მსახიობი ტომ ჰოლანდის თქმით, სიფხიზლე საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც კი ცხოვრებაში მიუღია. მისი თქმით, ახალი წლის პერიოდში აღმოაჩინა, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო, რის შემდეგაც გადაწყვიტა, რომ დალევას შეწყვეტდა და იანვრიდან ასეც მოიქცა.
"ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, ის იყო, რამდენად მინდოდა დალევა. ამან ძალიან შემაშინა და იმაზე დამაფიქრა, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა", — აღნიშნავს ჰოლანდი.
მსახიობმა გადაწყვიტა ფხიზლად თებერვალშიც დარჩენილიყო, თუმცა ინგლისში არსებულ დალევის კულტურის ფონზე ეს რთული აღმოჩნდა.
"ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სოციალური ცხოვრების ქონა არ შემეძლო — ვერ მივდიოდი პაბებსა და ბარებში, ვერ გავდიოდი სადილად რესტორანში, რადგან ეს დალევის სურვილს მიჩენდა. ძალიან ცუდად ვიყავი", — ამბობს მსახიობი.
ტომი ჰყვება, რომ ხედავდა, როგორ ჰყავდა ალკოჰოლს "დამონებული" და ამის გამო საკუთარ თავს ახალ გამოწვევებს სთავაზობდა, მაგალითად, გადაწყვიტა, სასმლის გარეშე თავის დაბადების დღემდე, 1 ივნისამდე გაეძლო. ივნისისთვის კი თავს უკვე უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა.
ჰოლანდის თქით, არ ცდილობს თავისი პრობლემები დამალოს და აღიარებს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო. მსახიობი საუბრობს იმაზეც, თუ რა სასიკეთო ცვლილებები გამოიწვია მასში ალკოჰოლზე უარის თქმამ. ტომი იმასაც ამბობს, რომ ამ პერიოდში მისი შეყვარებული ზენდეია მხარს ძალიან უჭერდა და ცხოვრებაში მისნაირი ადამიანის ყოლის გამო ძალიან მადლიერია.
"მას შემდეგ, რაც ალკოჰოლს აღარ ვსვამ, უკეთ მძინავს და პრობლემებსაც უკეთ ვაგვარებ. რაღაცებს, რაც აქამდე გადასაღებ მოედანზე ხელს შემიშლიდა, ახლა უკეთ ვუმკლავდები. თავს უფრო ჯანსაღად და კარგად ვგრძნობ", — აღნიშნავს ტომი.
ტომ ჰოლანდმა ბოლო პროექტის, The Crowded Room-ის, შემდეგ მსახიობობას თავი 1 წლით დაანება, რათა მენტალურ ჯანმრთელობაზე ეზრუნა. მისი შესვენებიდან ახლა მეცხრე თვე გადის. სერიალი დენიელ კიზის ცნობილი წიგნის, ბილი მილიგანის მრავალი გონების, შთაგონებით შეიქმნა. ჰოლანდის პერსონაჟის, დენი სალივანის, პროტოტიპი სწორედ ბილი მილიგანია. ბილი ამტკიცებდა, რომ მის სხეულში 24 ალტერნატიული პიროვნება ცხოვრობდა, ბოლოს კი იდენტობის დისოციაციური აშლილობის გამო უდანაშაულოდაც ცნეს.