"შედევრი" — მიაძაკის უკანასკნელ ფილმს კრიტიკოსები აღფრთოვანებით ხვდებიან

14 ივლისს იაპონელმა კინომოყვარულებმა ლეგენდარული ჰაიაო მიაძაკის ახალი ფილმი პირველად იხილეს დიდ ეკრანებზე. ანიმე, სახელწოდებით როგორ ცხოვრობ? (ინგლისურენოვან ვერსიას ბიჭი და ყანჩა ერქმევა) მიაძაკისთვის უკანასკნელი ნამუშევარია — 82 წლის რეჟისორმა და სტუდია ჯიბლის თანადამფუძნებელმა თავადვე განაცხადა, რომ კარიერას ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ მიაძაკის ბოლო ფილმის გამოსვლამდე მის შესახებ, ფაქტობრივად, არაფერი ვიცოდით — სახელისა და ერთადერთი მინიმალისტური პოსტერის გარდა, კინოსტუდიას სხვაგვარი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ანიმეს სახელი კი აღებულია იაპონელი მწერლის, იოშინო გენძაბუროს, წიგნის სათაურიდან, თუმცა, ფილმის სიუჟეტი ნაწარმოებს არ ეფუძნება.

მიაძაკის უკანასკნელი ფილმი ტრეილერის გარეშე გამოვა
ახლა კი, როცა როგორ ცხოვრობ? უკვე პირველმა მაყურებელმა ნახა, ფილმის შესახებ ცოტათი მეტიც გავიგეთ. ამბავი მოზარდ ბიჭზეა, რომელიც თავის პატარა ქალაქში მიტოვებულ კოშკს აღმოაჩენს და მოლაპარაკე ყანჩასთან ერთად ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდება.

პრემიერის შემდეგ, კრიტიკოსების აღფრთოვანებულმა გამოხმაურებამაც არ დაახანა. მიაძაკის გენიალური ხელწერა რომ არ იცვლება, ეს ისედაც ცნობილი ამბავია, მაგრამ მიმომხილველებმა ნამუშევარს მოურიდებლად უწოდეს "შედევრი".

"სრულყოფილი, მრავალშრიანი შედევრი ანიმეს ლეგენდისგან", — წერს გამოცემა Time Out Japan-ის მიმომხილველი ემა სტინი, — "იგავი მოზარდზე მიაძაკისეული რუდუნებით შესრულებული ხელნახატი ანიმაციითა და შთამბეჭდავი ვიზუალებითაა გაცოცხლებული".

სტინის აღფრთოვანებას იზიარებს გამოცემა The Verge-ის კრიტიკოსი ალიშა ჰედიკი, რომლის თქმითაც, მიაძაკის ახალი ფილმი რეჟისორის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია.

"საოცარი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ", — აღნიშნავს ჰედიკი, — "ვისურვებდი, [მიაძაკი] თავის სიტყვას გადავიდეს და კიდევ ერთხელ დაგვიბრუნდეს. იგი ისევ სავსეა შემოქმედებითი პოტენციალით და, დარწმუნებული ვარ, კიდევ 10 ფილმის შექმნის შემდეგაც არ მოაკლდება იდეები. ჩვენ მისი უსაზღვრო ნიჭიერების მხოლოდ მცირე ნაწილს თუ მოვკარით თვალი".

ონლაინგამოცემა Polygon-ის მიმომხილველი სეზარი იან სტრუშიევიჩი კი ფილმის სევდიან განწყობას უსვამს ხაზს.

"ფენტეზი ელემენტები ფილმში უმშვენიერესია; ასევე ვხვდებით ჯიბლისეული, მადის აღმძვრელი საკვების კადრებს", — წერს სტრუშიევიჩი, — "თუმცა, ეს ყველაფერი გარდასულ დღეთა მოგონების სევდას ერწყმის, სენტიმენტალურობისგან დაცლილ გააზრებას იმისა, რომ წარსული ვეღარ დაბრუნდება. ამ განწყობით კი რეჟისორმა თითქოს ბოლოჯერ შეავლო თვალი თავის შემოქმედებას ფარდის ჩამოფარებამდე".

ამერიკელი მაყურებელი მიაძაკის უკანასკნელ ნამუშევარს, სავარაუდოდ, წელსვე იხილავს. ეპოქალური რეჟისორის ახალი ფილმის ჩვენების უფლება სხვა რამდენიმე ქვეყანაშიც გაყიდულია უკვე.