თეა თუთბერიძეს გერმანიაში არ გაახარებდნენ!

თეა თუთბერიძეს გერმანიაში არ გაახარებდნენ!

რა სანაქებოდ იცის თეამ გერმანული ენა, ეს ჩვენმა საზოგადოებამ ქალბატონ დალი ფანჯიკიძის პრინციპულობის წყალობით კარგა ხანია გაიგო. ისიც, რომ შარშან თეასნაირებით გაბეზრებულმა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაუფარავად განაცხადა: „ვინც გერმანულ ენას არ ფლობს, – ჩვენთვის არასასურველია“! გერმანელმა თუთბერიძეებმა ბევრი იჭყლოპინეს, მაგრამ კანცლერს ვერაფერი დააკლეს. თუმცა, როგორც ირკვევა, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც თეას გერმანიაში არ ჩაესვლება: გერმანული მედიის ინფორმაციით, კათოლიკურ დაწესებულებებს შეუძლიათ წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაითხოვონ თანამშრომლები, თუ ისინი რომის პაპს შეურაცხყოფას მიაყენებენ. ასეთი პრეცენდენტი ბადენ–ვიურტემბერგის სასამართლომ შექმნა, რომელმაც კანონიერად ცნო ადგილობრივი კათოლიკური კლინიკის სანიტრის სამსახურიდან დათხოვნა რომის პაპზე ოხუნჯობის გამო.

სანიტარმა ინტერნეტში პოსტი დადო, რომელიც მისმა უფროსობამ პონტიფიკოსის ღირსების შემლახველად მიიჩნია. თავად ავტორი ამტკიცებს, რომ ეს სატირა იყო. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კათოლიკური დაწესებულების თანამშრომლის ქცევა და განცხადებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დამსაქმებლის ფუძემდებლურ ღირებულებებს. სანიტრის გამონათქვამები სასამართლომ კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმად აღიარა.

ის, რომ სანიტარი საკუთარ პოსტებს ფსევდონიმით აწერდა ხელს, სასამართლოსთვის არსებითი არ აღმოჩნდა, რადგან ავტორის იდენტიფიცირება სულაც არ არის რთული. მოსამართლემ დაადასტურა, რომ ამგვარ შემთხვევებში სამსახურიდან დათხოვნამდე გაფრთხილება ან საყვედური აუცილებელი არ არის, ვინაიდან დამსაქმებლისა და დაქირავებულის ურთიერთობები უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ თეა თუთბერიძე მაინც ჩავიდა გერმანიაში და სანიტრად მოეწყო კათოლიკურ კლინიკაში. რთული მისახვედრი არ არის, რომ იგი პოსტებს არ დასჯერდება და რომის პაპზე კარიკატურებსა და უხამს ვიდეორგოლებს გაავრცელებს „ფეისბუქში“. საქართველოსგან განსხვავებით, მას იქ არავინ შეეპუება და სამუშაოს წამში დააკარგვინებენ. თუმცა, რა უნდა თეას გერმანიაში და, თანაც, სანიტრად, – ამგვარი უვიცის არა მარტო დასაქმება, არამედ „მოძღვართმოძღვრის“ მანტიით შემოსვა მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის პირობებშია შესაძლებელი. ასე რომ, ყველამ თავის თუთბერიძეს მოუაროს!