აშშ-ში, კალიფორნიის ერთ-ერთი ბინადრის, რობერტ მური 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად 200-ზე მეტი ძაღლი მიიყვანეს. ამის შესახებ Fox News-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, მური მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს და მთელი ცხოვრება ძალიან უყვარდა ძაღლები. მას ყოველთვის უხაროდა, როცა მისი ქალიშვილი ელისონი მის მოსანახულებლად თავის ძაღლთან ერთად მიდიოდა. 2020 წელს ძაღლი დაიღუპა, ამიტომ ელისონს მამასთან მეგობრების ძაღლები მიჰყავდა.
100 წლის იუბილეზე ქალმა მამისთვის განსაკუთრებული სიურპრიზის მოწყობა გადაწყვიტა. მან სოციალურ ქსელებში განათავსა განცხადება, რომელშიც ძაღლების პატრონებს რობერტის დაბადების დღის პატივსაცემად მოწყობილ „შინაურ ცხოველთა აღლუმზე“ მოსვლისკენ მოუწოდა.
ელისონს იმედი ჰქონდა, რომ 20 ძაღლს მაინც იპოვიდა, თუმცა საბოლოოდ ზეიმს ასობით ცხოველი დაესწრო. რობერტი ქალიშვილის საჩუქრით კმაყოფილი დარჩა. ყველა ოთხფეხა სტუმრის მოსაფერებლად მას დაახლოებით 2 საათი დასჭირდა.