მომღერალი და მსახიობი დოლი პარტონი ამბობს, რომ ჯერჯერობით პენსიაზე გასვლაზე არ ფიქრობს. 77 წლის დოლის თქმით, ურჩევნია სცენაზე მოკვდეს, ვიდრე პროფესიას თავი დაანებოს.
"მჯერა, რომ თუ მთელი გულით გინდოდა შენი ოცნებების ახდენა და ცხოვრებაში იმდენად გაგიმართლა, რომ ისინი მართლაც აგიხდა, გარკვეულწილად პასუხისმგებლობაც გაქვს, რომ შენი შანსი უნდა გამოიყენო. ამ ოცნების ცხოვრებისგან მაქსიმალური მიიღო — მე კიდევ ის ადამიანი არ ვარ, რომ უბრალოდ ვიჯდე და არაფერი ვაკეთო", — აცხადებს მომღერალი.
პარტონის თქმით, პენსიაზე გასვლა მის გეგმებში არ შედის და იდეალურ შემთხვევაში, სიცოცხლეს სცენაზე დაასრულებდა.
"რომ შემეძლოს, პენსიაზე არასოდეს გავიდოდი. იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც სცენაზე სიმღერის შესრულებისას მოვკვდები. ეს ჩემთვის იდეალური სიკვდილი იქნებოდა, თუმცა რა თქმა უნდა, ამას ჩვენ არ ვირჩევთ. სანამ ჯანმრთელობას არ ვუჩივი, მუშაობა შემიძლია და ჩემი ქმარიც კარგად გრძნობს თავს, იქამდე გაჩერებას არ ვაპირებ", — აღნიშნავს დოლი.
მაისში ქანთრის ვარსკვლავმა ახალი როკ ალბომი დააანონსა, რომელიც 17 ნოემბერს გამოვა. ალბომში მომღერალს ისეთ ვარსკვლავებთან აქვს კოლაბორაცია, როგორებიც ელტონ ჯონი, სტინგი, პოლ მაკარტნი და სტივი ნიქსი არიან. დოლის თქმით, ჯერ კიდევ უამრავი ოცნება აქვს, მათ შორის, თავისი მაკიაჟის ხაზისა და საავტორო შოუს შექმნაა, რომელთა ახდენასაც ახლო მომავალში გეგმავს.