ავტობიზნესი პიკშია: წლის პირველ მილიარდინი ნიშნულია აღებულია

ავტობიზნესი პიკშია: წლის პირველ მილიარდინი ნიშნულია აღებულია

ავტომობილების რეექსპორტმა ყველა რეკორდი დაამხო. წლის პირველ 1 მილიარდი დოლარის სატრანსპორტო საშუალებები გავიდა საქართველოდან და შეიძლება ითქვას, რომ ავტობიზნესი თავისი განვითარების პიკშია. განსაკუთრებით გააქტიურდა შუა აზიის მიმართულება, რომელიც ისედაც მზარდი ბაზარი იყო, მაგრამ ახლა ისინი უკვე რუსეთზეც „მუშაობენ“.

2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 990 მილიონი დოლარის ღირებულების 51 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 267%-ით მეტი იყო. რეექსპორტზე გასული მანქანების უდიდესი ნაწილი მეორადია, ხოლო ერთეულის საშუალო ფასი 19 ათასი დოლარი იყო.

ავტოექსპორტის რეკორდული ზრდა რუსეთის სანქციებს უკავშირდება, რადგანაც ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მეორადი მანქანების აქტიურად შეძენა რუსეთის გვერდის ავლით დაიწყეს. ასევე მკვეთრად არის მომატებული ექსპორტი მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. თუკი არსებული ზრდის ტემპი შენარჩუნდება, მაშინ მანქანების რეექსპორტიდან წელს შემოსავალი 2 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება.

ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, მასშტაბური მატება შუა აზიის ქვეყნებიდან - ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან და ნაწილობრივ ტაჯიკეთიდან მოთხოვნის ზრდას უკავშირდება. ავტოიმპორტიორები აღნიშნავენ, რომ არ არის გამორიცხული, გარკვეული რაოდენობა ამ ქვეყნებიდან რუსეთში გადიოდეს, თუმცა მათი წილი, როგორც „კავკასიის ავტოიმპორტის“ ხელმძღვანელი გიორგი სურგულაძე აღნიშნავს, 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

„ყირგიზეთი და ყაზახეთი მზარდი ბაზრებია. ასე იყო 20 წლის წინაც, როცა ჩვენ ბიზნესს ვიწყებდით და ახლაც ანალოგიური მოცემულობაა. წლების განმავლობაში ეს ბაზრები რუსეთიდან მარაგდებოდა, მაგრამ ახლა იქ ისეთი ვითარებაა, რომ არც აწარმოებს ავტომობილებს და მეორადებიც კი არასაკმარისი რაოდენობით შეჰყავთ.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შუა აზიის ქვეყნები საქართველოდან იმპორტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარკვეულ რაოდენობას რუსეთში ჰყიდდნენ. არ მგონია, მათ წილი 15%-ს აჭარბებდეს“, - აღნიშნა სურგულაძემ

ცოტათი განსხვავებული პოზიცია აქვს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ალექსი ნონიაძეს. მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით ექსპორტის მიმართულებით ზრდა შეინიშნება, მიმდინარე წლის წინა თვეებთან შედარებით შემცირებულია, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბაზარი გაჯერებულია და შემოსულია დიდი რაოდენობით ავტომობილები.

„აქედან გამომდინარე ეს საკითხი ავტოიმპორტიორებისთვის პრობლემურია და ისინი იძულებულები არიან, ავტომობილები თვითღირებულებით ან თვითღირებულებაზე იაფადაც კი გაყიდონ. აქედან გამომდინარე, მივიღეთ ის, რომ ზრდის ტემპები შენელდა. საჭიროა გაყიდული ავტომობილების რაოდენობრივადაც შეფასება. ჯერჯერობით დადებითი ან უარყოფითი ტენდენცია არ შეინიშნება. საერთაშორისო ექსპორტის მიმართულებით დაწინაურდა აზერბაიჯანი, შემდეგ მოდის ყაზახეთი, სომხეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი და უკრაინა“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ ნონიაძემ.

მისი განმარტებით, ეს რეიტინგი დალაგებულია გაყიდული ავტომობილების რაოდენობით და არა ფასით. შედარებისთვის, ყირგიზეთში, მაგალითად, გაყიდულია 236 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილი, რომელიც მეორე ადგილზეა და უსწრებს ყაზახეთს და სომხეთს.

კითხვაზე თუ რამდენად შეიძლება, რომ ყირგიზეთიდან ავტომობილების რუსეთისკენ გადინება მოხდეს, ნონიაძე პასუხობს, რომ ეს დასაშვებია, თუმცა იმის დადგენა თუ რამდენი ავტომობილი ხვდება ყირგიზეთიდან რუსეთში რთულია.

საყურადღებოა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ექსპორტში ლიდერ პოზიციას ყირგიზეთი იკავებს, რომელიც თავის მხრივ, ერთ-ერთი უღარიბესი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და მისი მშპ ერთ მოსახლეზე მხოლოდ 1100 დოლარს შეადგენს (საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 6700 დოლარია), კიდევ უფრო საოცარია, რომ ყირგიზეთში საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილების საშუალო ფასი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და ის 1 სატრანსპორტო საშუალებაზე 40 ათას დოლარს აღემატება.