ტომ ჰოლანდს ადამიანი-ობობას განსახიერება, ბარმენობა და მომავლის წინასწარმეტყველებაც კი შეუძლია, მაგრამ ნამდვილად არ სცოდნია, რომ თურმე წყლის გადასახადი უნდა დაეფარა ხოლმე.
ინგლისელი მსახიობი ცოტა ხნის წინ პოდკასტერ ჯეი შეტისთან იყო სტუმრად, სადაც ზრდასრულობის სირთულეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბაზისო უნარებიც კი არ ჰქონდა მაშინ, როცა ცხოვრებას მარტო შეუდგა.
"გზადაგზა ბევრი რამის სწავლა მომიწია. წყლის გადასახადის დაფარვა, კეთილმოწყობის მოსაკრებლის გადახდა, ნარჩენების დახარისხება და სხვა დანარჩენი, რასაც სკოლაში არ გასწავლიან", — ამბობს ჰოლანდი, — "ჩემი აზრით, სკოლაში უნდა იყოს საგანი 'ცხოვრება', რომელიც გასწავლის, მაგალითად, გარეცხვას, საბაზისო კულინარიას. მე ისიც კი არ ვიცოდი, რომ წყლის გადასახადი უნდა დამეფარა ხოლმე. მეგონა, წყალი თავისით ჩნდებოდა და პირდაპირ ონკანიდან მოდიოდა. მერე უნებლიეთ წყლის საფასურის გადახდის ვადას გადავაცილე. არ იდარდოთ, ახლა უკვე გადახდილი მაქვს დავალიანება".
ამავე პოდკასტში მსახიობმა ღიად ისაუბრა თავის მენტალურ მდგომარეობაზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულის შესახებ. ჰოლანდის თქმით, ალკოჰოლზე უარის თქმაში მისი პარტნიორი ზენდეია ძალიან დაეხმარა, დღეს კი თავს უკვე ბევრად უკეთ გრძნობს.
"მას შემდეგ, რაც ალკოჰოლს აღარ ვსვამ, უკეთ მძინავს და პრობლემებსაც უკეთ ვაგვარებ", — აღნიშნა ტომმა, — "რაღაცებს, რაც აქამდე გადასაღებ მოედანზე ხელს შემიშლიდა, ახლა უკეთ ვუმკლავდები. თავს უფრო ჯანსაღად და კარგად ვგრძნობ".
ვაღიარებ, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებული ვიყავი — ტომ ჰოლანდი
ჰოლანდის ამ დროისთვის ბოლო პროექტი თრილერის ჟანრის სერიალი The Crowded Room არის. დენიელ კიზის ბესტსელერის, ბილი მილიგანის მრავალი გონების, მიხედვით გადაღებული სერიალის ჩვენება Apple TV+-ზე ივნისში დაიწყო. თუმცა, მსახიობის თქმით, ამ როლმა ისე დაღალა, რომ ერთწლიანი პაუზის აღება და მსახიობობისთვის დროებით თავის დანებება გადაწყვიტა.