მეხორბლეების მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით მთავრობამ კიდევ ერთი სასწრაფო გადაწყვეტილება მიიღო

მეხორბლეების მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით მთავრობამ კიდევ ერთი სასწრაფო გადაწყვეტილება მიიღო

მთავრობამ მეხორბლე ფერმერების მდგომარეობა კიდევ ერთხელ გაითვალისწინა და მორიგი შეღავათი გაუწია. საქმე ისაა, რომ მარცვლეულის მწარმოებლები მოსავლის დიდ ნაწილს ვერ ყიდიან, რადგან წისქვილკომბინატები ხორბალს იმ ფასად არ იბარებენ, როგორც ეს მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების პირობაში იდო. მიზეზი ისაა, რომ ძველი მოსავლის მხოლოდ 10% აკმაყოფილებს სასურსათო დანიშნულებით გამოყენებისთვის მოთხოვნებს.

იმის გამო, რომ ფერმერებს ხორბლის ძველი მოსავლის რეალიზაცია შეძლებოდა, წისქვილები კი ამუშავებულიყვნენ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 ივნისიდან რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილზე 200-ლარიანი დროებითი მოსაკრებელი დაწესდა. სანაცვლოდ წისქვილებმა აიღეს ვალდებულება, რომ ფერმერებისგან 1 კილოგრამ სასურსათო ხორბალს 70 თეთრად შეიძენდნენ. სინამდვილეში ეს პირობა არ სრულდება. 1 კგ ხორბლის ჩასაბარებელი ფასი 45 თეთრს არ აღემატება. მიზეზი უხარისხობაა. შესაბამისად, მოსავლის უდიდისი ნაწილი მხოლოდ მეცხოველეობისთვის თუ გამოდგება და ამ მხრივაც პრობლემებია, რადგან იგივე სახის პროდუქტი რუსეთიდან უფრო იაფად შემოდის.

ამიტომ მთავრობა დაღერღილი ხორბლის იმპორტს კრძალავს. ასეთი გადაწყვეტილება ეკონომიკურმა გუნდმა გუშინ მიიღო, რომელიც ძალაში 1-ელ ნოემბრამდე იქნება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. სხდომაზე საუბარი შეეხო ხორბლის იმპორტის საკითხს. აღინიშნა, რომ უხვი ნალექის შედეგად კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სასურსათო ხორბლის მოთხოვნებს, რის შედეგადაც ფერმერებს უწევთ ხორბლის რეალიზაცია საფურაჟე დანიშნულებით.

აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით მიღებულია გადაწყვეტილება, დაღერღილი ხორბლის იმპორტის 2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე შეზღუდვასთან დაკავშირებით“, - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მეხორბლე ფერმერების საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება, რომელიც 14 ივლისს იყო დაგეგმილი. ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ საფურაჟე ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესებას შეეხებოდა. მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე აქციის საჭიროება აღარ არის.

„პრინციპში ამ ეტაპზე აქციის გამართვის საჭიროება აღარც არის, თუმცა თუ ეს მერეც არ იმუშავებს, მოგვიწევს კვლავ აქციის ფორმას მივმართოთ. აქციები ჩვენი თვითმიზანი არ არის, მაგრამ როდესაც ასეთ დღეში ვართ და არავინ გვისმენს და ვიძირებით, იძულებულები ვხდებით, რომ აქციის ფორმას მივმართოთ, რადგან სხვა გზას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ბენიაიძემ.

მსხვილი მწარმოებლები კი მთავრობის პოზიციას მიესალმებიან. შპს „ლომთაგორას“ ხელმძღვანელი ბ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

„სხვანაირად დარგი, ალბათ, ვერ გადარჩება. მთავრობის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღება საჭირო იყო. ხორბალი ისედაც არ შემოდის, მაგრამ ეს მხარდაჭერა ნამდვილად კარგია. მოსავლის აღების პროცესი ახლა მიმდინარეობს. ხშირი წვიმის გამო დაგვიანდა და შესაბამისად, არ ვიცით როგორი მოსავალი იქნება. ზოგადად კი, ალბათ, აღებაც გაძნელდება, ხარისხიც შედარებით დაბალი იქნება. უხვი ნალექის გამო, ხორბლი სასურველი ხარისხის არ არის“, - განუცხადა „რეზონანსს“ კახა ლაშხმა.

შეგახსენებთ, მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის მოთხოვნა იყო, რომ წისქვილკომბინატებს ადგილობრივი წარმოების ხორბალი 70 თეთრად ჩაებარებინათ. გარდა ამისა, მათი ისინი საფურაჟე ხორბალზე სარკისებური ბაჟის დაწესება სურდათ, რადგან შემოსული ხორბალი ადგილობრივ ფასებს ქვემოთ აგდებდა.

მიშა პარალელურად, ახალი ტექნოლოგიების ათვისება და ხარისხიანი სათესლე მასალის შესყიდვა და თესლის განახლება რომ მოხდეს მეხორბლეების მიერ, ეგრე ვერა?
გაისად მაინც რომ მსგავსი პრობლემების წინაშე არ დადგნენ.
თუ გაფიცვა და მთავრობის დაშანტაჟება უფრო ადვილი გზაა მიზნის მისაღწევად?
10 თვის უკან