კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" დამფუძნებლებმა შესაძლოა, სულ სხვა პიროვნებით ჩაანაცვლონ იაშვილის კლინიკის თურქი ხელმძღვანელი თექინ ათიკი, რომელმაც მინისტრ დავით სერგენკოს სიტყვით, „კრაზანების ბუდედ გადააქცია საავადმყოფო“. ეს ის თექინ ათიკია, რომელიც იაშვილის კლინიკის მედპერსონალს ნასვამ მდგომარეობაში არაერთხელ ჰყავდა შემჩნეული. უფრო მეტიც, ექიმები მას ფიზიკურ შეურაცხყოფასა და კაბინეტებსა თუ პალატებში ხატების ჩამოხსნაში ადანაშაულებდნენ. თავის მხრივ, თურქი ინვესტორი აცხადებს, რომ ხატების ჩამოხსნის გადაწყვეტილება სტამბოლში იყო მიღებული.
საზოგადოებას კარგად ახსოვს დავით სერგეენკოს პრინციპული საუბარი თექინ ათიკთან. მინისტრმა მას პირდაპირ აუხსნა, რომ მასთან თანამშრომლობა არ გამოვიდოდა, რადგან მან სულ რამდენიმე დღეში სამედიცინო პროცესის პარალიზება მოახდინა, გადაიმტერა მთელი პერსონალი და ისინი კლინიკის ეზოში საპროტესტოდ გაიყვანა.
ახლახანს კი ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" დამფუძნებლებს შეხვდა. შეხვედრა თურქი ინვესტორის სურვილის შესაბამისად გაიმართა, გაცნობით ხასიათს ატარებდა და კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. შეხვედრას, ასევე, იაშვილის კლინიკის თურქი ხელმძღვანელი თექინ ათიკიც ესწრებოდა.
კომპანიის წარმომადგენლებმა მინისტრის პირველ მოადგილეს მათი კომპანიის მიერ თურქეთსა და სხვა ქვეყნებში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდეს, რითაც მინისტრის პირველი მოადგილე კმაყოფილი არ დარჩენილა. მან მოითხოვა, კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" წარმომადგენლებს სამინისტროსთვის ბიზნეს-გეგმა წარედგინათ, თუ რა სახის პროექტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოში.
"ვფიქრობდი, რომ ბატონი აზმი და მისი ჯგუფი გარკვეულ განმარტებებს გააკეთებდა იმ არაკორექტული და უსიამოვნო მოქმედებების შესახებ, რომელიც სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ განვითარდა. თეკინი იმპროვიზაციული მეთოდით შეეცადა ვითარების შეცვლას. ამით შეეცადა, ჩვენი ქვეყნის უმინიშვნელოვანესი ობიექტის, ბავშვთა საავადმყოფოს სრული პარალიზების გამოწვევას. ეს კიდევ უფრო უცნაურია და ბიზნეს ეთიკიდან ამოვარდნილი. მას დღემდე არ წარმოუდგენია რაიმე წარმომადგენლობითი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს მისი, როგორც ამ ბიზნეს ჯგუფის წარმომადგენლობას", - დასძინა მინისტრის მოადგილემ.
შეხვედრაზე კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა აზმი ოფლუოღლუმ ისაუბრა იმაზე, რომ რელიგიას მისი პიროვნებისთვის მნიშვნელობა არ აქვს და ამ კუთხით იგი არასდროს ხელმძღვანელობდა. ასევე, განმარტა, რომ კომპანია თექინ ათიკს მედიკოსთა ჯგუფით შეცვლის, რომლებიც იაშვილის კლინიკას უხელმძღვანელებენ. მანვე დასძინა, რომ ექიმის პროფესიის არმქონე პირის მიერ საავადმყოფოს მართვა მხოლოდ პირველ ეტაპზე იყო განსაზღვრული.
ამ ეტაპზე ირკვევა, რომ კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპს" საქართველოში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა ჯერ კიდევ არ აქვს განსაზღვრული. მისი წარმომადგენელი აზმი ოფლუოღლუ აცხადებს, რომ საქართველოში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა საჭიროების მიხედვით იქნება გამოყოფილი. თუმცა მათ მიერ შეძენილ ხუთ საავადმყოფოში ჯერ კიდევ არ ჩაუტარებიათ ხარჯთაღრიცხვა და იქ არსებული სიტუაცია არ შეუსწავლიათ.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელად როგორც ქართული (საავადმყოფოში მომუშავე სამედიცინო კადრი), ისე თურქული კადრი შეირჩევა და შერჩეული პირები საავადმყოფოს ერთობლივად უხელმძღვანელებენ.
ჩვენი ინფორმაციით, "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" წარმომადგენლებს თავად თურქეთშიც პრობლემები აქვთ და მათი გაკოტრების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ხელფასის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით აგვისტოს შუა რიცხვებში
„უნივერსალ ჯგუფის“ დირექტორის მურათ აქანის ახსნა-განმარტებაც გავრცელდა.
ამ ინფორმაციით ირკვევა, რომ აზმი ოფლუოღლუმ დაახლოებით ორი წლის წინ საავადმყოფოების ჯგუფის თავისი წილის 26 % ჰოლანდიის საპენსიო ფონდისა PGGM, IFC და კერძო ფონდის ადმინისტრაციის ADM კაპიტალისგან შექმნილ კონსორციუმს მიჰყიდა, რის შედეგადაც სამეთვალყურეო საბჭოს გამოეყო.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში 2016 წლისთვის წილების გაყიდვის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა ისე, რომ 2016 წელს არ დაელოდნენ, მიმდინარე წელსვე, ანუ დაგეგმილზე სამი წლით ადრე, გამოეყვნენ პარტნიორ ორგანიზაციას და თავიანთი წილის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს.
პარტნიორების მხრიდან მიღებული უნებლიე ნაჩქარევი გადაწყვეტილების შედეგად „უნივერსალ ჯგუფის“ ხელახალი შეფასების საჭიროება დადგა დღის წესრიგში. ამ პერიოდში კაპიტალის ზრდა იყო დაგეგმილი, თუმცა -უშედეგოდ.
ამ გარემოებებმა, განსაკუთრებით ბოლო 3-4 თვის მანძილზე, უარყოფითი გავლენა მოახდინა აღნიშნულ კომპანიაზე და ამის გამო შეიქმნა პრობლემები ხელფასების დარიგების კუთხით. თუმცა მურათ აქანი აცხადებს, რომ მათი პარტნიორების მხრიდან დაიწყო ფულადი დახმარების მიღება, რისი საშუალებითაც პრობლემა მოგვარდება.
გარდა ამისა, „უნივერსალ ჯგუფს“ სახელფასო დავა ჰქონდა თურქეთის უდიდესი საავადმყოფოს ცნობილ ექიმთან - მაჰირ თურანთან ხელფასის გადაუხდელობის გამო.
სხვათა შორის, "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" წარმომადგენელმა აზმი ოფლუოღლუმ დაადასტურა თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" ფინანსური პრობლემების შესახებ. კერძოდ, აქციების 26%-ის სხვა კომპანიის მიერ შეძენისა და მმართველობის გადაცემის თაობაზე, თუმცა ოფლუოღლუმ ისიც დასძინა, რომ მათი კომპანია წილებისა და მმართველობის დაბრუნებას ოქტომბერში გეგმავს.
"უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" შესახებ For.ge-ს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების უფროსი ლევან ფერაძე ესაუბრა.
დავით სერგეენკო ქართულ კოლექტივს მხარს უჭერს და თურქ ინვესტორს არჩევანის სრულ თავისუფლებას ანიჭებს- განახორციელოს ან არ განახორციელოს ინვესტიცია სამედიცინო სფეროში. თავად კლინიკის მედპერსონალის პოზიცია როგორია ამასთან დაკავშირებით?
- დაგიდასტურებთ, რომ დავით სერგეენკოს პოზიცია აბსოლუტურად ცალსახაა. იგი კოლექტივს მთლიანად უჭერს მხარს, რაც უპრეცედენტოა. არ მინახავს მინისტრი, რომელსაც კოლექტივისთვის ასე ცალსახად დაეჭიროს მხარი და ეს ქართული მედიცინის სერიოზული ნაწილის - პედიატრიული სექტორის მიმართ მხარდაჭერაა. ეს ადამიანები, რომლებიც თურქეთიდან საქართველოში ჩამოვიდნენ, საკმაოდ არასერიოზულად უყურებენ ამ საკითხს. მათ მიზანში არ შედის პედიატრიული საწოლებისა და რეანიმაციის განყოფილების შენარჩუნება. კერძო საუბრებში მათ დაადასტურეს, რომ დატოვებდნენ მხოლოდ იმას, რაც მომგებიანი იყო; რომ მათ არ სჭირდებოდათ ახალშობილთა რეანიმაცია, რადგან ის ბიზნესისთვის მომგებიანი არ გახლდათ. ასევე, არ სჭირდებოდათ ბავშვთა ონკოლოგია, ვინაიდან არც ის იქნებოდა ბიზნესისთვის რეალურად მომგებიანი. ეს ხალხი ვერ აცნობიერებდა მთელ იმ სიმძიმეს, რასაც აიღებდნენ საკუთარ თავზე ამ კლინიკების შესყიდვით.
თუკი "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" თურქი ხელმძღვანელი შეიცვლება, მათთან თანამშრომლობას აპირებთ?
- ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ცალსახაა. იმის მიუხედავად, მათი წარმომადგენელი შეიცვლება თუ არა, ამ ადამიანებთან არ ვითანამშრომლებთ. ჩვენ, ასევე, მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ თვითონ ამ ფირმას თურქეთში სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და რამდენიმე თვის ხელფასი არ გაუციათ იქაური ექიმებისთვის. "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" მთავარ დამფუძნებელს მოლაპარაკება ჰქონდა ჩვენი მინისტრის მოადგილესთან და დიდი იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფოს პოზიცია არ შეიცვლება. იაშვილის კლინიკის არცერთი ექიმი არ აპირებს მათთან თანამშრომლობას. ვამბობდით კიდეც, თუ ისინი შემოვლენ ჩვენს ტერიტორიაზე, ყველა ექიმი, ექთანი, სანიტარი ამ ტერიტორიას დავტოვებდით. მე მგონი, სახელმწიფოს საიმისო ბერკეტები გააჩნია და არის ისეთი მუხლიც, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტების შემთხვევაში, ხელშეკრულების ჩაშლას ითვალისწინებს. ის, რაც ახლა ხდება, მარტო ექიმებს არ ეხება, ეს მალე საქართველოს მთლიან მოსახლეობას შეეხება, რადგან გაიზრდება ბავშვთა სიკვდილიანობა, იმატებს იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც სტაციონარში ვერ მოთავსდებიან; ასევე, მოიმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომელთაც რეანიმაცია ესაჭიროებათ და ამ დროს მათ აპარატი არ ექნებათ, რომ ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარონ.
ანუ ექიმებისთვის მთავარია, რომ „უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპთან“ საერთოდ არ გქონდეთ ურთიერთობა?
- რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ არც თურქული კომპანიების და არც ინვესტორის წინააღმდეგნი. უბრალოდ, როცა ასეთ მნიშვნელოვან კლინიკებს შორის ხელშეკრულება იდება, იქ ყველა პუნქტი გათვალისწინებულ უნდა იყოს. კერძოდ, რამდენი რეანიმაციული საწოლი უნდა დარჩეს მინიმუმ ათი წლის განმავლობაში, რამდენი პედიატრიული, ქირურგიული საწოლი უნდა დარჩეს, ასევე, ათი წლით, რამდენ ხანში უნდა გაუფორმდეს კოლექტივს ხელშეკრულება, როგორი უნდა იყოს კოლექტივის ანაზღაურება. სტრატეგიული ობიექტის გასხვისებისას მკაცრი რეგულაციები უნდა იყო ჩადებული ხელშეკრულებაში.
როგორც ვიცი, სამართალდამცავები სწავლობენ, თუ რამდენად კანონიერად მოხდა იაშვილის კლინიკის გაყიდვა და საერთოდ არის თუ არა გადახდილი დაპირებული 20 მილიონი?
- დიახ, არ გადაუხდია ეს თანხა, თუმცა მას აქვს გადახდის ექვსთვიანი ვადა. ამ ექვს თვეში გადაიხდის თუ არა, კაცმა არ იცის. მათ აქვთ სერიოზული ფინანსური პრობლემები. „იუთუბიზე“ თუ შეხვალთ და აკრეფთ „უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპს“, ნახავთ, პუტინის თანხმობით როგორ ხსნიან ეს ადამიანები ჩეჩნეთში, კადიროვთან საავადმყოფოს. მოგეხსენებათ, ძალიან ხშირად ჩეჩნეთსა და გროზნოში ბევრი საწარმო ფულის გათეთრების მიზნით იხსნება. ეს თურქი წარმომადგენელიც, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სტუმრობდა, კადიროვთან ერთადაა გადაღებული.
იაშვილის კლინიკის თანამშრომლების მიმართ თუ აქვს თურქ ინვესტორს დავალიანება?
- იაშვილის კლინიკის ექიმებთან სახელფასო დავალიანება პრაქტიკულად არ აქვს. თურქი ხელმძღვანელი თექინ ათიკი მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში ჩაერია მენეჯმენტში და ძალიან სავალალოდ ჩაერია. თორემ მანამდე ძველი მენეჯმენტი მართავდა.
მას საექიმო განათლება არ ჰქონია, რაც საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია, რადგან კლინიკის ხელმძღვანელი პროფესიით ექიმი უნდა იყოს.
- არათუ სამედიცინო განათლება… ბოდიში, მაგრამ ეს კაცი კვირების განმავლობაში ნასვამ მდგომარეობაში დადიოდა. ბოლოს როცა მოვიდა, დებოში ატეხა და წითელი ღვინით ჩამოწუწული პერანგით დადიოდა კლინიკაში. ყველას გვასწავლა თურქული გინება, რადგან გინებით დადიოდა იმ სართულზე. არ მინდა ყველაფერი ხატებისა და ჯვრების აკრძალვის ამბავამდე დავიდეს, რადგან ამის შესახებ პირადად მე არაფერი გამიგია, მაგრამ მე ვნახე ეს ადამიანი კომპიუტერის დამტვრევისას, ეჯაჯგურებოდა ჩვენს ექიმებს და უხამს წინადადებას სთავაზობდა მანდილოსნებს.
წინმსწრებად თუ ფლობთ ინფორმაციას, რომ იაშვილის კლინიკას შესაძლოა ახალი ინვესტორი გამოუჩნდეს?
- ამის დიდი იმედი მაქვს, თუმცა ვვარაუდობ, რომ ეს კლინიკები შესაძლოა, სახელმწიფომ დაიტოვოს, როგორც მნიშვნელოვანი ობიექტები. აქ იძენენ სტუდენტები განათლებას, აქ ხდება დიპლომის შემდგომი განათლების მიღება, მოწინავე სამედიცინო აზრის ფორმირება. ეს არ არის სუპერმარკეტი, რომელიც შეიძლება ერთმა იყიდოს და მეორემ გაყიდოს და პროფილი შეუცვალოს. მარტო 20 მილიონი კლინიკის ყიდვა ჯდებოდა და ეს არ იყო ინვესტიცია. ამის შემდეგ რამდენ ინვესტიციას ჩადებდა, ეს არავინ იცოდა.
თუ აქამდე თურქებს არ წარმოუდგენიათ არანაირი წარმომადგენლობითი დოკუმენტი, როგორ მოგვევლინენ ინვესტორებად? მით უფრო, ხელმძღვანელად ისეთი პირი როგორ დანიშნეს, რომელსაც საექიმო განათლება არ აქვს მიღებული?
- პირველსავე ადამიანს მიჰყიდეს ეს კლინიკები, რადგან ფორსმაჟორულ მდგომარეობაში იყვნენ; ოღონდ სასწრაფოდ მოეშორებინათ, სანამ ძიება დასრულდებოდა და დაუმტკიცებდნენ, თუ რამდენად „წესიერი“ მყიდველები იყვნენ, მოიშორეს.
შეგახსენებთ, იაშვილისა და ციციშვილის სახელობის კლინიკების, პედიატრიის, ალერგოლოგიისა და რევმატოლოგიის ცენტრის, ქალთა სამედიცინო ცენტრისა და ბათუმის ქალთა და ბავშვთა რესპუბლიკური ცენტრის პრივატიზაცია ძველი ხელისუფლების დროს განხორციელდა და აღნიშნული ხუთი სამკურნალო დაწესებულება ”ავანტე ჰოსპიტალ მენეჯმენტ გრუპმა” შეიძინა, მოგვიანებით კი ამ კომპანიამ ქონება ”უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპს” მიჰყიდა. გარიგების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, როგორც თავად ამბობს, არაფერი იცოდა.