"ოპენჰაიმერის" მსახიობების თქმით, გადაღებებზე კილიან მერფის თვალები სულ აბნევდათ

კილიან მერფის ოკეანისფერ თვალებში თუ ოდესმე ჩაძირულხართ, მარტო ნამდვილად არ ხართ. უამრავ ფანზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ირლანდიელი მსახიობის მზერა გადასაღებ მოედანზე მასთან ერთად მყოფ ადამიანებსაც აბნევს თურმე. ყოველ შემთხვევაში, ასე მომხდარა კრისტოფერ ნოლანის ოპენჰაიმერის გადაღებებისას.

ჟურნალ People-თან ინტერვიუში მსახიობმა მეთ დეიმონმა აღიარა, რომ მერფისთან ერთად მუშაობა მისი თვალების გამო ადვილი სულაც არაა.

"როცა სცენაში კილიანთან ერთად ხარ, ეს სერიოზული პრობლემაა", — აღნიშნავს დეიმონი, — "ზოგჯერ ხვდები, რომ, უბრალოდ, მის თვალებში იძირები".

დეიმონს ეთანხმება ფილმში მონაწილე კიდევ ერთი ვარსკვლავი, ემილი ბლანტი.

"აი, როგორც ბილი აილიშის სიმღერაშია, Ocean Eyes ("ოკეანისფერი თვალები")", — ამატებს ბლანტი, — "სულ მაგას ვღიღინებთ ხოლმე".

ამერიკელი ფიზიკოსისა და ატომური ბომბის მამად წოდებული რობერტ ოპენჰაიმერის ცხოვრების შესახებ გადაღებულ ისტორიულ დრამაში კილიან მერფი მთავარ როლს ასრულებს. კრისტოფერ ნოლანის ამ ფილმის პრემიერა რამდენიმე დღის წინ შედგა და უკვე კრიტიკოსების აღფრთოვანებული გამოხმაურებაც დაიმსახურა.

კრისტოფერ ნოლანი, ოპენჰაიმერი და ატომური ბომბი CGI-ის გარეშე
სხვათა შორის, ოპენჰაიმერი მერფის და ნოლანის პირველი საერთო პროექტი არაა — მსახიობსა და რეჟისორს ხუთ სხვა ფილმზე მუშაობაც აკავშირებთ. ამასთან, ნოლანს აღუნიშნავს, რომ თავდაპირველად მერფით სწორედ მისი თვალების გამო დაინტერესდა.