SOS!!! დაცვის პოლიციის ტენდერებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს!

SOS!!! დაცვის პოლიციის ტენდერებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს!

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესების შესახებ ყველა ლაპარაკობდა, თუმცა კონკრეტული მაგალითების შესახებ ნაკლებად ლაპარაკობდნენ, რადგან თუკი რომელიმე ბიზნესმენი გაბედავდა რამის გაპროტესტებას, მას ან უცხოეთში უწევდა გაქცევა, ან ნარკოტიკებისა თუ იარაღის ტარების საბაბით საპყრობილეში აღმოჩნდებოდა, იქიდან თავის დასაღწევად კი თუ რამე გააჩნდა ყველაფრის გაყიდვა- გაჩუქება უწევდა.

გასულ წლებში სხვადასხვა უწყებების მიერ გაუმჭვირვალე ტენდერებით „ათვისებულ“ საბიუჯეტო ხარჯებს მართალია, სამართალდამცველი უწყებები უკვე სწავლობენ, მაგრამ ყველა საქმის შესწავლას ალბათ საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. მანამდე კი იმ სქემას შემოგთავაზებთ, რომლის მეშვეობითაც ყოფილი ხელისუფლების ჩინოვნიკებთან დაახლოებული პირებმა საკუთარი ბიზნესების აწყობა შეძლეს.

ხელთ ჩაგვივარდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დაცვის პოლიციის ავტომანქანების მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერებში წლების მანძილზე ერთი კომპანია იმარჯვებდა. ყველაზე საინტერესი ის არის, რომ კომპანია მხოლოდ დაცვის პოლიციის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობდა და იმარჯვებდა კიდეც. სხვა უწყებების ტენდერებს კი რატომღაც არ აღიარებდა და თუნდაც წარუმატებლად არც ერთ სხვას ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია.

დაცვის პოლიციის ტენდერების შესახებ ინფორმაცია ავტოსერვისის სხვა კომპანიებსაც აქვთ, რადგან ამ უწყების ტენდერებში მონაწილეობა მათაც მიუღიათ, თუმცა - წარუმატებლად. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში შიშის სინდრომი გაქრა, ავტოსერვისის არც ერთმა კომპანიამ ღიად საუბარი არ ისურვა, თუმცა ის სქემა, რომლითაც ერთი კომპანია ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა, მათთვის კარგად არის ცნობილი.

სქემა კი საკმაოდ მარტივია. როგორც აგვიხსნეს, მაგალითად, როდესაც ნახევარმილიონიან ტენდერში კომპანია „იმედი ავტო 5“  პირველად ფასად 250 ათას ლარს ასახელებს, მასთან კონკურენციას უკვე აზრი ეკარგება, რადგან ნახევარ ფასად მომსახურების გაწევა კომპანიის ზარალზე წასვლას ნიშნავს.

„მაგალითად, სიჩქარეების კოლოფების შკეთებაში თუ დაცვის პოლიციას გათვალისწობებული აქვს 6 ათასი ლარი, „იმედი ავტო 5“-ს მითითებული აქვს, რომ ამ მომსახურებას 2 ათას ლარად შეასრულებს. თუ ძრავის შერემონტება ჯდება 1000-ლარზე მეტი შეთავაზებული აქვთ 0 ლარი. ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე განმეორდა, ამიტომ დავინტერესდი, რაში იყო საქმე და ტენდერებთან დაკავშირებით ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია მოვიძიეთ.

აღმოჩნდა, რომ მაგალითად 2011 წელს დაცვის პოლიციას ხუთი ტენდერი აქვს გამოცხადებული და აქედან „იმედი ავტო 5“-ს ოთხი ტენდერი აქვს მოგებული. გარდა ამისა, „იმედი ავტო-5“-ს წინა ხელისუფლების დროს არც ერთ სხვა ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა. სხვა ორგანიზაციების მომსახურება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გადაწყვიტა“ - განაცხადა ერთ-ერთი ავტოსერვისის ხელმძღვანელმა, რომელმაც არც საკუთარი და არც მისი კომპანიის დასახელება არ ისურვა.

ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის თანახმად, „იმედი ავტო 5“ ტენდერებში მესამე წელია, მონაწილეობას იღებს. 2011 და 2012 წლებში მხოლოდ დაცვის პოლიციის ტენდერებში აქვს მონაწილეობა მიღებული.

შევეცადეთ გაგვერკვია, ტენდერში წარუმატებლობის შემთხვევაში რა ზარალს განიცდის კომპანია. აღმოჩნდა, რომ თუ მაგალითად, ნახევარმილიონიან ტენდერში მონაწილეობ, სატენდერო თანხის 10% აუცილებლად უნდა გქონდეს ანგარიშზე და ათი დღის განმავლობაში ამ თანხით სარგებლობის უფლება არ გაქვს. წაგების შემთხვევაში ზარალი დაახლოებით 200-300 ლარია. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აშკარაა, რომ „იმედი ავტო 5“ მონაწილეობდა მხოლოდ იმ უწყების ტენდერებში, რომლის მოგების გარანტიაც წინასწარ ჰქონდა მიღებული. ასეთი გარანტიის მიღება კი შეუძლებელია ვინმესთან გარიგების გარეშე.

ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტშია განთავსებული და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი მიღება.

„შეუძლებელია, ჯიპის ძრავა შეაკეთო და მომსახურების ფასად 0 ლარი გქონდეს მითითებული. „შკოდაზე“ თუ 6 ათასი ლარი ღირს სიჩქარეების ახალი კოლოფი, „იმედი ავტო 5“-ს 1000 ლარი აქვს მიითებული. „მერსედესის“ ძრავის ამოღება და ჩადგმა, უწყებას 200, ნაწილების ფასი კი 1800  ლარად აქვს შეფასებული, ტენდერში მონაწილე კომპანიას კი მომსახურებისა და ნაწილების ფასად 0 ლარი აქვს მითითებული. გამოდის, რომ ეს საჩუქარია ან... კითხვები ჩნდება - უცვლიან თუ არა იმ ნაწილს რეალურად“ - აცხადებს ავტოსერვისის თანამშრომელი.

როგორც აგვიხსნეს, თუ მაგალითად მოახერხე და დაცვის პოლიციაში ვინმეს გაურიგდი, ადვილად შესაძლებელია სულაც არ იყოს ავტომანქანა შესაკეთებელი, მაგრამ დოკუმენტებში მიუთითო, რომ ძვირადღირებული ნაწილების შეცვლა მოხდა და თანხის ათვისება უკვე პრობლემა აღარ არის. შემდეგ როგორ განაწილდება „გაცოცხლებული“ ფული, ეს უკვე სხვა საკითხია.

უამრავი ავტოსერვისი არსებობს და რომელიმემ 10-დან 3 ტენდერი თუ მოიგო, ეს უკვე საუკეთესო შედეგად ითვლება. დაცვის პოლიციის მიერ გამოცხადებილ ყველა ტენდერს ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი კომპანია რომ იგებდა, სავარაუდოდ, არა მხოლოდ კონკურენტი ავტოსერვისების, არამედ ალბათ სამართალდამცველი სტრუქტურების ინტერესის საგანიც უნდა გახდეს.

მაგალითად, 2012 წლის მარტში გამოცხადებულ ტენდერში „34300000-ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისთვის“ დაცვის პოლიციის მიერ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განსაზღვრული იყო 80 ათასი ლარით, „იმედი ავტო 5“-მა ამ მომსახურებისთვის 52952 ლარი შესთავაზა და შესაბამისად, ტენდერი დაბალი ფასით მოიგო.

2012 წლის იანვარში კი „50100000-სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები“-სთვის დაცვის პოლიციამ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 177 295 ლარი განსაზღვრა, „იმედი ავტო 5“-მა კი ამ მომსახურების 32 ათას ლარად შესრულება შესთავაზა და, ბუნებრივია, ტენდერშიც გაიმარჯვა.

იგივე მომსახურება 2011 წლის დეკემბერში გამოცხადებულ ტენდერში 2017 640-ლარის ნაცვლად 170 ათას ლარად შეასრულა, 2011 წლის ივნისში კი, 167 549-ათასიანი მომსახურება - 21 ათას ლარად.

მართალია, „იმედი ავტო 5“ 2013 წლიდან სხვა ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ტენდერებშიც მონაწილეობს, მაგრამ კვლავ დაბალი ფასებით ცდილობს გამარჯვებას, მაგალითად 2013 წლის თებერვალში 175 352 ლარიანი ტენდერი 51000 ლარის შეთავაზებით მოიგო, იმავე წლის თებერვალში სხვა კატეგორიაში გამოცხადებულ 502 497-ლარიანი ტენდერი 69 000 ლარით მოიგო. სპეციალისტები განმარტავენ, რომ სრული გამჭვირვალობის პირობებში შეუძლებელია, სატენდერო და შეთავაზებულ ფასებს შორის ასეთი სხვაობა იყოს, რადგან ამ სამუშაოების შესრულება მეხუთედი და მეათედი ფასებით ნამდვილად შეუძლებელია.

ჩვენ შევეცადეთ რამდენიმე ავტომომსახურების ცენტრში გაგვერკვია, ასეთი მოცემულობის პირობებში რეალურად რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ საქმეში კარგად გარკვეული ადამიანები ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებენ, სამაგიეროდ აგვიხსნეს, რომ ეს იყო ძალიან მარტივი სქემა, სადაც აშკარად იკითხება გარიგების კვალი, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა დანაშულის კვალი სათანადო უწყებებმა ვერც კი აღმოაჩინონ. მაგალითად, ავტომანქანის ზოგიერთი ნაწილი თუ რამდენჯერმეა შეცვლილი, ექსპერტიზას გაუჭირდება დადგენა, 2-ჯერ შეცვალეს ის თუ 3-ჯერ ან 5-ჯერ. თუმცა, მათივე ვარაუდით, დოკუმენტაციის სათანადოდ შემოწმების შემთხვევაში შეუსაბამობების და საეჭვო მომენტების დადგენა საკმაოდ ადვილი იქნება.

სქემა მარტივია - თუ ავტომანქანას შესაცვლელი აქვს წევის ბუნიკი, რომელიც 45 ლარი ღირს მომსახურების თანხა კი 15 ლარს შეადგენს, შეგიძლია მიუთითო, რომ კონდენციონერის გამაგრილებელი ავზი ან ავტომობილის ქვედა ან ზედა ე.წ. „გიტარაც“ შესაცვლელი იყო, რომლის ფასებიც მომსახურებასთან ერთად 500-600 ლარს შორის მერყეობს. თანხა გადაირიცხება, რეალურად კი 60 ლარის სამუშაო იქნება შესრულებული. ეს სქემა იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ ორი მხარე ერთმანეთთან გარიგებულია. არსებობს ეჭვები, რომ  დაცვის პოლიციასა და „იმედი ავტო 5“-ს შორის სწორედ ასეთი სქემები მუშაობდა, თუმცა უკეთესია, თუ შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან ამ საკითხს და არსებობის შემთხვევაში კორუფციულ ფაქტებს გამოავლენენ.

ეჭვებს ისიც აძლიერებს, რომ საქართველოში წლების განმავლობაში ბიზნესი პოლიტიკას ისე შეეზარდა, რომ შეუძლებელი იყო მფარველების გარეშე ბიზნესში წარმატების მოპოვება. წართმეული და დაწიოკებულ-შეშინებული ბიზნესების შესახებ ახალს უკვე ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მაინც, ახალი ხელისუფლება ამ პრობლემას უფრო სერიოზულად შეხედავს და დაპირებულ სამართლიანობას ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომს გახდის.