რატომ გვიწევს ჩანთიდან ლეპტოპის ამოღება აეროპორტში უსაფრთხოების შემოწმებისას?

რატომ გვიწევს ჩანთიდან ლეპტოპის ამოღება აეროპორტში უსაფრთხოების შემოწმებისას?

ვისაც თვითმფრინავით ერთხელ მაინც გიმოგზაურიათ, დიდი ალბათობით, გაგჩენიათ კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გიწევთ უსაფრთხოების შემოწმების გავლისას ლეპტოპის ჩანთიდან ამოღება.

შესაძლოა, ამ საკითხთან დაკავშირებით გაგაჩნდეთ საკუთარი ვერსიებიც, რომელთა შემოწმებასაც ჩვენი სტატიის საშუალებით შეძლებთ.

აეროპორტის უსაფრთხოება მკვეთრად შეიცვალა აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ. 9 სექტემბრამდე შეგეძლოთ უსაფრთხოების განყოფილებაში გავლა სავსე ჩანთით, რომელშიც გედოთ 4-დუიმიანი დანაც კი. მართლაც, იმ საბედისწერო დღეს სწორედ ასე აიტანეს თავდამსხმელებმა იარაღი ბორტზე.

თუმცა 11 სექტემბრის შემდეგ სკრინინგის პროცესები მთელ მსოფლიოში ერთ ღამეში შეიცვალა. შეერთებულ შტატებში უსაფრთხოების კერძო კონტრაქტორები, რომლებსაც მინიმალურ ანაზღაურებას უხდიდნენ, ჩაანაცვლეს მაღალკვალიფიციური უსაფრთხოების პერსონალით. ყველაფერი, რაც შეიძლებოდა იარაღად ჩათვლილიყო, ჩამორთმევას ექვემდებარებოდა.

მთელ მსოფლიოში, მოგზაურებს მოულოდნელად მოეთხოვათ ფეხსაცმლის, ქამრებისა და მოსაცმელების გახდა და ტელეფონების, ლეპტოპების, სითხეებისა და იმ ყველაფრის ამოღება, რაც შეიძლებოდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაწილად გამოეყენებინათ.

ეს ცვლილებები რამდენიმე წელი გაგრძელდა. საბოლოოდ, გარკვეული საფრთხეების ეფექტურად იდენტიფიცირებისთვის შემუშავდა სკრინინგის უფრო განვითარებული მეთოდები. დღესდღეობით, ქვეყნების უმეტესობა შემოწმების გავლისას არ მოგთხოვთ ფეხსაცმლის გახდას.

მაშ, რა პრობლემას ქმნის ლეპტოპები? რატომ გვიწევს მათი ჩანთიდან ამოღება უსაფრთხოების შემოწმების ყოველი გავლისას?

მოწყობილობა, რომელშიც თქვენი ჩანთები და სხვა ნივთები შემოწმებას გადის, რენტგენის აპარატია. შესაბამისად, მთავარი მიზეზი, რის გამოც ლეპტოპი ჩანთიდან უნდა ამოიღოთ, არის ის, რომ მისი ბატარეა და სხვა მექანიკური კომპონენტები ზედმეტად მკვრივია რენტგენის სხივების ეფექტურად შეღწევისთვის — განსაკუთრებით, თუკი სკანირების სისტემა ძველია. იგივე ეხება დენის კაბელებსა და სხვა მოწყობილობებს, როგორებიცაა: ტაბლეტები და კამერები.

გარდა ამისა, ჩანთაში მოთავსებულ ლეპტოპში ასევე შეიძლება დამალული იყოს სხვა ნივთები, რომლებიც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს. მოწყობილობის ცალკე სკანირება კი ეკრანზე აჩვენებს მის შიდა კომპონენტებს.

ზოგიერთი აეროპორტი იყენებს განახლებულ 3D სკანირებას, რომელიც მოგზაურებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხოების შემოწმება ლეპტოპების სხვა ნივთებისგან განცალკევების გარეშე გაიარონ. ამდენად, თუკი აეროპორტში ლეპტოპის ჩანთიდან ამოღებას არ გთხოვენ, ეს, ალბათ, იმიტომ ხდება, რომ აეროპორტი სკანირების ძვირადღირებულ სისტემას იყენებს.

მომავალში ეს ტექნოლოგია შეიძლება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, რაც საფრთხეების აღმოჩენისთვის საჭირო დროს ბევრად უფრო შეამცირებს. თუმცა მანამდე, გირჩევთ, ლეპტოპისთვის ცალკე ჩანთა გაამზადოთ და აეროპორტისკენ დროულად გაეშუროთ.