სცენარისტებთან ერთად ჰოლივუდში მსახიობებიც გაიფიცნენ

სცენარისტებთან ერთად ჰოლივუდში მსახიობებიც გაიფიცნენ

სცენარისტების პროტესტს ჰოლივუდში უკვე მსახიობებიც შეუერთდნენ. ამერიკის სცენარისტთა გილდიის გაფიცვა აშშ-ში 2 მაისს დაიწყო და ორი თვეა გრძელდება. სცენარისტები შრომითი უფლებების გაუმჯობესებას ითხოვდნენ, მსახიობები კი მათ ახალი მოთხოვნებით შეუერთდნენ.

გაფიცულების მთავარი მოთხოვნაა, რომ საბაზისო ხელფასი და ციფრულ პლატფორმებზე მათი ფილმების ჩვენების ანაზღაურება გაიზარდოს. გარდა ამისა, გაფიცული მსახიობები იმის გარანტიებს ითხოვენ, რომ სამომავლოდ, ხელოვნური ინტელექტი და კომპიუტერით გენერირებული ხმა და სახე ფილმებში მათ ჩასანაცვლებლად არ იქნება გამოყენებული.

სანამ გაფიცვა გრძელდება, მსახიობებს ფილმებში მონაწილეობა და უკვე გადაღებული ფილმების პოპულარიზაცია არ შეუძლიათ. კილიან მერფი, მეთ დეიმონი და ემილი ბლანტი Oppenheimer-ის პრემიერაზე იმყოფებოდნენ, როცა გაფიცვა დაიწყო. მსახიობებმა კინოთეატრი მალევე დატოვეს და გაფიცულებს შეუერთდნენ.

ამ ეტაპზე გაფიცულთა რაოდენობა დაახლოებით 160 ათასია. იმ პროექტებზე მუშაობა კი, რომლებშიც გაფიცული სცენარისტები და მსახიობები იყვნენ ჩართული, გაურკვეველი დროით გადაიდო.