„სრულიად არ მაინტერესებს სააკაშვილის ბედი“

„სრულიად არ მაინტერესებს სააკაშვილის ბედი“

„ერთი წელი კოაბიტაციაში ყოფნა ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ოცი წელი ოპოზიციაში“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩეველთან ერთ-ერთი შეხვედრისას. მარგველაშვილის პირველი სლოგანი კი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კოჰაბიტაციის დასრულება იყო. შესაძლებელია თუ არა არჩევნების შემდეგ კოჰაბიტაციის რეალურად დასრულება; ხომ არ გაჩნდება ახალი ხელისუფლების მიმართ კითხვები; იგივე დასავლეთს, ყოფილი ჩინოვნიკების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ხომ არ აერევა ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ პოლიტიკურ დევნაში? ამ თემებზე ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გვესაუბრება.

ბატონო სანდრო, მარგველშვილი ამბობს, რომ კოჰაბიტაციაში ყოფნა ბევრად რთულია, ვიდრე ოპოზიციაში. გვაძლევს პოლიტიკური მოცემულობა იმის საშუალებას, რომ კოჰაბიტაცია, რომელმაც ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი სერიოზულად გააღიზიანა, მართლაც დასრულდეს?

- პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს, თუ პრეზიდენტი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, რაც აბსოლუტურად არარეალურად მიმაჩნია. ამიტომ ბატონი მარგველაშვილის სიტყვები, რომ კოჰაბიტაცია საპრზიდენტო არჩევნებთან ერთად შეწყდება, აბსოლუტურად სწორია; ოღონდ მისი ოცწლიანი ოპოზიცია მე არ ვიცი - მარგველაშვილი ზურაბ ჟვანიას ახლო მეგობარი იყო და ვიდრე ჟვანიას არ მოკლავდნენ, ის ოპოზიციაში არ იყო.

შესაძლოა, იმ პერიოდზეა ლაპარაკი, როდესაც ჟვანიაც ოპოზიციაში იყო...

- 2006 წლის შემდეგ 20 წელი არ გასულა...

დასავლეთი ხომ არ იქნება ისეთივე მწვავე, ამ საკითხთან მიმართებაში, როგორიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ? სწორედ მისი კატეგორიული მოთხოვნა იყო კოჰაბიტაცია...

-არ მესმის, რატომ უნდა იყოს დასავლეთის მხრიდან კატეგორიული ტონი - კოჰაბიტაცია დამთავრდება. აგიხსნით, რატომ იყო ასეთი კატეგორიული ტონი - საქართველო სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის (ბელორუსის, უკრაინის, მათ შორის - რუსეთისთვის) იყო გზავნილი, რომ შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით, მაგრამ ამავე დროს იმ ქვეყნის ლიდერები უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ კოჰაბიტაცია შესაძლებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება.

ამიტომ, გეოპოლიტიკური მნიშვნელობით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ერთი წელიწადი დაკარგა აღმავლობის გზაზე, კოჰაბიტაციას ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ეს გამოცდა ჩვენ წარმატებით ჩავაბარეთ.

რატომღაც ისე ხდება, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ საპილოტე პროექტი დასავლეთისთვის, მთელი მათი ტექნოლოგიები ჩვენზე მოწმდება-ხოლმე. ერთი მხრივ, ეს საპატივცემულოა, მაგრამ მეორე მხრივ, ცხოვრებაში ძნელი გასატარებელია.

ბოლო პერიოდში სააკაშვილის განცხადებები საკმაოდ გამწვავდა, ეს ეხება პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ თემატიკას. მაგალითად, ბოლო დროს საინტერესო იყო ძვირადღირებული ვერტმფრენების სკანდალი, როდესაც სააკაშვილი აცხადებდა, რომ ამ ქონებით დღევანდელი მთავრობაც სარგებლობს, თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ ამ ვერტმფრენების გაყიდვას ცდილობს. რაში შეიძლება წაადგეს სააკაშვილს მსგავსი განცხადებები, ქვეყნის შიგნით ან გარეთ?

- ორივეგან ცდილობს რაღაცას, მაგრამ - სულ ტყუილად. მან თავისი ნდობის მანდატი ამოწურა როგორც იქ, ასევე - აქ. მარტო მისი გამონათქვამი რად ღირს, რომ ეს ვერტმფრენები ხალხის ევაკუაციისთვის არის შეძენილი, ყველამ ნახა, როგორი ვეტმფრენებიც არის და სრულიად აშკარაა, რომ სააკშვილის გადაადგილებისთვის არის ნაყიდი.

ვიცით, რომ სააკშვილს ძალიან უყვარს ასეთი ფეშენებელური საგნებით თამაში. ისე კი, მისი განხცხადებებიდან ყველაზე სასაცილოდ მომეჩვენა, „ზებრა არ ვარ რომ ივანიშვილმა გალიაში ჩამსვას“ - ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ მისი განცხადებების არავის არ სჯერა და საუბედუროდ, ჩვენი პრეზიდენტი იმდენ ტყუილში გამოიჭირეს, იმ ანდაზისა არ იყოს, „მგელი, მგელიო“ - მის სიმართლესაც აღარავინ დაიჯერებს, რაც ქვეყნის იმიჯისთვის ძალზე ცუდია.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გაოგნებული დარჩა, როდესაც ნახა, რაზე ჰქონდა ხელი მოწერილი საქართველოს მთავრობასა და პატარკაციშვილების ოჯახს. მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრ გრიფით საიდუმლო დოკუმენტს აეხდება ფარდა და საზოგადოებაც იხილავს ამ ყველაფერს. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კიდევ ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს?..

- არა მხოლოდ პასუხისმგებლობის, ბევრ ასეთ საქმეში შეიძლება იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. თუმცა, ვიდრე ამ ხელშეკრულებებს საიდუმლო გრიფი არ აეხსნება, ჩვენ შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რა ტიპის ხელშეკრულება იყო, ან ავყვეთ თბილისის ჭორებს, სადაც არაფერი იმალება - დაახლოებით ცნობილია, რა ტიპის ხელშეკრულებაზეა ლაპარაკი პატარკაციშვილების შემთხვევაში.

სხვათა შორის, ვერტმფრებნების ხელშეკრულებასაც გრიფი საიდუმლო ედო. იგივე სამინისტროების, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თუ მერიის შემთხვევაში, უკვე გამოაშკარავებული ფაქტები, სულ მცირე, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე მეტყველებს, რაც კანონით დასჯადი ქმედებაა. რჩება შთაბეჭდილება, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი ჩართული იყო ამ ყველაფერში. ისევ წრეზე ხომ არ ვტრიალებთ და ისევ ხომ არ მივალთ იქამდე, რომ ძალიან ბევრი ადამიანის დასჯაზე დაიწყება და ლაპარაკი და ისევ პოლიტიკური ამნისტიის თემა გააქტიურდება...

- შესაძლოა, საქმე ნამდვილად მივიდეს აქამდე - ჩვენთან იყო გარკვეული ტიპის ოლიგარქიული მმართველობა, როდესაც ბატონი პრეზიდენტი სახელმწიფო ბიუჯეტს განიხილავდა, როგორც თავის პირად ხაზინას და ხარჯავდა საკუთარი შეხედულებისამებრ. თუ წინააღმდეგობას გაუწევდი, გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდი. ამიტომ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ხალხი იყო ჩათრეული.

იმისათვის, რომ პოლიტიკურ ამნისტიამდე მივიდეთ, აუცილებლად უნდა მოხდეს დენაციფიკაცია. ასეთი მავნე, ქსენოფობური პოლიტიკური ძალა საქართველოში, ჩემი აზრით, უნდა აიკრძალოს. ჩვენ ვერ ავცდებით ერთგვარ ნიურნბერგის პროცესს, როდესაც დაისჯება მხოლოდ სათავე დანაშაულისა, ხოლო შემსრულებლები ამნისტირებულები იქნებიან.

სასაცილოა, როცა პრეზიდენტის ბრძანების გამო რომელიმე გამგებელი აღმოჩნდება ციხეში და ძირითადი დამკვეთები თავისუფლად დასეირნობდნენ ემიგრაციაში, ზურაბ ადეიშვილივით. მეჩვენება, რომ ადრე თუ გვიან განწმენდა მოგვიწევს ამ მორალური კოლაფსიდან.

მოგეხსენებათ, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სამი საპრეზიდენტო კანდიდატი ლიდერობს, მარგველაშვილი, ბაქარაძე და ბურჯანაძე. ამასთან, ბრძოლა მიმდინარეობს მეორე ადგილისათვის - ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალის ადგილის დასამკვიდრებლად. რა დოზით შეიძლება დაისვას ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ ბურჯანაძე მოიპოვებს მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსს და რა დოზით - ბაქრაძის შემთხვევაში?

- არ მჯერა, რომ ბაქრაძე გავა მეორე ადგილზე. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს რესურსი, მაგრამ ეს რესურსი ვფიქრობ, 15%-ს არ აღემატება.

მოხარული ვიქნებოდი, და ქართული დემოკრატიისთვის ეს ძალიან კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტი არ არჩეულიყო პირველ ტურში. მგონია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს, მაგრამ მოხარული ვიქნებოდი, მეორე ტურში მასა და ნინო ბურჯანაძეს შორის გამართულიყო ბრძოლა. თუმცა, პოლიტოლოგი არ ვარ და ამ კითხვაზე გპასუხობთ, როგორც საქართველოს მოქალაქე.

რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს, არ მგონია, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს, რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი რომელ ადგილს დაიკავებს. მთავრობამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და ის საზოგადოებრივი დაკვეთა, რომელიც მიიღო 2012 წლის არჩევნების დროს, უნდა შეასრულოს. სამართლიანობა უნდა აღდგეს.

იმის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი დარჩება თუ არა პოლიტიკაში?

- არ მგონია, რომ ეს გადამწყვეტი იყოს... ივანიშვილი საზოგადოებიდან არ მიდის და არ მგონია, რომ ის, ვინც შემდეგი პრემიერ-მინისტრი იქნება, ისე მოიქცევა, რომ ბიძინა ივანიშვილის აზრს არ გაითვალისწინებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის განწირული იქნება. ვფიქრობ, ნებისმიერს, ვინც არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, ეყოფა გამჭრიახობა, რომ ბიძინა ივანიშვილის აზრს ანგარიში გაუწიოს.

გვახსოვს საკმაოდ მწვავე განცხადებები „ევროპის სახალხო პარტიის“ მხრიდან. იმ შემთხვევაში, თუ პროკუტურაში შეტანილი სარჩელების უფრო სწრაფი ტემპით განხილვა დაიწყება, როგორ ფიქრობთ, დასავლეთს სამართლებრივი და პოლიტიკური დევნის საკითხები ერთმანეთში ხომ არ აერევა?

- „ევროპის სახალხო პარტია“ ჩემთვის ავტორიტეტი არ არის და ამ მრავალათასიანი პარტიიდან მხოლოდ ლიდერები, 20-30 კაცი იღებს ხმას. ამის გარდა, ყველამ ცალსახად თქვა, რომ ის სასამართლო რეფორმა, რომელიც საქართველოში გატარდა, ხელს უწყობს სასამართლო ხელისუფლებას. კოტე კუბლაშვილმაც განაცხადა, რომ სასამართლო ისეთი თავისუფალი, როგორიც ახლაა, არასდროს ყოფილა და ეს თქვა დაახლოებით ოთხი საათით ადრე ქუთაისში ვანო მერაბიშვილის პროცესის დაწყებამდე.

ასე რომ, მე „სახალხო პარტიას“ სასამართლო ხელისუფლებათან გადავამისამართებდი. ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება სასამართლო პროცესებში არ ერევა და მოქმედებს მხოლოდ სამართლებრივი გზით.

ვანო მერაბიშვილი ციხეში ჩასვა არა პროკურატურამ, არამედ სასამართლომ - მოსამართლემ გამოუტანა ეს განაჩენი და „ქართული ოცნებისადმი“ პრეტენზიები „სახალხო პარტიისა“, აბსოლუტურად უსაფუძვლოა და ორმაგი სტანდარტებით სარგებლობას ჰგავს.

რა მომავალს უწინასწარმეტყველებთ სააკაშვილს არჩევნების შემდეგ? არსებობს მოსაზრება, რომ მას დასავლეთი წაიყვანს და ქართული პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრება, თუმცა თვითონ ამბობს, რომ ის ქართულ პოლიტიკაში რჩება და მომავალი ხელისუფლებისათვის ბრძოლას აგრძელებს. თქვენი შეფასებით, სად უფრო აქვს მას შანსები?

- მან სრულიად ამოწურა საკუთარი მანდატი და, სიმართლე გითხრათ, სრულიად არ მაინტერესებს მისი ბედი. მაგრამ, როგორც როგორც ტოლერანტულ ადამიანს, არ მსურს, რომ დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდეს. თუმცა, ის მისაკუთრებული ქონება სააკაშვილმა საქართველოს აუცილებლად უნდა დაუბრუნოს!