ბიზნესს 40-საათიანი სამუშაო კვირა ეცოტავება, მთავრობა ურჩევს ფული გადაიხადონ

ბიზნესს 40-საათიანი სამუშაო კვირა ეცოტავება, მთავრობა ურჩევს ფული გადაიხადონ

ბიზნესი ამტკიცებს, რომ გარკვეულ სფეროებში 40-საათიანი სამუშაო რეჟიმის დაწესებამ შეფერხება და კადრების დეფიციტიც კი გამოიწვია. ამიტომ ისინი კანონში ცვლილებას და მინიმუმ 48-საათიანი პრაქტიკის დაბრუნებას ითხოვენ. მთავრობაში კი ამბობენ, რომ არავითარი შესწორება არ იგეგმება და ბიზნესს შეუძლია თანამშრომელი დადგენილზე უფრო მეტი დროითაც ამუშაოს, მაგრამ ამისთვის ზეგანაკვეთური ანაზღაურება უნდა გადაიხადოს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუაშვილი ამბობს, რომ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალში ცვლილებამ გარკვეული შეფერხება გამოიწვია.

საუბარია გასული წლის დეკემბრის ბოლოს მიღებულ დადგენილებაზე, რის საფუძველზეც შემცირდა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი. მაგალითად, განახლებულ ჩამონათვალში აღარ გვხვდება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა: მშენებლობა, საფეიქრო ნაწარმის; ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება და ქაღალდის მრეწველობა; სასტუმროები და რესტორნები.

ეს ნიშნავს, რომ ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანები 40-საათიან სამუშაო რეჟიმში მოექცევიან და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით მიიღებენ.

შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული სამუშაოს ასრულებს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, თუმცა განსხვავებული მიდგომაა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებში, სადაც შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის რეჟიმს – კვირაში 48 საათს.

„საწყის ეტაპზევე კვლევა გვქონდა ჩატარებული, რომელიც პასუხს სცემდა კითხვას, თუ რას გამოიწვევდა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის ამგვარი შემცირება. აქედან გამომდინარე, მოულოდნელი არ ყოფილა ის შედეგი, რასაც დღეს ვხედავთ. პირველ რიგში, სამუშაო ძალის ნაკლებობის გამო რიგ სექტორებში საქმიანობა სერიოზულად არის შეფერხებული. იმიტომ, რომ 48-საათიანი სამუშაო კვირის ხანგრძლივობა 40 საათამდე შემცირდა.

სექტორებში ეს იქნება მომსახურება, საცალო გაყიდვები, სამასპინძლო სექტორი გაღრმავდა კადრების დეფიციტისგან გამოწვეული პრობლემა. მანამდეც იყო კადრების დეფიციტი და ახლა ამას უკვე საათების შემცირებაც დაემატა. აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ დანახარჯები გაეზარდათ, რაც ასეა, თუმცა ეს მთავარი არ არის. ადრე არსებული წესისგან განსხვავებით, დღეს დასამქმებული ზეგანაკვეთურად რომ ამუშაო ამას აუცილებლად მისი თანხმობა სჭირდება.

ამას გარდა, ამ შეთანხმების მიღმა აუცილებელია, დასაქმებული და დამსაქმებელი შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური ანაზღაურების ოდენობაზეც. ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ კომპანიებს ახალი კადრების მოძიება უწევთ, რასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ და ეს თანამხმობის პროცესი საკმაოდ პრობლემურია. საბოლოოდ, ეს კომპანიების შეფერხებას იწვევს, თუმცა არა ყველასი“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია მთავრობამ გადახედოს ამ გადაწყვეტილებას, თუმცა მთავრობა ამას სულაც არ აპირებს. ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დამსაქმებლებს პირიქით, ის შეახსენა, რომ ახალი რეგულაციებით, თანამშრომლები კვირაში - 40, ხოლო თვეში ნებადართულ 160 საათზე მეტი დროითაც შეუძლიათ ამუშაონ, თუმცა ამისთვის მათ დამატებითი საფასური უნდა გადაუხადონ. როგორც ჩანს, დამატებითი ხარჯის გაწევა არ უნდა და ესაა მათი უკმაყოფილების მიზეზი. ამიტომ მოსაზრება, რომ ახალმა რეგულაციებმა, სამუშაო დროის შემცირებამ, ბაზარზე სამუშაო ძალის დეფიციტი შექმნა, არასწორია.

„48-საათიანი სამუშაო კვირა ეხება კონკრეტულ სექტორებს, ძირითადად, საცალო სექტორს, სადაც სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალში შეყვანილნი იყვნენ, მაგალითად სუპერმარკეტის მოლარეები, სასტუმროს ან რესტორნების თანამშრომლები, მშენებლები და ა.შ. სპეციფიკური სამუშაოების ნუსხა, სხვა ქვეყნებში როგორც გამოიყენება, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი, სადაც ფორსმაჟორისა და სხვადასხვა მოვლენების დროს სახელმწიფოს ფუნქციონირებას საფრთხე არ უნდა შეექმნას.

ჩვენ იანვრიდან გავასწორეთ და ისეთი ჩამონათვალი დავტოვეთ, რომელიც სახელმწიფო მნიშვნელობის სტრატეგიული სამუშაოებია. შესაბამისად, ვთქვით, რომ მთლიანად სამუშაო ძალისთვის 40-საათიანი სამუშაო კვირა არის ნორმირებული, ანუ თვის განმავლობაში 160-საათიანი სამუშაო დღე არის ნორმირებული. შეუძლიათ ამუშაონ, თუ სწორად მახსოვს, 250 თუ 260 საათიც კი, თვის განმავლობაში, ოღონდ 160 საათის ზევით რასაც ამუშავებენ, ზეგანაკვეთური უნდა გადაუხადონ.

ის, რომ სამუშაო ძალის დეფიციტია და კანონმდებლობით შეუძლებელია ამუშაონ, აქ მსგავსი ასეთი შეზღუდვა არ არსებობს. ზუსტად იგივე თანამშრომლები, რომლებიც მანამდეც მუშაობდნენ პირობითად 192 საათის მუშაობის შემთხვევაში, თვის განმავლობაში, მაგალითად, 500 ლარს იღებდნენ, ახლაც შეუძლია იგივე თანამშრომელს იმუშაოს, 160 საათის განმავლობაში აიღებს პირობითად, იგივე 500 ლარს. 160 საათიდან 192 საათამდე ანუ 32 საათში აიღებს ზეგანაკვეთურს. განსხვავება ეს არის, რომ ოდნავ მეტის გადახდა მოუწევთ“, - აცხადებს აზარაშვილი.