის ტრენდი, რაც შესაძენი პროდუქტის ფასის გაზრდას გულისხმობს, შემდგომ პერიოდზე აისახება. პროდუქტის იმპორტი ხორციელდება როგორც ევროპიდან, ისე რუსეთიდან.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ბაზარზე ასეთი ვითარებაა - დიზელის პროდუქტზე ფასი მცირდება და ბენზინზე იზრდება. ეს გაგრძელდება ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისშიც. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს მომატებული ფასები: 900-დოლარიან ნიშნულს გადასცდა ცალკე ბენზინის „პლატცი“ და 800-დოლარიან ნიშნულზე არის დიზელი, რომელიც ბუნებრივად გადაანგარიშებით, ივლის-აგვისტოს იმპორტებში აისახება ზრდის კუთხით“, - განაცხადა ხორავამ და დასძინა, რომ გაძვირებას მომხმარებელი, სავარაუდოდ, უფრო იგრძნობს ბენზინზე, ვიდრე დიზელზე.

დაახლოებით მსგავს სცენარს ვარაუდობს „გლობალური სავაჭრო ქსელის“ დირექტორი ვანო მთვრალაშვილიც.

„საქართველოში საწვავის ბაზარი დღესდღეობით, ძირითადად, დამოკიდებულია, რუსეთიდან იმპორტირებულ პროდუქტზე. საქართველოში მოხმარებული ბენზინის, დიზელის, 90%-ის იმპორტი ხდება რუსეთის ფედერაციიდან. დიზელზე ბოლო პერიოდში მუდმივად კლებადი ფასები გვაქვს და უახლოეს პერიოდში მკვეთრი ცვლილება არ იქნება. რაც შეეხება ბენზინს, არის ფასები გაზრდილი, რაც უკავშირდება იმას, რომ თვითონ რუსეთიდან მოწოდებული საქონლის ღირებულება არის გაძვირებული, საშუალოდ, ტონაზე - 50-70 დოლარით. ამან განაპირობა ის, რომ ჩვენთანაც ბენზინზე რაღაც დოზით გაძვირდა. ბოლო დღეებში კი სტაბილურობაა“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

ზოგადად კი იანვარ-ივნისის თვეებში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 554,2 ათასი ტონა, რაც 32,5 ათასი ტონით ანუ 6,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (521,7 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2023 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 273,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 280,5 ათასი ტონა.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 449,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 81,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: რუმინეთი - 77,6 ათასი ტონა - 14%; თურქმენეთი - 11,4 ათასი ტონა - 2%; აზერბაიჯანი - 9,5 ათასი ტონა - 1,7%; ბელარუსი - 5 ათასი ტონა - 0,9%; არაბთა გაერთ.ემ. - 1 ათასი ტონა - 0,2%; უკრაინა - 0,1 ათასი ტონა - 0,02%; ბულგარეთი - 0,1 ათასი ტონა - 0,02%;