კაცი, რომელსაც ცენზურამ ვერაფერი დააკლო

კაცი, რომელსაც ცენზურამ ვერაფერი დააკლო

დღეს ცნობილი რუსი მუსიკოსის, მსახიობის, პოეტის და საერთოდ – დიდი ადამიანის – ვლადიმერ ვისოცკის დაბადების დღეა. ვისოცკი დღეს 73 წლის გახდებოდა. ვისოცკიმ განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოიპოვა საკუთარი სიმღერების გიტარაზე შესრულებით. XX საუკუნის 70-იან წლებში მის სიმღერებს ყოფილი სსრკ-ის პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა იცნობდა მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმღერები იმდროინდელ საბჭოთა ოფიციალურ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში თითქმის არ ისმოდა.

ვისოცკის ეკუთვნის 700-მდე სიმღერა და ლექსი, ითამაშა 30-მდე ფილმში, მონაწილეობდა სპექტაკლებში, კონცერტებით მოიარა თითქმის მთელი ქვეყანა, ხშირად მიდიოდა გასტროლებზე უცხოეთშიც. სასტიკი ცენზურის პირობებში ვისოცკი ეხებოდა აკრძალულ თემებს, მღეროდა ყოველდღიურ საბჭოთა ცხოვრებაზე, სამამულო ომზე. ყოველივე ამან მას უდიდესი პოპულარობა მოუტანა.

1980 წლის 16 ივლისს კალინინგრადში შედგა ვლადიმერ ვისოცკის უკანასკნელი კონცერტი. ამავე წლის 18 ივლისს ვისოცკიმ უკანასკნელად ითამაშა თავისი ყველაზე ცნობილი თეატრალური როლი - ჰამლეტი, შექსპირის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში.

1980 წლის 25 ივლისს, დილის 4:10 საათზე ვისოცკი ძილში გარდაიცვალა მოსკოვში, თავის ბინაში. ანატოლი ფედოტოვის ვერსიით სიკვდილის მიზეზი მიოკარდიუმის ინფარქტი იყო. სტანისლავ შერბაკოვისა და ლეონიდ სულპოვარის ვერსიით კი სიკვდილი დამამშვიდებელი საშუალებების გადაჭარბებული დოზით გამოწვეული ასფიქსიის მიზეზით დადგა. ამ ვერსიების მიუხედავად ვისოცკის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი დღემდე უცნობია

ქართულ ენაზე თარგმნილია ვისოცკის სულ რამოდენიმე მოთხრობა. მათ შორის, ერთ–ერთი მოთხრობის –  სახელწოდებით:  “დელფინები და გიჟები“ ნაწყვეტს შემოგთავაზებთ:

“ერთმა, გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარმა ავადმყოფმა მთავარი ექიმის სახელზე განცხადება დაწერა. აი ტექსტი – სიტყვასიტყვით გთავაზობთ:

“მე ქვემორე ხელისმომწერი, სამუელ იაკობის ძე სოლოვეიჩიკი, ეროვნებით სომეხი, თუ გნებავთ – არა სომეხი, 43 წლის, აქედან 12 თქვენ მოგიძღვენით, ჩემო პატივცემულო მეგობარო, სადღესასწაულოდ და გამგებთა თანდასწრებით ვაცხადებ, რომ:

ჩემი წნევა მერყეობს ერთსა და იმავე საზღვრებში -1230-1240 კვ.კმ./წმ;

ჩემი პულსია – 3-3,5 დარტყმა საათში;

როე – 12 მეგაჰერცი რაუნდში;

შარდი – მუდამ იისფერია;

პრეტენზიები არ მაქვს;

ზემოთაღნიშნულთან დაკავშირებით, თავს, ბოლოს და ბოლოს მივიჩნევ გამოჯანმრთელებულად და აბსოლუტურად, გესმით, აბსოლუტურად ნორმალურად. გთხოვთ, გამიშვათ და გადამცეთ ჩემს შინაყმებს, რომელიც გუშინ გაწერეთ ამ საავადმყოფოდან (თქვენ ხომ ერთხელაც არ მოგვეცით საშუალება, ერთმანეთს შევხვედროდით), რომლებიც გულმხურვალედ მიყვარს. იმედია, მათაც ვუყვარვარ.

გეყოფათ, რაც მასხარად ამიგდეთ წყეულებო!

სიყვარულითა და პატივისცემით...“.