ვინ მოზელს მჭადს?

ვინ მოზელს მჭადს?

მართალია, აქეთ ქართველი „მწვანეები“დავობენ, ყვითელ სიმინდს ნუ წააწყმენდინებთ ქართულ ნიადაგსო, იქით ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ამ საქმიდან ზარალის მეტი არაფერი გამოვა, მაგრამ საქართველოს მთავრობა, ბუნებრივია, სოფლის მეურნეობის მინისტრის თავკაცობით, მტკიცედ დგას და არც სხვაგვარად ძალუძს, თითქმის ანეკდოტური პათოსით – „ნასოსი უნდა მისცე“ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყიდო და დათესო ყვითელი სიმინდიო!).

მართალია, საქართველოს სრულიად მთავრობა დარწმუნებულია, რომ საქართველოში მოწეული ყვითელი სიმინდისგან ბუნდღას არ დატოვებს მსოფლიო (სვავებივით დააცხრებიან ყვითელი სიმინდის მოსავალსო), მაგრამ ქართველი გლეხობა არ ჩქარობს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, თუ, მაინცდამაინც, არ დაემუქრნენ: ან სიცოცხლე, ან ყვითელი სიმინდის თესლიო, არც აჩქარდებიან. ამ სიზანტის მიზეზი კი მარტივზე მარტივია: გლეხებმა იციან, რომ, ჯერ ერთი, საკვებად უვარგისია (მეტიც, არც ჩვენი პირუტყვი და შინაური ფრინველი ეტანება, თურმე – მძიმედ აწვება მათ კუჭ-ნაწლავსაც კიო); მეორეც, ნიადაგს ფიტავს; მესამეც, მომავალი წლისთვის თესლს არ ტოვებს და, რაც მთავარია, რა თავში ვიხლითო. აქედან გამომდინარე, ამთავითვე აშკარაა, რომ ამ ჩვენი მთავრობის 30-მილიონიან პროექტს მთლად ია-ვარდებით მოფენილი მომავალი არ „ეჯღანება“.

მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის, რასაც ქართველი გლეხები ამბობენ (მათ შესაბამისი ექსპერტებიც ეთანხმებიან), სრული სიმართლეა და ამ ყვითელ სიმინდს ვერც ჩვენ გამოვიყენებთ და ვერც ჩვენი მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონელი (რას ერჩი, პირის გემო მათაც ჰქონიათ!), ვითარებას ერთი შეხედვითვე ეტყობა, რომ ერთობ დრამატულია. ამიტომაც, კვანძის გახსნის მიზნით, შესაძლოა, ასეთი გამოსავალიც მოიძებნოს: სოფლის მეურნეობის მინისტრმა „ონლაინ“ რეჟიმში უნდა გვაჩვენოს, რა სარგებლობა მოაქვს ყვითელ სიმინდს (ამ სიუჟეტს პირობითად შეიძლება, ასეც ვუწოდოთ: ვინ მოზილავს მჭადს). ხოლო, თუკი ბ-ნი კვეზერელი თავის მიერ ნაქები იმ ყვითელი სიმინდისგან საკვების მაგვარს რამეს დაამზადებს, პოსტრევოლუციური საქართველოს მოქალაქე ყველა გლეხი, უბრალოდ, ვალდებული იქნება, მას მიჰბაძოს. მით უფრო, რომ ასეთი პრაქტიკა აპრობირებულია: ფრინველის გრიპის საფრთხის ჩავლის დასტურად სოფლის მეურნეობის იმჟამინდელი მინისტრი სულ „ონლაინ“ რეჟიმში ავლებდა მუსრს კვერცხსა და ქათამს.