დიდი ქართველი მსახიობი დოდო აბაშიძე დიდი იუმორის პატრონიც გახლდათ. ხანდახან იუმორს გამომგონებლობასაც "უთავსებდა" და კარგი პურმარილი მზად იყო. დოდოს ხშირად პატიჟებდნენ საქეიფოდ თანამდებობის პირები - გამოჩენილ მსახიობთან და კოლორიტულ პიროვნებასთან ქეიფი მათთვის სასახელოც იყო და სახალისოც. დოდომაც ასეთი რამ მოიფიქრა.
შეიძინა ფოტოსურათების ალბომი, საზოგადოებაში ცნობილ რამდენიმე ახლობელს ოცდახუთ, ორმოცდაათ და ასმანეთიანებზე ხელი მოაწერინა და ალბომში ჩააკრა.
როდესაც "შესაფერის" სუფრაზე დაპატიჟებდნენ, ალბომიც თან მიჰქონდა. ჩინოსნებს რომ ღვინო მოეკიდებოდა, შუა ქეიფში გადაშლიდა თავის ალბომს და იქ მყოფთ მიმართავდა: რა კარგად მოვილხინე, მინდა დღევანდელი დღის სამახსოვროდ რაიმე დამრჩეს. თქვენამდე ამა და ამ ხალხთან ვიქეიფე, სამახსოვრო სხვა რომ არაფერი ჰქონდათ, ფულზე მომიწერეს ხელი. ამის შემდეგ ასეთი ტრადიცია მაქვს, მნიშვნელობა არა აქვს, რა ფული იქნება, ხელი მოაწერეთ და აქ ჩავაკრავო.
მათაც "ღირსების საქმედ" მიაჩნდათ, რომ ერთმანეთს არ ჩამორჩენოდნენ და სულ მალე ალბომი მსხვილი კუპიურებით ივსებოდა. ასეთი თავყრილობის შემდეგ დოდო აბაშიძეს და მის ნამდვილ ძმაკაცებს, მეორე დღეს კარგი ქეიფი გარანტირებული ჰქონდათ. ალბომიც ცარიელდებოდა, მხოლოდ რამდენიმე გვერდი რჩებოდა ხელუხლებელი, ახალი "სამახსოვროების" შესაგროვებლად.