მიმდინარე წლის 14–15 სექტემბერს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მე-4 ეტაპი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კლუბ „MIA FORCE“-ის ოთხივე მრბოლელმა: დავით ქაჯაიამ, კონსტანტინე კოლიაშვილმა, ლაშა ნადირაშვილმა და ირაკლი ჩხეიძემ.
„ლეგენდ“-ის კლასის რბოლაში წარმატებით იასპარეზა დავით ქაჯაიამ და პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო „ფორმულა ალფა“-ს კლასის რბოლაში საპრიზო ადგილები ასევე სპორტულ კლუბ „MIA FORCE“-ის წევრებმა გაინაწილეს. ლაშა ნადარეიშვილმა -პირველი, ხოლო ირაკლი ჩხეიძემ მეორე ადგილი აიღო. საერთო ჩათვლაში კი ორივე კლასის რბოლებში გუნდმა პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა.
სპორტული კლუბი „MIA FORCE“ 2011 წელს ჩამოყალიბდა და მასში შსს–ს მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან გაწევრიანებული. კლუბი დაარსების დღიდან აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ,,ლეგენდ“-ის და ,,ფორმულა ალფა“-ს კლასებში.
გასული სეზონის განმავლობაში „MIA FORCE“-ის მრბოლელებმა ძლიერი კონკურენციის ფონზე არაერთ წარმატებას მიაღწიეს. საერთო ჩათვლაში გუნდმა მეორე საპრიზო ადგილი აიღო, ხოლო მრბოლელები საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორები გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ სპორტული კლუბ „MIA FORCE“–ის მრბოლელებმა დავით ქაჯაიამ და კონსტანტინე კოლიაშვილმა მიმდინარე წლის 6, 7 და 8 სექტემბერს საფრანგეთში, ქ. ალბის ავტოდრომზე გამართულ „ლეგენდ“-ის თასის ევროპის ეროვნებათა ჩემპიონატში (LEGENDS CARD CUP) მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნული ჩემპიონატი „ლეგენდ“-ის კლასის სპორტული ავტომობილების წრიულ რბოლაში ყოველწლიურად ტარდება. წელს მასში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 32 მონაწილემ იასპარეზა. შეჯიბრის სამივე რბოლის (20-20 წუთიანი და 40 წუთიანი) მიმდინარეობისას არაერთხელ შეიცვალა მოწინავე პოზიციები; დასკვნითი რბოლის დასრულების შედეგად დავით ქაჯაია მე-2 ადგილზე გავიდა, ხოლო კოტე კოლიაშვილიმა რბოლა მე-3 ადგილით დაასრულა.
საბოლოოდ, დავით ქაჯაიას 595.5 ქულით 1-ლი ადგილი უკავია და მე-2 ადგილზე მყოფ ფრანგ მრბოლელს 61,5 ქულით უსწრებს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ზრდის მის შანსს ევროპის ჩემპიონის ტიტულის მისაღებად. დარჩენილია ევროპული ჩემპიონატის კიდევ ორი ეტაპი, რომელიც საფრანგეთში სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართება.