"სააკაშვილს მოეკითხება ყველაფერი, როგორც კი საპრეზიდენტო იმუნიტეტი აღარ ექნება"

"სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში მხოლოდ ის მოახერხა, რომ ქართველ ხალხს თავი შეაძულა. ახლა სულ ერთი თვე აქვს დარჩენილი და გაბოროტებული კაცის პოზიციიდან ლაპარაკობს. ჩემი აზრით, მისი გამოხტომები სერიოზულად არ უნდა შევაფასოთ. ვურჩევ საქართველოს მოსახლეობას, მის გამონათქვამებზე ნერვები არ მოიშალოს. ხშირ შემთხვევაში მას ზრდილობასა და ეთიკურ ნორმებთანაც აქვს პრობლემა, ეს არაერთხელ გამოჩნდა. სააკაშვილი უკვე დედაკაცივით ილანძღება და როგორც ჩანს, 27 ოქტომბრამდე უნდა ავიტანოთ. არ ვიცი, მისი გამოსვლა უგულავასთან ერთად რას შევადარო", - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მანანა კობახიძე: "სააკაშვილს მოეკითხება ყველაფერი, როგორც კი საპრეზიდენტო იმუნიტეტი აღარ ექნება.

"რა ალაპარაკებს უგულავას - მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და სულ ცოტა ხანში სასამართლო გამოიტანს განაჩენს. მას ბრალად ედება საბიუჯეტო თანხების მითვისება, სპეცსახსრების გაფლანგვა და კიდევ უამრავი დანაშაული. ახლა დგას ეს ორი ადამიანი და მოგვიწოდებს, თურმე ჩვენ არასწორად ვმართავთ დედაქალაქს და არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ გრანდიოზულ მშენებლობებთან დაკავშირებით. ადამიანები, რომლებიც იქით არიან დამნაშავე და სულ მალე უნდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე, საყვედურის ტონით აქეთ ლაპარაკობენ. ამათი პრინციპია გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო. ერთს უახლოვდება პრეზიდენტობის დასასრული, მეორეს - სასამართლო განაჩენი. უგულავა დღითი დღე აგრესიული ხდება და ცდილობსმ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროს. იმაზე არიან გამწარებული, რომ ჩვენ ვაცხადებთ - 27 ოქტომბერს დამთავრდება ყველაფერი და არ იქნება არავითარი კოაბიტაცია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანანა კობახიძე.

"ეს ორი ადამიანი სრულიად გაუმართლებელ პროექტებს ახორციელებდა და ამით ხელს ითბობდა ყველა. სააკაშვილს მოეკითხება ყველაფერი - საკითხები გამოაშკარავდება მაშინვე, როგორც კი სააკაშვილს აღარ ექნება საპრეზიდენტო იმუნიტეტი. ვინმეს ჰქონია, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება ადარდებს სააკაშვილს ან უგულავას? ამ პროექტით არა მხოლოდ გადიოდა რკინიგზა ცენტრიდან, არამედ ათასობით ჰექტარი მიწაც თავისუფლდებოდა, რომელსაც შემდეგ უგულავა ძალიან სარფიანად გაყიდდა - უგულავა ყიდის ყველაფერს, დარჩენილ დროს სათავისოდ იყენებს, თბილისში გაუყიდავი სკვერიც კი აღარ დატოვა და ეს პროექტიც მისცემდა საშუალებას, ასეულობით ჰექტარი გაესხვისებინა გნებავთ უცხოელზე, გნებავთ შინაურზე და ა.შ. კაცმა არ იცის, რა კომერციულ პროექტებს ახორციელებს თავისი თანამდებობიდან გამომდინარე - ეს კიდევ ცალკე შესწავლის საგანია. უგულავამ უნდა მიიღოს ადეკვატური პასუხი რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებითაც - არ შეიძლება, დედაქალაქში იყიდებოდეს ყველაფერი და მოგება რჩებოდეს ორ ადამიანს, ამ დროს სახელმწიფოს კი არაფერი", - მიიჩნევს ვიცე-სპიკერი და შეკითხვას - "კი მაგრამ, ნახევრად გაყვანილ რკინიგზაში უკვე მილიონებია ჩაყრილი..." - პასუხობს:

"ყველაფერი გამოძიების საგანი უნდა გახდეს. ეს არის პირველ რიგში რკინიგზის დეპარტამენტის მხრიდან შესაფასებელი. დასკვნა მათ უნდა დადონ, მაგრამ რაც ხელისგულზე დევს - ამ საქმეში დაიხარჯა საბიუჯეტო თანხები, ასეულობით მილიონი ლარი და რა თქმა უნდა, პროკურატურა დაინტერესდება. ფაქტია, საქართველოში ძალიან საეჭვო პროექტები ხორციელდებოდა - თუნდაც იგივე ორი მილი რომ დადეს რიყეზე, რას აშენებდნენ, ვის სჭირდება? აქ არა მხოლოდ დარღვეულია დედაქალაქის არქიტექტურული სახე, არამედ ჩაყრილია დიდძალი თანხები - ამაზე უკვე ლაპარაკობენ სპეციალისტები. უგულავა კი აქეთ გვარიგებს ჭკუას".