შვედური საინვესტიციო ბანკის, UBS-ის, ვირტუალურ შეხვედრაზე ხელოვნური ინტელექტის (AI) ტენდენციებთან დაკავშირებით სფეროს ექსპერტის შეფასებაც მოვისმინეთ.
ემად მოსტაკის, Stability AI-ის აღმასრულებელი დირექტორის, აზრით, AI ჯერაც განვითარების საწყის ეტაპზეა, მიუხედავად მისი მზარდი პოპულარობისა. მოხსენებას Business Insider ავრცელებს.
"ჯერ კიდევ iPhone 2G, 3G ეტაპზე ვართ", — აცხადებს მოსტაკი — "ვფიქრობ, აფრენა შემდეგ წელს დაიწყება".
Stability AI მილიარდდოლარიანი კომპანიაა, რომელიც სურათების გენერირების კუთხით მუშაობს. ბოლო წლებია, AI სივრცეში მისი ხელმძღვანელი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლიდერად მიიჩნევა. იგი იმ ექსპერტთ შორისაა, რომელთაც ცოტა ხნის წინ AI-ს განვითარების შეჩერება მოითხოვეს. ამის შემდეგ იგი საკუთარ მოსაზრებებს მკაფიოდ აფიქსირებს.
მეორე მხრივ, მოსტაკი ერთადერთი ადამიანი სულაც არაა, რომელიც AI-სთან დაკავშირებით ასე ფიქრობს. შეხვედრის ფარგლებში აზრი მაიკლ ბრისტმაც, UBS-ის ევროპული ტექნოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმაც, დააფიქსირა. მისი განცხადებით, წელს AI მხოლოდ კონფერენციათა 6%-ზე ახსენეს, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის სექტორში ეს კომპანიათა მეოთხედმა გააკეთა.
მოსტაკს თუ დავუჯერებთ, მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მისი ვარაუდით, ხელოვნურ ინტელექტზე მომდევნო წლისთვის წინამძღოლთა 50% ალაპარაკდება.
იგი აღნიშნავს, რომ AI ამ დრომდე უმეტესად მომხმარებლებზეა ორიენტირებული. ამის მაგალითებია: ChatGPT-ის სერვისი, Microsoft-ის მხრიდან Bing სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება, Google-ის მიერ Bard ჩატბოტის გამოშვება და ტექსტის მიხედვით სურათის გენერირების სერვისი, რომელიც Stability AI-ს ეკუთვნის.
მოსტაკის აზრით, როცა AI მომხმარებელს გასცდება, განვითარებაშიც მნიშვნელოვანი ზრდის მომსწრენი გავხდებით.
"ეს სიმშვიდეა შტორმამდე, რადგან მოდელები ჯერ მთლად მზად არაა მეწარმეობისთვის", — ამბობს ის.
როცა AI საბოლოოდ ამ დონეს მიაღწევს, სხვადასხვა სექტორის მეტოქე ფირმებს შორის ულმობელი კონკურენცია დაიწყება. ასე AI-ს დანერგვა უპრეცედენტო საზღვრებს მიაღწევს.
"როცა კონკურენტები მის დანერგვას იწყებენ, პროდუქტიულობის ზრდისა და მეტოქეობის ზეწოლის გამო აყოლა გიწევს", — აცხადებს მოსტაკი.
მისი აზრით, კომპანიებს AI მოდელების საწვრთნელად დიდი დრო არ დასჭირდებათ, რადგან უკვე ისედაც უამრავ მონაცემს ფლობენ; პროდუქტიულობის გასაზრდელად მხოლოდ მოდელების სწორად შერჩევა და გამოყენებაა საჭირო.
მოსტაკი იმასაც აღნიშნავს, რომ ბაზარზე დაზარალდებიან ის ადამიანები, რომლებიც AI რევოლუციას არ აღიარებენ.
"ბაზარი დასჯის მათ, ვინც ამას არ იყენებს", — ამბობს Stability AI-ს აღმასრულებელი დირექტორი.