ლოდინით დაღლილმა ფანმა GOT-ის ბოლო ორი წიგნი ხელოვნურ ინტელექტს დააწერინა

ლოდინით დაღლილმა ფანმა GOT-ის ბოლო ორი წიგნი ხელოვნურ ინტელექტს დააწერინა

შეიძლება GOT-ის ერთგული გულშემატკივარი ხარ, შეიძლება — არც. თუმცა, უთუოდ გეცოდინება, რომ საკულტო ფენტეზი საგის, ყინულისა და ცეცხლის სიმღერის, ავტორი ჯორჯ რ.რ. მარტინი უკვე ათ წელზე მეტია, სერიის მეექვსე წიგნს წერს. "ამერიკელ ტოლკინად" შერაცხილმა მწერალმა დაგეგმილი შვიდწიგნეულის ამ დროისთვის ბოლო, მეხუთე ნაწილი დრაკონებთან ცეკვა 2011 წელს გამოსცა. მას შემდეგ კი მკითხველები მოთმინებით (ზოგიც — მოუთმენლად) ელოდებიან მეექვსე ტომს, ზამთრის ქარებს.

მოუთმენელ ფანებს შორისაა პლატფორმა GitHub-ის მომხმარებელი ლიამ სუეინი, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ყინულისა და ცეცხლის სიმღერის საგა "დაასრულა". სუეინმა ChatGPT-ის ჯერ სერიის ბოლო ორი წიგნის მონახაზი შეაქმნევინა, შემდეგ კი თითოეული თავი მარტინისეული სტილით დააწერინა. როგორც აღმოჩნდა, სიუჟეტის მოფიქრების მიუხედავად, ChatGPT-ს მნიშვნელოვანი პერსონაჟები არ დაუხოცავს — რითაც მარტინია ცნობილი. სწორედ ამიტომ, სუეინი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი მწერლებისთვის საფრთხეზე მეტად დამხმარე ინსტრუმენტია.

"ამ პროექტმა აჩვენა, რომ ენის ისეთ მასშტაბურ მოდელებს, როგორიც ChatGPT არის, ნარატივის შესაქმნელად ასობით გვერდის დამუშავება შეუძლიათ. ეს მწერლებს სიუჟეტის სიცარიელეების ამოვსებაში დაეხმარება", — ჰყვება სუეინი, — "ამასთან, ვნახეთ, რომ ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ იმის გაკეთება შეუძლია, რაც წინათ უკვე ბევრჯერ გაკეთებულა. ასე რომ, დავრწმუნდი, რომ იგი უნიკალური ლიტერატურული ნამუშევრების ჩანაცვლებას ახლო მომავალში ვერ შეძლებს.

"ხელოვნურ ინტელექტს გაუჭირდა პერსონაჟების სიკვდილის დაწერა, რადგან ბაზაში არსებულ მწერალთა უმეტესობა მნიშვნელოვან გმირებს არ ხოცავს. აი, სწორედ ეს გამოარჩევს მარტინს სხვა მწერლებისგან: მისი ისტორიები მოულოდნელობებითაა სავსე. ამ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ იმას აკეთებს, რაც ძალიან გავრცელებულია. ამდენად, უჭირს ისეთი ამბების დაწერა, რომლებსაც სხვა წიგნებში ვერ შეხვდებით. ჩემდა გასაკვირად, ახლა უფრო დარწმუნებული ვარ, რომ მწერლების შემოქმედებითი გადაწყვეტილებები შეუცვლელია".

რაც შეეხება მარტინისეულ ზამთრის ქარებს — მწერალმა სულ ბოლოს, გასული წლის მიწურულს გვამცნო, რომ საგის ამ ნაწილის დასრულებას კიდევ "400 თუ 500 გვერდი" უკლია.

ისე კი, მარტინი ჯერ კიდევ სამი წლის წინ ირწმუნებოდა, კარანტინში ყოველდღიურად ვწერ და იმედია, 2021-ში პანდემიასთან ერთად ზამთრის ქარებიც დასრულდებაო. სპოილერი: 2021-ში არც ერთი დასრულებულა და არც მეორე.

თავის დროზე მკითხველები მწერალს დაპატიმრებითაც კი ემუქრებოდნენ, მაგრამ ამანაც არ გაჭრა; ზამთრის ქარები ჯერ ისევ დაუსრულებელია, წინ კი საგის დასკვნითი, მეშვიდე წიგნიცაა დასაწერი — გაზაფხულის სიზმარი.

ყინულისა და ცეცხლის სიმღერის პირველი წიგნი, სატახტოთა თამაში, 1996 წელს დაიბეჭდა. მოგვიანებით, მარტინმა კიდევ ოთხი რომანი შემატა საგას, თუმცა, სერიის პოპულარობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2011 წელს HBO-მ ნაწარმოების მიხედვით სერიალის გადაღება დაიწყო. სერიალი, რომელიც პირველი წიგნის სახელს ატარებს, გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტელეპროექტი აღმოჩნდა. ის რვა სეზონის შემდეგ, 2019 წელს დასრულდა.