ჯეიმს კამერონი მედიაში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც, რეჟისორი ტიტანის ტრაგედიის შესახებ ფილმზე მუშაობს. კამერონმა ჭორებს შეურაცხმყოფელი უწოდა და დაადასტურა, რომ წყალქვეშა ნავის ტრაგედიის შესახებ არანაირ ფილმს არ იღებს.
შეგახსენებთ, რომ კომპანია OceanGate-ის ტურისტული წყალქვეშა ნავი, რომელიც ჩაძირული ტიტანიკისკენ მიემგზავრებოდა, 18 ივნისს გაუჩინარდა. ბორტზე მყოფ 5 ადამიანთან კავშირი წყალში ჩაშვებიდან საათისა და 45 წუთის შემდეგ გაწყდა. მას შემდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამძებრო სამუშაოების პროცესში მაშველებმა ძლიერი ხმაურიც დააფიქსირეს, რომელიც, ერთ-ერთი ვარაუდით, აფეთქებას შეიძლება მოჰყოლოდა. 23 ივნისს აშშ-ის სანაპირო დაცვამ დაადასტურა, რომ ბორტზე მყოფი ადამიანები დაიღუპნენ.
ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ჯეიმს კამერონი წყალქვეშა ნავის ტრაგედიასთან დაკავშირებით ფილმის გადაღების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. სწორედ ამ ბრალდებას გამოეხმაურა რეჟისორი და ტვიტერზე პოსტი დაწერა.
"მედიაში გავრცელებულ შეურაცხმყოფელ ჭორებს ჩვეულებრივ არ ვპასუხობ ხოლმე, მაგრამ ახლა საჭიროა. არანაირი მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებ OceanGate-თან ფილმის გადაღების შესახებ და არც ოდესმე ვაპირებ", — წერს ჯეიმს კამერონი ტვიტერზე.
წყალქვეშა გემის ტრაგედიას ჯეიმს კამერონი აქამდეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. "წყალქვეშა ინჟინერიის სფეროში ამ წამოწყებას ძალიან დიდი შეშფოთება მოჰყვა. ექსპერტები წერილებსაც კი სწერდნენ კომპანიას იმის სათქმელად, რომ ასეთ ღრმა ადგილას ტურისტული ნავით ჩასვლა ძალიან სახიფათოა და ამისთვის ჯერ შესაბამისი სერტიფიკატების აღება და მსგავსი პროცედურების გავლა იყო საჭირო", — განაცხადა კამერონმა ABC-სთან ინტერვიუში.