სცენარისტების გაფიცვის მხარდასაჭერად ჯორჯ მარტინმა HBO-სთან თანამშრომლობა შეაჩერა

სცენარისტების გაფიცვის მხარდასაჭერად ჯორჯ მარტინმა HBO-სთან თანამშრომლობა შეაჩერა

ციკლის „ყინულის და ცეცხლის სიმღერა“ ავტორმა, ჯორჯ მარტინმა აშშ-ის სცენარისტების გილდიის (WGA) გაფიცვის მხარდაჭერის მიზნით, HBO-სთან თანამშრომლობა შეაჩერა. ამის შესახებ მან პირად ბლოგში დაწერა.

მწერალმა განმარტა, რომ მისი ხელშეკრულება ტელექსელთან 1-ელ ივნისს გაიყინა. მან ასე გადაწყვიტა გამოხატოს სოლიდარობა WGA-ს წევრებთან, რომლის წევრიც 1986 წლიდან არის. მარტინი მიიჩნევს, რომ ეს გაფიცვა ხანგრძლივი იქნება და აღნიშნავს, რომ სცენარისტები გილდიის ცნობილი და აღიარებული წევრების უფლებების დასაცავად არ გაფიცულან.

„ჩვენ გავიფიცეთ დამწყები სცენარისტების, რედაქტორების, სტუდენტების გამო, რომლებიც ცდილობენ კინოს სამყაროში მოხვედრას. ჩვენ გავიფიცეთ იმ მსახიობის გამო, რომელსაც 4 რეპლიკა შეხვდა, იმ ადამიანის გამო, რომელიც თავის პირველ სამსახურში მუშაობს და ოცნებობს, რომ ოდესმე საკუთარ შოუს შექმნის, როგორც მე 1980-იანებში“, - განაცხადა მარტინმა.

მან ასევე განმარტა, რომ სერიალის „დრაკონის სახლი“ (დაფუძნებულია მარტინის ნაწარმოებზე) გადაღებები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, რადგან მეორე სეზონის სცენარი გაფიცვის დაწყებამდე იყო მზად, პროექტში კი ძირითადად ბრიტანელი მსახიობები მონაწილეობენ, რომლებსაც ამერიკელი კოლეგების პროტესტის მხარდაჭერა ეკრძალებათ.

მაისის პირველი დღეებიდან აშშ-ში ბოლო 15 წლის განმავლობაში სცენარისტების გილდიის პირველი გაფიცვა მიმდინარეობს. ივლისიდან მას ჰოლივუდის მსახიობებიც შეუერთდნენ. გაფიცვის მონაწილეები ხელფასების გაზრდას და სტრიმინგ-სერვისების და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე კონტრაქტების გადახედვას ითხოვენ.