გამოავლინეს მეტეორიტი, რომელიც შესაძლოა, დედამიწის ნაწილი იყოს — ბუმერანგის ეფექტი?

გამოავლინეს მეტეორიტი, რომელიც შესაძლოა, დედამიწის ნაწილი იყოს — ბუმერანგის ეფექტი?

მეცნიერებმა გამოავლინეს მეტეორიტი, რომელიც შემადგენლობით ოკეანის ფსკერს ჰგავს. აქედან ასკვნიან, რომ ის შესაძლოა, ჩვენი პლანეტიდან როგორღაც კოსმოსში მოხვედრილიყო, შემდეგ კი ბუმერანგივით ისევ უკან დაბრუნებულიყო.

ეს ობიექტი, რომელიც აფრიკაში მდებარე მაღრიბის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, Northwest Africa 13188 (NWA 13188)-ის სახელითაა ცნობილი და 646 გრამს იწონის. მასში ორი ტიპის მინერალები დომინირებს — პლაგიოკლაზები და პიროქსენები, რომლებსაც მთლიანი შემადგენლობის დაახლოებით 3/4 უკავია.

სპეციალისტებმა მეტეორიტში არსებული ჟანგბადის იზოტოპებიც შეისწავლეს. ქიმიური ელემენტების მახასიათებლები მათი ბირთვის გარშემო მოძრავი პროტონებისა და ელექტრონების რაოდენობით განისაზღვრება. ამის მიუხედავად, განსხვავებული შეიძლება იყოს ნეიტრონების რიცხვი, რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ იზოტოპს ვიღებთ.

გამონაკლისი არც ჟანგბადია, რომელიც, ძირითადად, O-16-ის იზოტოპის სახითაა წარმოდგენილი, O-17 და O-18 კი ბუნებაში შედარებით იშვიათია. სხვადასხვა ციურ სხეულზე ეს იზოტოპები და მინერალები განსხვავებული პროცენტულობითაა გავრცელებული, ზემოხსენებული მეტეორიტის შემადგენლობა კი ამ კრიტერიუმებით სწორედ დედამიწას შეესაბამება.

სამაგიეროდ, მას ძალიან კარგად ჩამოყალიბებული გამონადნობი ქერქი აქვს, რომელიც მეტეორიტებშია გავრცელებული ისევე, როგორც ბერილიუმის, ჰელიუმისა და ნეონის იზოტოპების კონკრეტული კონცენტრაციები. ეს მიანიშნებს ისეთ ობიექტზე, რომელზეც კოსმოსური გამოსხივება გავლენას 10 000 წლის განმავლობაში ახდენდა.

"NWA 13188-ს მივიჩნევთ მეტეორიტად, რომელიც დედამიწიდან გაიტყორცნა, შემდეგ კი მის ზედაპირზე დაბრუნდა. ეს სცენარი მეტეორიტთა უახლეს აღწერას შეესაბამება, რომ ციური სხეულიდან გატყორცნილი მატერია, რომელმაც მზის ან სხვა სხეულის გარშემო დამოუკიდებელ ორბიტას მიაღწია და ისევ მშობელ პლანეტას დაუბრუნდა, მეტეორიტად უნდა ჩაითვალოს", — აცხადებენ ავტორები.

მათი თქმით, იმის დამტკიცება ძნელია, მართლაც ასე მოხდა თუ არა, მაგრამ მეტის გასაგებად იზოტოპების უფრო დეტალურად შესწავლას გეგმავენ. მეცნიერებს სურთ გაარკვიონ, როგორ დატოვა ამ ობიექტმა დედამიწა.

ეს შედეგები მათ ახლახან გამართულ გეოქიმიურ კონფერენციაზე წარადგინეს.