ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის სექტემბრის ჩათვლით, ზოგად, უმაღლეს თუ პროფესიული განათლების სისტემაში უამრავი ცვლილება განხორციელდა.
ზოგადი განათლების ფარგლებში, 2084 საჯარო სკოლის 500 000-მა მოსწავლემ უფასოდ მიიღო სახელმძღვანელოები, ხელფასი გაეზარდა 60 000-ზე მეტ პედაგოგს, ასევე - სკოლების 20 000-მდე ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს, გარემონტდა 600 საჯარო სკოლა, ხოლო 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა უკვე დაწყების პირასაა, აღდგა გაუქმებული სასოფლო ბიბლიოთეკები და მთიან რეგიონებში დაინიშნა სასკოლო ავტობუსები, უფასო ტრანსპორტირებით კი ისარგებლებს 900-ზე მეტი სკოლის 45 000 მოსწავლე.
გარდა ამისა, ორ საჯარო სკოლაში გაიხსნა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის ინტეგრირებული კლასი, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის იაშვილის კლინიკაში მოეწყო სპეციალური სკოლა. უფრო ზუსტად კი, ყველა საჯარო სკოლაში, სადაც ისწავლის სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლე, დამატებითი პერსონალი -სპეცმასწავლებელი იმუშავებს, რომელსაც სამინისტრო დააფინანსებს.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ერთად, განათლების სამინისტრო მათი პედაგოგების წახალისებისთვისაც მუშაობს. წელს პირველად, ყველა პირველი კლასის დამრიგებელს კლასთან მუშაობისათვის ნაცვლად „ბუქისა“, სრულფასოვანი პერსონალური კომპიუტერები გადაეცემა, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში იქნება იტერნეტი და მასწავლებლებს ელექტრონულ რესურსებთან მუშაობის საშუალება ექნებათ. საქართველოს ყველა საჯარო სკოლა ელექტრონულ საქმის წარმოებაზე გადავა, სკოლებში ახალი ტიპის, წარმოების მხრივ გამარტივებული საკლასო ჟურნალები შევიდა, ხოლო მათი ელექტრონული ვერსიის პილოტირება 15 საჯარო სკოლაში დაიწყება.
გარდა ამისა, „ბუკები“, რომელთა დარიგებაც თავის დროზე ნაციონალებმა არაერთგზის გააპიარეს, ამჯერადაც ყველა პირველკლასელს საჩუქრად გადაეცა, ოღონდ ისინი გაუმჯობესებულია ტექნიკური მახასიათებლებითა და პროგრამებით. მათი გამოყენება, არა მხოლოდ პირველ, არამედ, მეორე და მესამე კლასებშიც შეიძლება. ახალი სასწავლო-საგანმანათლებლო თამაშების განახლება-შევსება მომავალშიც სისტემატიურად განხორციელდება.
უფასო სახელმძღვანელოები გადაეცა კერძო სკოლების სოციალურად დაუცველ და საჯარო სკოლის შენობის გასხვისების შედეგად კერძო სკოლის მოსწავლეებად დარეგისტრირებულ მოსწავლეებს, ასევე, 2008 წლის ომში დაღუპული მეომრების შვილებს.
მასწავლებლებისთვის მომზადდა ყველა კლასის საგნობრივი გზამკვლევები, რომელიც სამინისტროს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში აიტვირთება, ხოლო ყველა რესურსცენტრს ეყოლება იურისტი, რომელიც სკოლებს სამართლებრივ დახმარებას გაუწევს.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ყოფილი მინისტრის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სრულად აფინანსებს ბაკალავრიატის 17 სპეციალობის სრულ კურსს, ამასთან, გაიზარდა სახელმწიფო დაფინანსების წლიური მოცულობა და ნაცვლად 1000 სტუდენტისა, 100 %-იანი სახელმწიფო გრანტით დაფინანსდა 4 500 -ზე მეტი სტუდენტი. გაორმაგდა სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება და საამისოდ ბიუჯეტიდან 2 560 00 ლარი გამოიყო. სტუდენტების სახელმწიფო სტიპენდიების ბიუჯეტიც გაორმაგებულია და 3 500 000 ლარს შეადგენს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (უმაღლესი აკადემიური განათლების სამ საფეხუროვან სისტემაზე გადასვლის შემდეგ პირველად) შეიმუშავა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო-კვლევითი გრანტებით დაფინანსების პროგრამა.
სტუდენტთა წახალისებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით 2013 საბიუჯეტო წლის ბოლომდე იმოქმედებს სტუდენტური ფასდაკლების პროგრამა „სტუდენტური ბარათი“.
სიახლე ელით უცხოელ სტუდენტებსაც. 2013-2014 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეების სწავლის დაფინანსების მიზნით ამოქმედდება სახელმწიფო პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც 200 000 ლარი იქნება.
გარდა ამისა, ამოქმედდება 2013-2014 სასწავლო წელს საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეების სწავლის დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა (პროგრამის ბიუჯეტი 45 000 ლარია).
პროფესიული განათლების კუთხითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. შემუშავდა დაფინანსების ახალი წესი და სამინისტრო მზად არის, სრულად დააფინანსოს 15 000-მდე სტუდენტი, რაც წინა წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია, გაიზარდა პროფესიული განათლების სფეროში დასაქმებულ პედაგოგთა ხელფასი და საათობრივი ანაზღაურება გახდა მინიმუმ, 8 ლარი (წინა წლების მაჩვენებელია საშუალოდ 5-6- ლარი). დაიგეგმა სასწავლო შენობებისა და სახელოსნოების რეაბილიტაციის პროექტები, უკვე დასრულების პირასაა ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა ამბროლაურის პროფესიული კოლეჯისათვის. ამასთან, ახალ სასწავლო წელს სტუდენტებს მიიღებს გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრიც.
გარდა ამისა, შესწავლილ იქნა პროფესიულ განათლებაზე ტერიტორიული ხელმისაწვდომობის საკითხი და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მომზადდა ქვეყნის მასშტაბით ახალი პროფესიული სასწავლებლების დაფუძნებისა და განვითარების პროექტი.
ნებისმიერი მოქალაქისათვის (სკოლის მოსწავლეები, ზრდასრულები) პროფესიული ორიენტაციის სერვისის მიწოდება და პროფესიის შერჩევისას დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებაში დახმარების მიზნით, შემუშავდა პროფესიული ორიენტაციის სისტემის ჩამოყალიბების პროგრამა.
ხოლო ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავდა პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (2013-2020). პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა სწორი დიალოგის წარმართვისა და ბიზნესის წახალისების გზით, ფონდის „ათასწლეულის გამოწვევა - საქართველო“ მხარდაჭერით შემუშავდა პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის სტრატეგია.
გარდა ამისა, ნაციონალების მმართველობის დროს საბავშვო ბაღებში დაწესებული გადასახადის გაუქმება განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„თავისუფალი დემოკრატების“ განათლების სფეროს ხელმძღვანელი, დეპუტატი ნინო გოგუაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ განათლების სისტემა ურთულესი სფეროა, რომლის სწორად დაგეგმვაც აუცილებელია. ეს კი ახალმა ხელისუფლებამ მოკლე პერიოდში შეძლო.
„უამრავი პროექტი განხორციელდა, რაც სოციალური კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებებია. თუნდაც უფასო სახელმძღვანელოები. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რათა სახელმძღვანელოები შინაარსობრივადაც გამართული იყოს. ამ მხრივ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და გამომცემლობებთან თანამშრომლობა უფრო დახვეწილი უნდა იყოს. უფასო ფაკულტეტების შემოღებაც წინგადადგმული ნაბიჯია. ამ თვალსაზრისითაც, ბევრი სამუშაო გველის, რადგან საბაზო დაფინანსების გაცილებით დიდი ხვედრი უნდა იყოს უფასო განათლებაში. სახელწიფოსგან 15 ფაკულტეტის დაფინანსება სწორედაც საბაზო დაფინანსებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია“, - აცხადებს ნინო გოგუაძე.
აქვე, გოგუაძე განსაკუთრებულად გამოარჩევს სახელმწიფოს მხრიდან პროფესიული განათლების დაფინანსების საკითხს. მისი თქმით, პროფესიული განათლება ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მუშახელი და ხელობა მოთხოვნადია. ამ შემთხვევაში კი, კარგია, რომ მოსწავლეს სატესტო გამოცდის მხოლოდ მინიმალური მოთოვნილების დაკმაყოფილება მოეთხოვება.