2003 წლის მერე, თელავში ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ თითქმის მთელი ქალაქი და არა მარტო ქალაქი, ზურაბ ადეიშვილმა მიისაკუთრა. ამაზე თელაველები, ჩუმად, მხოლოდ შინაურებთან ჩურჩულებდნენ, ხმამაღლა თქმას კი ვერ ბედავდნენ. რატომ? - იმიტომ, რომ დღესაც ბევრს ახსოვს ძმებ ადეიშვილების მიერ დაგეგმილი არაერთი სპეცოპერაცია...
კახეთში, პეტრე ცისკარიშვილის გუბერნატორობის დროს, პეტრეს მოადგილე ზურაბ ადეიშვილის ძმა, დათო ადეიშვილი იყო. ძალაუფლება რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, ადეიშვილების კლანს ეკუთვნოდა და ბიჭებიც „მისაღებს იღებდნენ“...
ძმების მიერ დაგეგმილ-ორგანიზებული ოპერაციებიდან ყველაზე რეზონანსული თელაველი ბიზნესმენისთვის, შოთა დემინაშვილისთვის (იგივე „ლეკი“) გაზგასამართი სადგურების ქსელის „დაწერება“ იყო. ამ თემას თელავში დიდი ხნით განიხილავდნენ... როგორც მაშინდელ პროკურატურას სჩვეოდა, სადღაც „ჟანგიანი ავტომატიც“ უპოვეს და „დამნაშავეებსაც“ ბრალი წარუდგინეს...
ეს მხოლოდ დასაწყისი იყო...
თელავში დღეს უკვე აღარ ეშინიათ ერთ დროს ძლევამოსილი ძმების და ამიტომაც, ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი, რომ ადეიშვილების ქონებას დასასრული არ უჩანს და მთელი ეს მონაგარი მათი უახლოესი მეგობრის, თელაველი ვანო კევლიშვილის სახელზეა.
ეს ის ვანო კევლიშვილია, რომლის სახლშიც, წლების განმავლობაში, თითქმის ოჯახის წევრივით ცხოვრობდა ჯერ გენპროკურორის, შემდეგ, იუსტიციის მინისტრისა და, საერთოდ, “ნაცხელისუფლების” “რუხი კარდინალის”, ზურაბ ადეიშვილის ძმა, დავით ადეიშვილი.
ისე, არსებობდა მოლოდინი, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლება, პირველი, რასაც გააკეთებდა, ადეიშვილის დაკავება იქნებოდა. სხვათა შორის, ადეიშვილი, პრაქტიკულად, ერთადერთი “ნაციონალია”, რომელიც საქართველოდან არჩევნების შედეგების ოფიციალურ გამოცხადებამდე გაიქცა, თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, ის “ინტერპოლის” წითელი ცირკულარით არ იძებნება. ეს კი, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც “საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი” იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ექსტრადიციისა და პასუხისგებაში მიცემის საკითხით დაინტერესდა, თუმცა შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ “ინტერპოლის” ძებნილთა სიაში ადეიშვილი საქართველოს სამართალდამცველების მიერ, ექსტრადიციისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, არ იძებნება. მოგვიანებით, მთავარმა პროკურატურამ განმარტა, “ინტერპოლის” ბიურომ პროცედურული სხვადასხვა სახის დოკუმენტები მოითხოვა, გადავუგზავნეთ, თუმცა დამატებით კიდევ მოითხოვა სხვა საბუთებიო. ჩვენში დარჩეს და, მთავარი პროკურატურის ამ განმარტებიდან, ალბათ, ლოგოპედიც ვერაფერს გაიგებს...
პარალელურად, ქართული საინფორმაციო სააგენტო “ფრონტნიუსი”, სანდო წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ადეიშვილი უნგრეთის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა. “ადეიშვილმა უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და ამჟამად იქ ორსართულიან სახლში ცხოვრობს. იუსტიციის ექსმინისტრის ადვოკატი გოჩა სვანაძე მსგავს ინფორმაციას არ ფლობს და ეჭვობს, ამის შესახებ ადეიშვილის ოჯახმა იცოდეს რამე. „ნამდვილად არაფერი ვიცი და არ მგონია, ოჯახმა იცოდეს, ვერაფერს გეტყვით“, - განუცხადა „ფრონტნიუსს” სვანაძემ.
მოკლედ, დავუბრუნდეთ ადეიშვილების თელავურ “საგმირო საქმეებს”. თელაველთა მეხსიერებაში ვანო კევლიშვილის ოჯახის საკუთრებაში მხოლოდ ერთი, ე.წ. “თუთების” ბენზინგასამართი სადგური იყო, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ კი...
კევლიშვილის ქონების ზრდა მისი საგადასახადოს უფროსის მოადგილედ დანიშვნისთანავე დაიწყო...
დღეს თელავში ვანო კევლიშვილს ადეიშვილის აზნაურის მეტსახელით მოიხსენიებენ.
“აზნაურის” ქონების „დავთარი“ კი, დაახლოებით, ასე გამოიყურება:
1. 1 ლარად ნაყიდი რესტორანი დასასვენებელ პარკ „ნადიკვარზე“.
2. 100 ათას ლარად შეძენილი თელავის კულტურის სახლი, იგივე ძველი თეატრი, რომელიც ქალაქის რეაბილიტაციამ შეიწირა (მის ადგილზე დღეს იუსტიციის სახლი დგას).
3. ჰექტრობით ვენახები და სახნავ-სათესი მიწები.
4. რამდენიმე სავაჭრო ფართი თელავის ცენტრში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე (ამჟამად გაქირავებულია).
5. ძველი საგადასახადოს შენობა თელავის №2 ე.წ. ატეკის მიმდებარე ტერიტორიაზე.
6. „ხაზინა ბანკის“ ყოფილი შენობა თელავის ცენტრში, ერეკლე მეფის ძეგლის მოპირდაპირედ.
7. სავაჭრო ობიექტები თელავის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
8. ბენზინგასამართი სადგური „თუთები”.
9. მშენებარე სავაჭრო ცენტრი ქუთაისის ქუჩაზე.
10. საოჯახო ტიპის ახლადგახსნილი სასტუმრო თეთრიანის ქუჩაზე.
11. სამსათულიანი სახლი სამხედრო ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე...
მოკლედ, ეს აზნაურ კევლიშვილის ქონების არასრული ჩამონათვალია...
თელავში ხუმრობენ: „ბატონობა რომ გადავარდა, მაშინ აზნაურებსაც ჩამოართვეს ქონება და ეს ჩვენი „ადეს აზნაური“ რა ჭკვიანი აღმოჩნდა, ქონება კი არ ჩამოართვეს, აქეთ მიაქირავა „ქართულ ოცნებას“ მიტაცებული „ხაზინა ბანკის“ შენობა საოფისედ...”
ხუმრობა იქით იყოს და, თელავში ყველამ იცის, რომ ვანო მთელი ცხოვრება ერთი ხელმოცარული კაცი იყო და „უფხობის“ გამო, ბავშვობაში მეტსახელად „ბლეყვიც“ შეარქვეს. თელაველები ვანოს „ფხიანობას“ ვერც ახლა იჯერებენ და ამიტომაც ისევ „ბლეყვად“ მოიხსენიებენ, თუმცა ქალაქში იმასაც ამბობენ, ზოგჯერ სხვისი (ადეიშვილის) „ფხიანობითაც“ შეიძლება სარგებლის მიღებაო...
ასეა თუ ისე, ადეიშვილი დღეს, როგორც ამბობენ, უნგრეთის პრეზიდენტის მრჩეველია, მისმა “აზნაურმა” კი, თელავში ერთ-ერთი საუკეთესო შენობა „ქართულ ოცნებას“ სარფიანად მიაქირავა.